თურქული ლირა სამშაბათს ყველა დროის მინიმუმამდე გაუფასურდა. თურქეთის ეროვნული ვალუტის კურსი ვარდნას, მოქმედი პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელახალი არჩევის შემდეგაც განაგრძობს.
ამ საათებში ლირა სტამბულის საფონდო ბირჟაზე 20.15 ივაჭრება, რომელმაც ორშაბათის მინიმუმს გადააჭარბა. სავაჭრო სესიის გახსნასთან ერთად ლირა $1-ზე 20,2 დონემდე დაეცა.
წლის დასაწყისიდან ქვეყნის ფულადმა ერთეულმა ღირებულების 7%-ზე მეტით დაკარგა.
„თუ ჩვენ გვინდა ავიცილოთ ლირას მნიშვნელოვანი გაუფასურება და პოტენციური სისტემური ეკონომიკური კრიზისი, ერდოღანმა სწრაფად უნდა იმოქმედოს და ეკონომიკურ საკითხებზე პასუხისმგებელი ვინმე შიმშეკი დააყენოს“, - ამბობს BlueBay Asset Management-ის უფროსი სტრატეგი ტიმოთი ეში, იუწყება ტელეარხი CNBC.
მეჰმეთ შიმშეკი არის თურქეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი (2009-2015), რომელიც ცნობილია ბაზარზე ორიენტირებული პოლიტიკით. შემდგომში ის 2015 წლიდან 2018 წლამდე ქვეყნის ვიცე-პრემიერი გახდა.
„საკითხავი ის არის, ექნება თუ არა რომელიმე ასეთ ადამიანს საკმარისი თავისუფლება ეკონომიკურ პოლიტიკაში აუცილებელი ცვლილებების განსახორციელებლად - მაგალითად, საპროცენტო განაკვეთების გაზრდის მიზნით“, - დასძინა ეშმა.
თურქეთის მონეტარული პოლიტიკა ხაზს უსვამს გაზრდილი წარმოებისა და ექსპორტის კონკურენციას, ვიდრე ინფლაციის შეკავებას, ხოლო ერდოღანი ინარჩუნებს არატრადიციულ შეხედულებას, რომ საპროცენტო განაკვეთების გაზრდა ინფლაციას ზრდის.
„საყოველთაოდ გავრცელებულია მოსაზრება, რომ ლირა შესუსტდება უახლოეს თვეებში“, - განაცხადა Standard Chartered Bank-ის წარმომადგენელმა სტივენ ინგლანდერმა.
მისი თქმით, თურქეთს ბევრი ეკონომიკური პრობლემა აქვს, რომელიც ერდოღანის ხელახალი არჩევის შემდეგ გაუარესდება.
იმავდროულად, როგორც ამერიკული ბანკის Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა თავიანთ კვლევით ანგარიშში აღნიშნეს, თურქეთში არჩევნების მეორე ტურის შედეგები გააგრძელებს ფოკუსირებას ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვებსა და ლირაზე.
უახლესი