დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა რეკორდულ მაჩვენებელზეა

მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა რეკორდულ მაჩვენებელზეა

13-01-2025 16:00:00

მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა იზრდება.  2024 წლის დეკემბრის ბოლოსთვის მისმა მოცულობამ 6 617,0 მლნ ლარი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოემბერთან შედარებით მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 5,5%-ითაა გაზრდილი, ხოლო წლიურ ჭრილში 20,2%-იანი ზრდაა.

სებ-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ნოემბერში მიმოქცევაში არსებული    ნაღდი ფულის მასა 6 272,4 მნ ლარი იყო, ხოლო 2023 წლის დეკემბრის ბოლოსთვის კი 5 934,1 მლნ ლარი. 

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასამ 6 მლნ-ს 2024 წლის ივნისში გადააჭარბა.

ნოემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 179.2 მლნ ლარით შემცირდა. რეფინანსირების სესხები წინა თვესთან შედარებით 100.0 მლნ ლარით გაიზარდა. ერთდღიანი სესხის ნაშთი 275.0 მლნ ლარით შემცირდა. ნოემბერში, განთავსდა 20.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერთიფიკატი და დაიფარა 20 მლნ ლარის ნომინალური მოცულობის სადეპოზიტო სერთიფიკატები. მეორად ბაზარზე სახაზინო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა არ ყოფილა. მთლიანობაში, ნოემბერში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა 165.1 მლნ ლარით შემცირდა და პერიოდის ბოლოსთვის, 6,620.7 მლნ ლარს გაუტოლდა. ნოემბერში ფართო ფულის (M3) მოცულობა თვიურად 235.5 მლნ ლარით გაიზარდა, მეტწილად უცხოური ვალუტის დეპოზიტების ზრდის გავლენით. რაც შეეხება M2 აგრეგატს, მისი მოცულობა 314.1 მლრდ ლარით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირება და ქვეყნის ეკონომიკის ლარის ბანკნოტებით და მონეტებით შეუფერხებელი უზრუნველყოფაა. ამ ფუნქციას საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკების მეშვეობით ახორციელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე ნაღდი ფულის გაცემა ხდება შეუზღუდავად, მათ საკორესპონდენტო ანგარიშზე არსებული თანხების ფარგლებში. კომერციულ ბანკებზე გაიცემა მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფორმირებული ნაღდი ფული.

საქართველოს ეროვნული ბანკი ქვეყანაში ნაღდი ფულის მიმოქცევის რეგულირებას ახორციელებს ნაღდი ფულის მართვის კლასიკური (ცენტრალიზებული) მოდელით, რაც გულისხმობს პირადი და უშუალო პასუხისმგებლობის შენარჩუნებას ფულის ნიშნების დამზადების, მიმოქცევის და განადგურების ყველა ასპექტის მართვა.

ფულის მიმოქცევის რეგულირების თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნული ბანკი პერმანენტულად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმოქცევისათვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად და მისი პოპულარიზაციის მიმართებით, ნაღდი ანგარიშსწორების სფეროს სრულყოფისა და ამ სფეროში ნორმატიული ბაზის დახვეწა-სრულყოფის, მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ფულის ნიშნების ხარისხის ამაღლებისა და ასევე კომპეტენციის ფარგლებში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართებით.

2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება დამრგვალების პრინციპით (უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება უცვლელად, ერთი თეთრის სიზუსტით).

კერძოდ, ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას დამრგვალების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც ერთეული პროდუქტის/მომსახურების ფასი ან რამდენიმე პროდუქტის/მომსახურების ჯამური ღირებულება 0-ზე ან 5-ზე არ მთავრდება.

ამ შემთხვევაში, ფასის დამრგვალება მოხდება მეტობით ან ნაკლებობით უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე შემდეგი პრინციპით:

1 და 2 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 0-მდე;
3 და 4 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით 5-მდე;
6 და 7 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება ნაკლებობით 5-მდე;
8 და 9 თეთრზე დამთავრებული გადასახდელი თანხა მრგვალდება მეტობით შესაბამის ათეულამდე.
კანონით გათვალისწინებული დამრგვალების პრინციპი ვრცელდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორების პროცესში როგორც ერთეული, ასევე რამდენიმე პროდუქტის ან მომსახურების ჯამურ ღირებულებაზე და აღნიშნული არ გულისხმობს თითოეულ პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ცვლილებას. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები