დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ვინ არის ქართველი მეწარმე, რომელმაც ლიონელ მესისთვის აბრეშუმზე დავარგებული ღვინო დაამზადა

ვინ არის ქართველი მეწარმე, რომელმაც ლიონელ მესისთვის აბრეშუმზე დავარგებული ღვინო დაამზადა

15-10-2023 13:28:08

მალე საქართველოში დამზადებულ, აბრეშუმზე დავარგებულ ბიოღვინოს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი ლიონელ მესი დააგემოვნებს.

„აბრეშუმხვიას“ ღვინო ლიონელ მესის ერთ-ერთმა გულშემატკივარმა დაუკვეთა და მალე ადრესატსაც გაუგზავნის.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას მეწარმე ლამარა ბეჟაშვილმა განაცხადა, ღვინის დავარგება ხდება განსაკუთრებული მეთოდით და „უძველესი, ქართული მონასტრული წესით".

„ამ ეტაპზე ძალიან ცოტა ღვინოს ვაწარმოებთ, რადგანაც დიდ მოცულობას ბევრი აბრეშუმი სჭირდება. რეალურად რამდენიმე ბოთლი ჩამოვასხით. ჯერ გაყიდვები არ დაგვიწყია.  ამ ეტაპზე  ერთი ბოთლი გაქვს მზად, რომელიც მომხმარებელმა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავისთვის ლიონელ მესისთვის შეგვიკვეთა“, - აცხადებს ლამარა ბეჟაშვილი.

მისვე თქმით, აბრეშუმზე დავარგებული ღვინო გაცილებით ძვირია  და არის ანტისეპტიკური.

„პანდემიამდე ჩემთან იმყოფებოდა ბელგიელი სომელიე, რომელმაც მითხრა, რომ მზადაა რა მოცულობის ღვინოსაც დავამზადებ თავის 2 მაღაზიაში გაყიდოს და თითო ბოთლში 150 დოლარს გადაიხდიდა“, -  აცხადებს ლამარა ბეჟაშვილი. 

მისვე თქმით, თავის დროზე ბიზნესი 21 აბრეშუმის ჭიით დაიწყო. 

„2015 წლიდან მცირე მეწარმე ვარ. მანამდე კი ეს საქმე, 2010 წელს აბრეშუმის ჭიის 21 კვერცხით დავიწყე, რომელიც  დღეს უკვე ბრენდია. ბევრ ადამიანს   შევასწავლე ეს საქმე. თავად 5 წლის ასაკიდან ვეხმარებოდი ბებიას აბრეშუმის მოყვანაში. 27 წელია კულტურის სახლის დირექტორი ვარ და ვარ ხალხური რეწვის ოსტატი. მეამაყება, რომ მივიწყებული დარგი მეაბრეშუმეობა აღვადგინე. გულდასმით შევისწავლე ეს დარგი, უძველესი წიგნები მოვიძიე დაასევე წინაპრებისგან გადმოცემულ ცოდნას დღეს პრაქტიკაში ვიყენებ“, - ამბობს მეწარმე.

სიღნაღის მთებს რომ მოიტოვებთ და სოფელ მაღაროს გზას გაუყვებით, აბრეშუმის სამყაროში აღმოჩნდებით და თავად გახდებით იმ პროცესის მონაწილე, რასაც აბრეშუმის მოვლა-წარმოება ეწოდება.  

სოფელ მაღაროში მცხოვრებმა ლამარა ბეჟაშვილმა ბებიისგან ნასწავლი ჭიის მოვლა-პატრონობა წლების შემდეგ ააღორძინა და წარმოებად აქცია.  21 ნაჩუქარი ჭია გაამრავლა და „აბრეშუმხვიას“ სახელოსნოც  გახსნა. დღეისთვის წელიწადში 100-დან 200 კილომდე ძაფსა და სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. 

აბრეშუმის ჭიისგან მიღებული პროდუქტი მრავალფეროვანია. აქ ნახავთ ჭუპრის ზეთს, ჭუპრის წყალს, ძაფს, თავშლებსა და ბავშვის ტანისამოსს. სტუმარს შესაძლებლობა აქვს, ყველა პროდუქტის დამზადების პროცესში თავად ჩაერთოს. 

აბრეშუმის ძაფს სხვადასხვა სახეობის დაავადების სამკურნალოდ იყენებენ.  შესაბამისად, „აბრეშუმხვიაში“ თქვენი სტუმრობა შეგიძლიათ, ხანგრძლივი დროით დაგეგმოთ და შემეცნებითი ტურის შემდეგ ამ სივრცეში ღამითაც დარჩეთ. 

აბრეშუმის ჭიასთან ერთად, ეზოში მოსეირნე ციცრებს, ფარშევანგებს და სხვადასხვა სახეობის ფრინველებს ნახავთ, რომლებიც მასპინძლის დაძახილზე მწყობრად გადაადგილდებიან. ამ სივრცეში ეგზოტიკური შოკი გელოდებათ - ჭია, ფრინველი და ადამიანი  ერთმანეთისთვის გასაგებ  ენაზე საუბრობენ. 

„აბრეშუმხვიაში“ სტუმრობისას ძველი ქართული მონასტრული წესით აბრეშუმით დავარგებულ ღვინოს დეგუსტაციასაც   შემოგთავაზებენ  და გასტრო ტურშიც  ჩაერთვებით - აქ აცოცხლებენ მივიწყებულ რეცეპტებს და სტუმარს უძველეს ქართულ კერძებს სთავაზობენ.

ყველა პროდუქტი, რაც ამ სივრცეში მზადდება, შეგიძლიათ შეიძინოთ.   

 

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები