დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფოლადის ინდუსტრია კრიზისშია - მსოფლიოში მეტალურგიული ქარხნები იხურება

ფოლადის ინდუსტრია კრიზისშია - მსოფლიოში მეტალურგიული ქარხნები იხურება

05-11-2024 19:00:00

მსოფლიო ფოლადის ინდუსტრია, რომელიც ინფრასტრუქტურისა და წარმოების ფუნდამენტია, უპრეცედენტო კრიზისს განიცდის, რომელიც ელექტრო ენერგიაზე ფასების ზრდით, პროდუქციაზე შემცირებული მოთხოვნითა და გარემოსდაცვითი ზეწოლითაა გამოწვეული.

კრიზისის ფონზე, უკვე დაიხურა ფოლადის მწარმოებელი ქარხნები მსოფლიოში, რამაც ფოლადის ბაზრების სტაბილურობის საფრთხე მთელს მსოფლიოში გააჩინა.

ევროკავშირის ქვეყნებში, ბოლო ოთხ წელიწადში, ფოლადის ინდუსტრიაში 1 მილიონ ადამიანზე მეტმა დაკარგა სამუშაო ადგილი. Eurostat-ის მონაცემების თანახმად, 2019 წლის ბოლოდან მეტალურგიულ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 853,000-ით შემცირდა, რაც რეგიონის დეინდუსტრიალიზაციის დაჩქარებულ ტენდენციაზე მიანიშნებს.

ყველაზე მეტად დაზარალდა პოლონეთი, სადაც სამუშაო ადგილების რაოდენობა 278,000-ით შემცირდა, მეორეა რუმინეთი, სადაც სამუსაო ადგილები - 144,000-ით, ხოლო გერმანიაში - 129,000-ით შემცირდა. მუშახელის პროცენტული დანაკარგების მიხედვით, ხორვატია და სლოვენია თავიანთი მუშახელის 14%-ს დაემშვიდობნენ, რითაც გადაასწრეს ბულგარეთს (13%) და ჩეხეთის რესპუბლიკას (11%).

დეინდუსტრიალიზაციის პროცესი აჩენს კითხვებს ევროპული ინდუსტრიის მდგრადობასა და კონკურენტუნარიანობაზე გლობალური ეკონომიკური ცვლილებების ფონზე.

მოთხოვნის შემცირება და ეკონომიკური დაღმასვლა

ფოლადის მოხმარება მჭიდროდ არის დაკავშირებული ძირითად ინდუსტრიებთან, მათ შორის სამშენებლოსა და ავტო ინდუსტრიასთან. თუმცა, ორივე სექტორი საკუთარი ეკონომიკური სირთულეების წინაშე დგას.

სამშენებლო ინდუსტრიაში პროექტების შეჩერება და შეფერხებები შეინიშნება მაღალი საპროცენტო განაკვეთების, შემცირებული კაპიტალური ინვესტიციისა და მატერიალური ხარჯების ზრდის გამო, რაც ფოლადზე მოთხოვნის შემცირებას იწვევს.

ამასთან, ავტომობილის ინდუსტრია გლობალური მიწოდების ჯაჭვის დეფიციტითა და შემცირებული წარმოებით არის განპირობებული, რაც ფოლადის სექტორის სირთულეებს აუარესებს.

მაგალითად, ჩინეთმა, რომელიც მსოფლიო ფოლადის წარმოებისა და მოხმარების 50%-ზე მეტს შეადგენს, მეტალურგიულ პროდუქტებზე მოთხოვნა მკვეთრად შეამცირა.  ქვეყანაში არსებული უძრავი ქონების კრიზისი კი დამატებით ზეწოლას ახდენს ფოლადის მწარმოებლებზე.

მიმდინარე კვირაში, ავტომობილების მწარმოებელმა ფოლკსვაგენმა (Volkswagen) რამდენიმე გერმანული ქარხნის დახურვისა და წარმოების მასშტაბების შემცირების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ათასობით ადამიანის უმუშევრობა გამოიწვია, რაც მჭიდროდაა დაკავშირებული ფოლადის ინდუსტრიის წინაშე მდგარ გამოწვევებთან.

ორივე ინდუსტრია უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის ელექტრო ენერგიის ფასების ზრდის, ეკონომიკური ვარდნისა და უფრო მწვანე, მდგრადი პრაქტიკისკენ გადახრის გამო.

თუ ძირითადი ავტომწარმოებლები შეამცირებენ ან დახურავენ თავიანთ ქარხნებს, ეს, სავარაუდოდ, ფოლადის მოთხოვნის შემცირებას გამოიწვევს, რაც დამატებით ზეწოლას მოახდენს ფოლადის ინდუსტრიაზე. შესაძლოა მოხდეს ფართომასშტაბიანი შემცირებები და გათავისუფლებები ორივე სექტორში, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლებიც ძლიერად არიან დამოკიდებული ინდუსტრიაზე. ეს უკუკავშირის ეფექტი აუარესებს კრიზისს ორივე სექტორში და ქმნის დაბალი მოთხოვნისა და მაღალი ხარჯების ციკლს.

 გლობალური გავლენა და პოტენციური გადაწყვეტილებები

მიმდინარე კრიზისმა დააჩქარა დისკუსიები სახელმწიფო ჩარევის საჭიროებაზე. ევროკავშირის, აშშ-სა და აზიის პოლიტიკის შემმუშავებლები აფასებენ სუბსიდიების, საგადასახადო შეღავათებისა და სხვა ზომების აუცილებლობას, ინდუსტრიის სტაბილიზაციისა და მწვანე წარმოების მიმართულებით გადასვლის მხარდასაჭერად. ზოგიერთი ქვეყანა ასევე განიხილავს ვაჭრობის შეზღუდვებს ადგილობრივი მწარმოებლების გლობალური ზეწოლისგან დასაცავად.

მას შემდეგ, რაც ფოლადის ინდუსტრია ყველაზე სერიოზულ კრიზისს გადის, შედეგი, სავარაუდოდ, განსაზღვრავს გლობალური ინფრასტრუქტურის, წარმოებისა და გარემოსდაცვითი პრაქტიკის მომავალს მომდევნო წლებში. ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, შეძლებს თუ არა ინდუსტრია საკმარისად სწრაფად ადაპტაციასა და ევოლუციას ამ ზეწოლების პირისპირ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები