პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთი თვის განმავლობაში ქართული პროტოკოლი და გაიდლაინი შემუშავდება.
მისივე თქმით, აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვებთან დაკავშირებულ პროტოკოლზე მუშაობა რთული პროცესია.
„პროტოკოლზე მუშაობა არის რთული პროცესი, შესაჯერებელი პროცესი. მითუმეტეს, როდესაც საქმე ახალ მედიკამენტს ეხება და მოგეხსენებათ არცერთ ქვეყანას გაიდლაინში ეს მედიკამენტი შეყვანილიც კი არ აქვს, რაც ამ ჯგუფის მუშაობას ართულებს. მიუხედავად ამისა, დღეს გაფართოებულ თათბირზე, სადაც ძალიან ბევრი ექიმი, უამრავი დაწესებულების წარმომადგენელი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, პარლამენტი, სამინისტრო, ყველა ჩართულები ვიყავით და შევჯერდით, რომ ალბათ, ერთი თვის განმავლობაში ქართული პროტოკოლი და გაიდლაინი შემუშავდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს ესა თუ ის რეკომენდაციები მივიღოთ. საერთაშორისო აზრი და გაიდლაინები გათვალისწინებული იქნება”, - აღნიშნა ლომინაძემ.
მისივე თქმით, ჯერჯერობით არცერთ ქვეყანას გაიდლაინში მედიკამენტი ვოსორიტიდი ამ დასახელებით და დოზირებით არ უდევს.
შეგახსენებთ, რომ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლები უკვე რამდენიმე კვირა ჯერ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ახლა უკვე მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციას მართავენ. ისინი პრეპარატ Voxzogo-ს შემოტანას ითხოვენ.
უახლესი
3 საათის წინ
„პეისერა ბანკი საქართველო“ 46 000 ლარით დაჯარიმდა