„წისქვილი ბაზარი“ თბილისში ახალი ფილიალების გახსნას გეგმავს, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა გიორგი ქაშიბაძემ განუცხადა.
მისი თქმით „წისქვილი ბაზარის“ ცნობადობა თვიდან-თვემდე იზრდება, ასევე მზარდია პროდუქციაზე მოთხოვნა და გაყიდვები.
„მეორე ფილიალი რაც გავხსენით თვიდან-თვემდე ვიზრდებით. ორივე მაღაზიაში 2024 წლის ბრუნვას დადებითად შევაფასებდი. თუმცა არის რთული პერიოდებიც. სიახლეებს ვგეგმავთ, ჩვენი მიზანია ფილიალების რაოდენობა გავზარდოთ. ამ დროისთვს გაფართოებით თბილისში ვართ დაინტერესებული“, - ამბობს გიორგი ქაშიბაძე.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, მათი ძირითადი მიზანია ხარისხიანი ხილ-ბოსტნეულის, რძისა და ხორცის და ბიოპროდუქტის შესყიდვა, რომელსაც შემდეგ მომხმარებლებს შესთავაზებენ.
„ჩვენი ძირითადი მიმართულებაა რძის პროდუქტები და ხორცი, ასევე გვაქვს სხვადასხვა ასორტიმენტის ხილ-ბოსტანი. სხვა მარკეტებისგან ასორტიმენტითაც განვსხვავდებით. გვაქვს ისეთი პროდუქტები რომელსაც „2ნაბიჯში“, „ნიკორაში“ „მაგნიტსა“ და მსგავს მარკეტებში ვერ ნახავთ.
ზოგადად მომწოდებლებს პირადა ვარჩევ. ესენი არიან მცირე მეწარმეები და ფერმერები, რომელთაც ხარიხიანი პროდუქცია აქვთ. ასევე ფლობენ შესაბამის დოკუმენტაციას, რომლის თანახმადაც პროდუქცია ჯანსაღია, არ შეიცავს გმო-ს. ვყიდულობთ ბიომეურნეობა „ელკანას“ პროდუქტებს. აქცენტი გვაქვს ადგილობრივი მეწარმეების მოსავალზე. რაც შეეხება ბიოპროდუქტს, ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად აქვთ ფერმერებს. ვთანამშრომლობთ გერმანულ და იტალიელ მომწოდებლებთან, ესაა მარცვლეული, პურ-პროდუქტები, სასმელები“, - ამბობს „წისქვილი ბაზარის“ დირექტორი.
მისი თქმით, „წისქვილი ბაზარის“ სერვისი საშუალო და მაღალ სეგმენტზეა გათვლილი.
„ჩვენს ფილიალებში ფასები იგივეა, მაგრამ მომსახურება არის მაღალი ხარისხის და შესაბამისად მოთხოვნა იზრდება“, - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი.
„წისქვილი ბაზარი“ სამი წელია ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ერთი ფილიალი ვაკეშია, ხოლო მეორე 2023 წელს ავლაბარში გაიხსნა.
უახლესი