ემიგრაცია, მუშა ხელის დეფიციტი, გაზრდილი ხარჯები და რუსეთ-უკრაინის ომი - ეკონომიკის საფრთხეები pmcg
06-10-2023 14:00:58
PMC-ის კვლევითი ცენტრის „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ ბიულეტენში, რომელიც ქართველი ეკონომისტების გამოკითხვის საფუძველზე მომზადდა, საქართველოს ეკონომიკურ კლიმატზე საინტერესო მიგნებები გამოიკვეთა.
გამოკითხვის ფარგლებში ეკონომისტებმა ასევე შეაფასეს საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები.
- მუშახელის დეფიციტი საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მაღალ საფრთხედ შეაფასა გამოკითხულთა 36%- მა, ხოლო მაღალ საფრთხედ - 57%-მა.
- გარდა ამისა, გამოკითხულ ეკონომისტთა თითქმის 78%- მა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებლები მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ დაასახელა.
- გამოკითხულ ეკონომისტთა ნახევარმა (50%) ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ომი უკრაინაში მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის.
- ანალოგიურად, რესპონდენტთა 50% მიიჩნევს, რომ ცხოვრების ხარჯების ზრდა მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისთვის.
- ამავდროულად, ეკონომისტების 50% ფიქრობს, რომ ინფლაციური რისკები საერთოდ არ არის საფრთხე ან მხოლოდ დაბალ საფრთხეს წარმოადგენს.
- რესპონდენტთა 29%-მა გაცვლითი კურსის მერყეობა დაბალ საფრთხედ შეაფასა.
სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 3,5% იქნება, თუმცა ივლისის განახლებაში IMF ხაზს უსვამს გარკვეულ რისკებს.
ქართველმა ეკონომისტებმა შეაფასეს, რომელ რისკებს თვლიდნენ საფრთხედ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც, სავალუტო ფონდის პროგნოზით, 4% იქნება.
- გამოკითხულთა 64%-მა დაასახელა გეოეკონომიკური ფრაგმენტაცია, როგორც მაღალი ან ძალიან მაღალი რისკის ფაქტორი საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის.
- ამავდროულად, გამოკითხულ ეკონომისტთა 86% ფიქრობს, რომ ადგილობრივი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის შემცირება და თურქეთიდან იაფი იმპორტი ზომიერ ან მაღალ რისკს წარმოადგენს.
- 2023 წლის მესამე კვარტალში გამოკითხულ ეკონომისტთა 57% გაზრდილ ვალს საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის დაბალ რისკად აფასებს.
„საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“ პიემსი კვლევითი ცენტრის (PMC RC) პროდუქტია. ამ ბიულეტენში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით*. აღნიშნული გამოცემისთვის კვლევა ჩატარდა 2023 წლის სექტემბერში.