დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
პრემიერისა და BAG-ის წევრების შეხვედრა, ტურიზმის ზრდა და მოლოდინები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

პრემიერისა და BAG-ის წევრების შეხვედრა, ტურიზმის ზრდა და მოლოდინები - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

20-09-2024 10:00:00

ბოლო პერიოდში ვიღებთ ახალ ინფორმაციებს პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით, რაც თავისთავად წყაროა ჩვენი ტურისტული პოტენციალის განვითარების. - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

აბაშიშვილმა თავის გამოსვლაში დეტალურად მიმოიხილა BAG-ის ორგანიზებით გამართული შეხვედრის დეტალები და ასევე ყურადღება გაამახვილა  Galt & Taggart-ის ტურიზმის სექტორის კვლევაზე, სადაც საკმაოდ დადებითი მაჩვენებლებია. 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესს შორის. იყო საქართველოს მთავრობის პანელური დისკუსია ბიზნესის წარმომადგენლებთან, გაიცვალა ძალიან ბევრი საინტერესო აზრი, გაჟღერდა ყველა ის ძირითადი პოსტულატი რაზეც ვფიქრობ, რომ თანხმდება ბიზნესი და ხელისუფლება. პრემიერის მხრიდან გაჟღერებული იქნა სამი ძირითადი მიმართულება, რაც აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ეს არის თავისუფალი ბიზნესი, რაც აქამდე მუდმივად პრობლემატური საკითხი იყო და რა თქმა უნდა გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა, რაც საბოლოო ჯამში არის გარანტია მაღალი ეკონომიკური ზრდის. ეს იყო საკითხები, რაზეც პრინციპში ყველა თანხმდება. ასევე ამ შეხვედრაზე ჩვენ ვნახეთ საკმაოდ საინტერესო კვლევა Galt & Taggart-ის მიერ მომზადებული, რომელიც შეეხებოდა როგორც მაკროეკონომიკურ ნაწილს, სადაც ხაზგასმული იყო საქართველოს მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები და ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი პლუს მიმართულებით, ასევე ვნახეთ სექტორული მიმართულება მათ შორის ყურადღებას იქცევდა ტურიზმის სექტორი, სადაც რამდენიმე საინტერესო მიგნებაა.

ტურიზმის აღდგენა 2019 წელთან შედარებით თუ დავაკვირდებით, ტურიზმისა და შემოსავლების ნაწილი ყოველთვის საინტერესოა, იმიტომ, რომ ყოველთვის არის საუბარი იმაზე, რომ ერთია ტურისტების რაოდენობა და მეორე, რა შემოსავალს ვიღებთ ჩვენ ტურიზმისგან. გასული წლის მეორე კვარტლის მაჩვენებლები შემოსავლების ნაწილში თუ 115%-ი ფიქსირდებოდა, ახლა უკვე 124%-ია დაფიქსირებული. თუ ტურისტების მაჩვენებლებში 87%-იანი აღდგენა იყო ამ შემთხვევაში უკვე 95%-იანი აღდგენაა დაფიქსირებული. ისევე როგორც გასული წლის პირველ და მეორე კვარტალს სრულად აღემატება მიმდინარე წლის პირველი და მეორე კვარტალი. ანუ წლის პირველი ნახევარი. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, აღდგენის პროცესში გვქონდა ერთი მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორი, რომელიც არის ისრაელ-ჰამასის ომი. მოგეხსენებათ საქართველო აქტიურია ისრაელიდან ტურისტების მიმართულებით. ბუნებრივია ამ გარე ფაქტორმა ყველაფერს დაღი დაასვა.

შევხედოთ თუ საიდან მოხდა ტურისტული ნაკადების ზრდა. ლეგენდა იმის შესახებ, რომ მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან, განსაკუთრებით ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანას ასახელებენ ხოლმე. მოდით ვნახოთ, საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების ზრდა არის 4,8%. ევროკავშირიდან კი ზრდა 12,5%-ია, ახლო აღმოსავლეთიდან 20.8%-ი, ხოლო განსაკუთრებული ზრდაა ჩინეთიდან და ინდოეთიდან, ამ მიმართულებებიდან 88,1%-იანი ზრდა ფიქსირდება. რატომ ვუსვამ ჩინეთს და ინდოეთს ხაზს ამის შესახებაც ორიოდე სიტყვით მინდა გითხრათ. თუ შევხედავთ ევროპელები წელიწადში ერთზე მეტჯერ მოგზაურობენ, ანუ ისინი შესაძლოა 2-ჯერ გავიდნენ ქვეყნიდან მოგზაურობის კუთხით. შესაბამისად 113%-იანი ზრდის მაჩვენებელია აქ დაფიქსირებული, მაგრამ დავაკვირდეთ ჩინეთის და ინდოეთის ვითარებას. ჩინეთის მოსახლეობის მხოლოდ 11%-ი მოგზაურობს, ხოლო ინდოეთის მხოლოდ 2%-ი. ანუ რეალურად ჩინეთში და ინდოეთში მოგზაურობა ითვლება ფუფუნებად. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთიდან და ინდოეთიდან ძირითადად მაღალშემოსავლიანი ადამიანები მოგზაურობენ. და როდესაც ვსაუბრობთ ჩინეთიდან და ინდოეთიდან 88%-იან ზრდაზე სწორედ ამ 11%-სა და 2%-ში ჩვენ ვახერხებთ ამ ტურისტების მოზიდვას. 

შემოსავლების მაჩვენებლების კუთხით ირკვევა, რომ ჩინეთი არის ყველაზე მეტად მხარჯველი. კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავისვათ იმ ფაქტს, რომ ჩინეთიდან მხოლოდ მაღალშემოსავლიანი ადამიანები მოგზაურობენ. (ერთი მოგზაურობისას გაწეული ხარჯი: ჩინეთი 1647 დოლარი, დასავლეთ ევროპა - 1223 დოლარი, ინდოეთი - 923 დოლარი). მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩინეთიდან და ინდოეთიდან ვზრდით ტურისტების რაოდენობას. ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიზიდავთ მაღალ მხარჯველუნარიან ტურისტებს. 

Galt & Taggart-ის გათვლებით ჩინეთიდან და ინდოეთიდან შემოსული ტურისტები დაახლოებით 800 დოლარს ხარჯავენ“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 
 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები