დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ცხოველების წამება  მძიმე დანაშაულია, რომელიც კანონთან ერთად მკაცრ აღსრულების პირობას მოითხოვს - თენგიზ შარმანაშვილი

ცხოველების წამება მძიმე დანაშაულია, რომელიც კანონთან ერთად მკაცრ აღსრულების პირობას მოითხოვს - თენგიზ შარმანაშვილი

26-06-2023 17:58:25

დეპუტატი თენგიზ შარმანაშვილი ცხოველების წამების ფაქტების გახშირებაზე საუბრობს.

მისი თქმით, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მხოლოდ კანონის დაწესება ვერ უშველის საქმეს, თუკი აღსრულების მიმართულებითაც არ გადაიდგმება ზომები. როგორც დეპუტატმა Business Insider Georgia- თან აღნიშნა, თუკი კანონს აღსრულებაც არ მოჰყვება რეალურად, ფაქტების შემცირება გაჭირდება, ხოლო ცხოველის წამება მძიმე დანაშაულია, რომელიც დასჯადი უნდა გახდეს.

,,საქართველოს ყველა მოქალაქემ უნდა გაითავისოს, რომ ცხოველის წამება დაუსჯელი არ დარჩება, მძიმე დანაშაულია და აუცილებლად მოითხოვს რეაგირებას. აქამდე ეს მძიმე პრაქტიკა ვერ მოისპო, გაუგონარი ფაქტებია, რომელიც ასახავს, როგორი სისასტიკით და უმოწყალოდ ექცევიან ადამიანები ცხოველებს, განსაკუთრებით კატებს და ძაღლებს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ცხოველის წამება ეკლესიურადაც ცოდვად ითვლება, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამ სისასტიკეს ბავშვობიდან არიან შეჩვეული. ამ რეალობის შეცვლა მხოლოდ კანონის გამკაცრებით არის შესაძლებელი. თუმცა ესეც ვერ მოგვცემს შედეგს, თუკი აღსრულების მხრივაც არ გადაიდგმება ზომები.

ბევრი კანონია, რომლის აღსრულება არ ხდება სათანადოდ, მაგრამ ასეთ მიდგომას ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნამდვილად გამოვრიცხავთ. თუ გვინდა, რომ მომავალ თაობას გავუფრთხილდეთ, ამ ტიპის კანონს ასევე განსაკუთრებით სჭირდება მკაცრი აღსრულება, არ შეიძლება, ამ დანაშაულს წავუყრუოთ, ამიტომ ველოდები კიდეც, რომ ყურადღების მიღმა არ დარჩება არც ერთი ფაქტი, რომელიც ცხოველების წამებას შეეხება", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ცხოველის წამების ან მისდამი სასტიკი მოპყრობის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება. კანონპროექტის მიხედვით, ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კანონპროექტის ინიციატორები არიან უმრავლესობის წევრები ანრი ოხანაშვილი, მაია ბითაძე, დავით მათიკაშვილი და თენგიზ შარმანაშვილი. აღნიშნული დეპუტატები განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტები, რაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები