არასტაბილური გარემო ხელს გვიშლის, რომ ჩვენ დაგეგმილ სტრატეგიას გავყვეთ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან სათამაშოების ბრენდი „ჩიკატაის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა თამარა ბუიღლიშვილმა განაცხადა.
„ქვეყანაში გაზაფხულზე განვითარებული მოვლენები ჩვენი ბრენდის გაყიდვებზე აისახა, რადგან ჩვენი პროდუქციის მომხმარებლები ძირითადად ტურისტები არიან. ამ კუთხით, გვიჭირს ხარჯების გათვლა მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა“, - განაცხადა მეწარმემ.
ამასთან, ბრენდი „ჩიკატაის“ დამფუძნებელი ერთ-ერთ გამოწვევად ადგილობრივ ბაზარზე სათამაშოების დასამზადებლად საჭირო მაღალი ხარისხის ნედლეულს ასახელებს.
„სათამაშოების დასამზადებლად საჭირო ნაჭერი და შიგთავსი შემოგვაქვს თურქეთიდან. ამის მიზეზია, ის რომ ადგილობრივ ბაზარზე სერტიფიცირებული ნაჭერი და სინთეტიკური ბამბა არ შემოდის, ამიტომ გვიწევს ამ ყველაფრის იმპორტი. შესაბამისად ეს ისეთი გამოწვევაა, რომლის გავლენითაც ფასები იცვლება და იზრდება. ადგილობრივ ბაზარზე რომ სერტიფიცირებული ნაჭრის ყიდვის შესაძლებლობა გვქონდეს, ჩვენს ბიზნეს-საქმიანობას ბევრად გაამარტივებდა.
ასევე, ექსპორტის კუთხით, გამოწვევაა ტვირთის ტრანსპორტირების მაღალი ტარიფები. დიდი შეკვეთების შემთხვევაში უცხოურ ბრენდს ძალიან უნდა უნდოდეს „ჩიკატაის“ ნაწარმის შესყიდვა, რადგან ექსპორტირების ტანხა იმაზე მეტია ხოლმე ვიდრე პროდუქტის ფასი“,- განაცხადა „ჩიკატაის“ დამფუძნებელმა.
მეწარმის შეფასებით, ეს გამოწვევები ბიზნესის განვითარებას აფერხებს.
„ჩიკატაი“ 14 დასახელების სათამაშოს აწარმოებს. მიმდინარე წელს დაემატა „ჩიკატაი ჰოუმ“-ის ხაზი. კერძოდ, სახლის აქსესუარები და დეკორი, და ეს პროდუქცია ბრენდის შოურუმშია ხელმისაწვდომი. თბილისში მდებარე „ჩიკატაის“ სახელოსნოსა და შოურუმში 5 ადამიანია დასაქმებული. ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია მუსიკალური საკიდები და მუსიკალური ჟირაფი. სათამაშოების ფასები 85 ლარიდან 210 ლარამდეა.
უახლესი
3 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება