კანონი, რომელიც საქართველოში მიკრობანკების შექმნას გულისხმობს 1-ლი ივლისიდან შევიდა ძალაში და სებ-მა "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე მიკრობანკების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები უკვე გამოსცა, რომელიც ხელმისაწვდომია საქართველოს საკანონმდებლო მაცნესა და სებ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
2024 წლის 1-ელ იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენის შემთხვევაში მას მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლისა არ უნდა ერიცხებოდეს დაგირავებული აქტივები, გარდა ლიკვიდურობის მხარდაჭერისთვის საჭირო საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ინსტრუმენტებისა.
ამ პერიოდში მიკრობანკებს ლიკვიდურობის კოეფიციენტისთვის განსხვავებული ინდივიდუალური მოთხოვნა განესაზღვრებათ.
იმ მიკრობანკს, რომლის დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების მომენტში 90 პროცენტზე მეტია, დეპოზიტების მოზიდვის უფლება არ ექნება;
იმ მიკრობანკს, რომლის დაგირავებული აქტივების სააქციო კაპიტალთან თანაფარდობის კოეფიციენტი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღების მომენტში 90 პროცენტზე ნაკლებია, დეპოზიტების მოზიდვის უფლება ექნება იმ პირობით, რომ დაგირავებული აქტივების კოეფიციენტი დეპოზიტების მოზიდვის უფლების მიღებიდან არაუგვიანეს 1 წლისა 50 პროცენტზე ნაკლები იქნება, ხოლო არაუგვიანეს 2 წლისა ნული გახდება.
2024 წლის 1 იანვრამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მისაღებად განაცხადის წარდგენისას მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 50 პროცენტისა უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან/და იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია, ხოლო მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 2 წლისა მიკრობანკი უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მოთხოვნებს.
მიკრობანკი სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირია, რომელიც ლიცენზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას.
მიკრობანკის ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან) შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70 პროცენტისა უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან/და იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია.
ამ კანონის მიზნებისთვის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი სესხების დაფარვის წყაროდ მიიჩნევა იმ შემთხვევაში, თუ ეს შემოსავალი მსესხებლის ჯამური შემოსავლის 50 პროცენტზე მეტია.
მიკრობანკი უფლებამოსილია განახორციელოს მხოლოდ შემდეგი საბანკო საქმიანობები:
ა) სესხების, გარანტიების, აკრედიტივებისა და ლიზინგის გაცემა, ფაქტორინგული ოპერაციების განხორციელება ამ კანონით დადგენილი ლიმიტის ფარგლებში;
ბ) პროცენტიანი და უპროცენტო მოთხოვნამდე და ვადიანი დეპოზიტების მოზიდვა მხოლოდ „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზღვრის ფარგლებში და ზღვრის ზემოთ, მიმდინარე ანგარიშების მომსახურება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლიკვიდურობის მოთხოვნების დაცვით, სხვა დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა პირებისგან, მათ შორის, ფიზიკური პირებისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან), ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად;
გ) საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა და მომსახურება;
დ) ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების ოპერაციების განხორციელება და საკასო-საინკასაციო მომსახურების გაწევა;
ე) საგადახდო ბარათების გამოშვება და მათი მიმოქცევის ორგანიზება;
ვ) საგადახდო მომსახურების გაწევა, საგადახდო სისტემის ოპერირება, ანგარიშსწორების აგენტის ფუნქციების შესრულება;
ზ) უპროცენტო საბანკო მომსახურების გაწევა;
თ) დერივატივის დადება, საკუთარი სახსრებით ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ აღნიშნული საქმიანობის განხორციელება საბროკერო საქმიანობის ლიცენზიას საჭიროებს;
ი) საკუთარი და თავის კლიენტთა სახსრებით უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვა;
კ) ფასეულობათა შენახვა;
ლ) ქონების იჯარით გაცემა მხოლოდ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად;
მ) ამ მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურებების გაწევა;
ნ) „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა პირის სასარგებლოდ ვირტუალური აქტივის მომსახურების გაწევა, კერძოდ, კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ურთიერთგადაცვლა (მათ შორის, თვითმომსახურების კიოსკის მეშვეობით) ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაში სხვა ვირტუალურ აქტივში ან ფინანსურ ინსტრუმენტში, გადაცემა ან/და კონვერტირებადი ვირტუალური აქტივის ან მისი გამოყენებისთვის საჭირო ინსტრუმენტის შენახვა, რაც ვირტუალური აქტივის კონტროლის საშუალებას იძლევა, და აღნიშნული მომსახურების გაწევისთვის აუცილებელი დამხმარე საქმიანობა.
მიკრობანკმა სესხი მხოლოდ ეროვნული ვალუტით უნდა გასცეს.
მიკრობანკი უფლებამოსილია სებ-ის თანხმობით დამატებით განახორციელოს საბროკერო კომპანიისთვის ნებადართული საქმიანობა „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად.
მიკრობანკის მიერ ფიზიკური პირებისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვის შემთხვევაში თითოეული ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან) მოზიდული ფულადი სახსრების ოდენობა არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათას) ლარზე ან უცხოური ვალუტით მის ეკვივალენტზე ნაკლები. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებასა და მიკრობანკის აქციონერის/დამფუძნებლის მიერ მიკრობანკზე სესხის გაცემაზე ან მის კაპიტალში შენატანის განხორციელებაზე. 100 000 (ასი ათას) ლარზე მეტი ოდენობის დაბრუნებადი ფულადი სახსრების მოზიდვა შესაძლებელია მხოლოდ საზედამხედველო კაპიტალთან შეფარდებით, შესაბამისი ზღვრის ფარგლებში, რომელიც განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით.
სალიცენზიო მოთხოვნები
საქართველოს ეროვნული ბანკი მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მისი განაღდებული კაპიტალის ოდენობა შეესაბამება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ადმინისტრატორი აკმაყოფილებს ამ კანონითა და ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
გ) მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი აკმაყოფილებს ამ კანონითა და საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
დ) მისი ჯგუფის სტრუქტურა, მფლობელობის სტრუქტურა, მმართველობის სტრუქტურა და საოპერაციო საქმიანობა/გარემო არის გამჭვირვალე, შეესაბამება სათანადო კორპორაციული მართვის სტანდარტებს, იძლევა ეფექტიანი ინდივიდუალური ან კონსოლიდირებული ზედამხედველობის განხორციელების შესაძლებლობას და საფრთხეს არ უქმნის მიკრობანკის ან/და ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და ჯანსაღ ფუნქციონირებას. თუ ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირი ან/და იურიდიული პირი სხვა ქვეყნის იურისდიქციას ექვემდებარება, საქართველოს ეროვნული ბანკი ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმის შეფასებისას ითვალისწინებს აგრეთვე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებაზე აღნიშნული ქვეყნის კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გავლენას;
ე) ბიზნესგეგმის ადეკვატურობისა და განხორციელებადობის, აგრეთვე საბანკო სექტორში მისი პოტენციური პოზიციის გათვალისწინებით მას ექნება მდგრადი ფუნქციონირების შესაძლებლობა;
ვ) მისი სათავო ოფისი (ადგილი, სადაც მიკრობანკის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების უმრავლესობა მიიღება) საქართველოს ტერიტორიაზეა და მის მიერ საბანკო საქმიანობის განსახორციელებლად დაკავებული ფართობი აკმაყოფილებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მოთხოვნებს.
2. საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება მიკრობანკის ლიცენზირების წესი და პირობები, მათ შორის, დამატებით წარსადგენი ინფორმაცია.
უახლესი