„მინდა, მოგილოცოთ უმნიშვნელოვანეს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება და მადლობა გადავუხადო ქართველ ამომრჩეველს გამოცხადებული ნდობისთვის“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, აკაკი ალადაშვილმა საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით ევროპისკენ წინსვლას.
„ყველამ ვიცით, რა მნიშვნელოვანი არჩევნები იყო. პრაქტიკულად ჩვენი ქვეყანა ყოფნა-არ ყოფნას შორის გზაგასაყარზე იდგა. მინდა, მადლობა გადავუხადო ამომრჩევლებს, რომლებიც გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებზე და მოქალაქეობრივი ვალი მოიხადეს. სწორედ ქართველმა ხალხმა მისცა ლეგიტიმაცია ამ არჩევნებს“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
საკრებულოს უმრავლესობის წევრის თქმით, ქვეყნისა და ქალაქის ინტერესებზე ზრუნვას იგი უკვე პარლამენტიდან გააგრძელებს. აკაკი ალადაშვილმა საკრებულოს წევრებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მან საკრებულოში დიდი გამოცდილება მიიღო.
„დიდი გამოცდილებით და ბევრი შეძენილი მეგობრით მივდივარ აქედან. მე ვრჩები თქვენი გუნდის წევრად და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნისთვის და ქალაქისთვის ჩვენ კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ“- განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.
უახლესი