დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ და რა პროექტებს ახორციელებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე

ვინ და რა პროექტებს ახორციელებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე

05-06-2023 09:30:20

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული პოლიტიკის შესაბამისად, დაცული ტერიტორიების სააგენტო, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, კერძო ინვესტიციების მხარდაჭერით, აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების მიმართულებით, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დაცული ტერიტორიების სააგენტოში განუცხადეს.

დაცული ტერიტორიების დაარსება-განვითარებისა და დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების შედეგად, მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად არის ჩართული დაცული ტერიტორიების ვიზიტორებისთვის სხვადასხვა ტურისტული სერვისების მიწოდებაში, რაც იწვევს ადგილობრივების დასაქმების და ეკონომიკური შემოსავლის მნიშვნელოვან ზრდას.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ამჟამად, სხვადასხვა დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეკოტურიზმის განვითარება, როგორც სახელმწიფო მხარდაჭერით, ისე კერძო ინვესტორების მიერ, მათ შორის, შპს ეკოტურის მიერ ალგეთის ეროვნულ პარკში, კერძოდ ბირთვისის ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე, მიმდინარეობს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა: დაკიდებული ხიდები, საფეხმავლო ბილიკები, საქანელა, კედელზე საცოცი ატრაქცია, კოტეჯები და კვების ობიექტი. აგრეთვე, ბირთვისის ბუნების ძეგლამდე მისასვლელი გზის, მათ შიორის, საფეხმავლო ბილიკი მოწყობა. ინვესტიცია 2 მილიონ ლარს შეადგენს.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც განხორციელდა „წალკის კანიონის“ მასშტაბური პროექტი, რომელმაც წალკის მუნიციპალიტეტისკენ მოიზიდა ტურისტული ნაკადები. ბირთვისში მსგავსი ობიექტი დაეხმარება თეთრიწყაროს მიმართულებით ტურისტული ნაკადების გაზრდას“, - აცხადებენ სააგენტოში.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს ლაშქრობის მოყვარულებს შორის, გამოირჩევა ტურისტული მიმართულებების სიმრავლით.

დაცული ტერიტორიების სააგენტო უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს ეკოტურისტული სერვისების განვითარებას აღნიშნულ ტერიტორიაზე.

ამჟამად, შპს „მოგზაურთა ჯგუფი“ ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილში ახორციელებს 500 000 ლარის ინვესტიციას, დასასველებელი კომპლექსის მოსაწყობად, რაც მოიცავს  ნავმისადგომს, ვიზიტორთა ცენტრს, კაფეტერიას, სველ წერტილს. 

ასევე, შპს „ზეკარი“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ახორციელებს 3 მილიონი ლარის ინვესტიციას, ვიზიტორთა ცენტრის, კაფეტერიის, კოტეჯების,საკონფერენციო დარბაზის, ფანჩატურების, გამაჯანსაღებელი კომპლექსის, საჯინიბოსა და დამხმარე ნაგებობის მოწყობის მიზნით. 

შპს „ეკო კოტეჯი აბასთუმანი“, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ახორციელებს 300 000 ლარის ინვესტიციას, დასასვენებელი კომპლექსის მოწყობის მიზნით, რომელიც მოიცავს კოტეჯების, დამხმარე ნაგებობისა და ერთი კვების ობიექტის მოწყობას.

შპს „ჰარმონია“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისათვის ახორციელებს 300 000 ლარის ინვესტიციას. აღნიშნული მოიცავს კოტეჯის, ფანჩატურის და დამხმარე ნაგებობის მოწყობას. 

ოკაცეს კანიონი პირველი ტერიტორიაა საქართველოში, რომელიც კიდული ბილიკითა და გასაოცარი პანორამებით, ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურებს ვიზიტორებს.

ამჟამად, შპს „220“-ის მიერ, ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლზე მიმდინარეობს 2 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება, ჩაკიდული საფეხმავლო ხიდის,  საფეხმავლო ბილიკის, კანიონზე გადასახედის, არანაკლებ 3 ერთეული ფანჩატურის, არანაკლებ 5 ერთეული მოსასვენებელი სკამის, არანაკლებ 50 ავტომობილზე გათვლილი პარკინგისა და ზიპლაინის მოსაწყობად.

შპს „კანიონი 350“ მარტვილის მუნიციპალიტეტში, ბალდის კანიონზე, რომელიც უჩვეულოდ ლამაზ ბუნების ძეგლს წარმოადგენს მარტვილის მუნიციპალიტეტში, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით 2 800 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს,

მოეწყობა ვიზიტორთა ცენტრი, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის ატრაქციას (როლერი) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კუდული ბილიკი. მარტვილის კანიონის შემდეგ, ეს იქნება დამატებითი მიზიდულობის წერტილი ვიზიტორებისთვის, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას დატოვებს. 

შპს „ტრეკინგ ჯორჯია“ თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების ტერიტორიაზე ახორციელებს 150 000 ლარის ინვესტიციას თუშეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკების დამაკავშირებელი საფეხმავლო ბილიკების და თანმდევი საბანაკე ინფრასტრუქტურის მოწყობად.

შპს „საქანელა111" თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ ექსტრემალური ატრაქციონის მოსაწყობად 20 000 ლარის ინვესტიციას ახორციელებს. აღნიშნული ატრაქციონი მიიზიდავს ძალიან ბევრ ვიზიტორს, და იქცევა ერთ-ერთ პოპულარულ წერტილად თუშეთში მოგზაურობისას.

თბილისის ეროვნულ პარკში, რომელიც თბილისიდან 45 წუთის სავალზე მდებარეობს და ყველასათვის  უნიკალური საბადურის ტყითაა ცნობილი და წელიწადის ნებისმიერ დროს გასაოცარი სანახაობით გამოირჩევა, ფიზიკური პირი, გრიგოლ ონიანი ახორციელებს 300 000 ლარის ინვესტიციას, რაც მოიცავს კვების ობიექტის მოწყობას და შესაბამისი სერვისის შეთავაზება. 

საქართველოში, ყველაზე პოპულარულ ტერიტორიაზე, პრომეთეს მღვიმის მიმდებარედ, შპს ,,პრომეთე 250“, ახორციელებს 800 000 ლარის ინვესტიციას, ატრაქციონის (როლერი) მოწყობის მიზნით. აღნიშნული დამატებით სერვისს შესთავაზებს მღვიმის დასათვალიერებლად მოსულ ვიზიტორებს.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები