თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებით საერთაშორისო მაგისტრალი მესამე პრიორიტეტია საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის, - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი წერეთელმა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორთან გიორგი აბაშიშვილთან საუბრისას განაცხადა.
„ამ ეტაპზე 52-კილომეტრიანი გზის მშენებლობას ვახორციელებთ, საიდანაც 4 კილომეტრი 2023 წელს გავხსენით. წელს აუცილებლად გაიხსნება 31-კილომეტრიანი მონაკვეთი საგარეჯოს შემოვლით გზამდე და შემდეგ უკვე გაგრძელდება 17 კილომეტრიანი მონაკვეთი და ბადიაურის შემოვლით გზაზე სოფელ მზისგულის მონაკვეთამდე იქნება ოთხზოლიანი განათებული უსაფრთხო გზა. მთლიანობაში, კახეთში 85 კილომეტრიანი გზის მშენებლობაში მთლიანობაში 2 მილიარდის ინვესტიციას ვაპირებთ, როგორც მიმდინარე ისე დაგეგმილი პროექტების თვალსაზრისით. ასევე მალე გავხსნით ბაკურციხე-წნორის 16,7 კილომეტრიან მონაკვეთს, რომელიც ტურიზმის განვითარებისა და საერთაშორისო გადაზიდვების კუთხით მნიშვნელოვანი იქნება“, - განაცხადა გიორგი წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ კახეთის მაგისტრალის შემადგენელი თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა აქტიურად გრძელდება. გზის პირველი მონაკვეთი - ვაზიანის შემოვლითი გზა ექსპლუატაციაში გასულ წელს შევიდა და ახალი გზის 4 კმ-იანი მონაკვეთით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობა 3 მონაკვეთადაა დაყოფილი.
პროექტის ფარგლებში, შენდება 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის ჩქაროსნული საავტომობილო გზა. 2 მონაკვეთზე, რომელიც ჯამში, 31 კმ-ია, ვაზიანი-საგარეჯოსა და საგარეჯოს შემოვლით გზას მოიცავს, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება. თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი გზის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 527 მილიონ ლარზე მეტია.
თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთი თბილისიდან კახეთის მიმართულებით დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალის და ასევე აზერბაიჯანის ჩრდილო–დასავლეთ რეგიონთან დამაკავშირებელი სატრანზიტო დერეფნის ნაწილია ახალი გზა გვერდს აუვლის ისეთ მჭიდროდ დასახლებულ სოფლებსა და ქალაქებს, როგორებიცაა: ვაზიანი, სართიჭალა, ნინოწმინდა და საგარეჯო.
თბილისი-საგარეჯოს გზა ლოჭინის კვანძის აღმოსავლეთით იწყება და თოხლიაურის კვანძის აღმოსავლეთით სრულდება. ახალი გზა სრულად განტვირთავს მოძრაობას დასახლებულ პუნქტებში, რაც გადაადგილების უსაფრთხოებას და მგზავრობის დროის შემცირებას უზრუნველყოფს.
თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებულია 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გარე განათების სისტემით აღჭურვილი ჩქაროსნული გზის მშენებლობა, რაც 110 კმ. საათში გადაადგილების საშუალებას მოგვცემს საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
კახეთისთვის, როგორც ტურისტული თვალსაზრისით ყველაზე მზარდი ინტერესის მქონე რეგიონისთვის, მნიშვნელოვანია თანამედროვე სტანდარტის საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება.
უახლესი