დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე — ქართველი მხატვარი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ქმნიდა ესკიზებს

თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე — ქართველი მხატვარი, რომელიც კრისტიან დიორისთვის ქმნიდა ესკიზებს

18-11-2023 11:51:55

გიზიარებთ ბლოგს: წარმოიდგინეთ „ტრისტანი და იზოლდას“ საბალეტო წარმოდგენა, სადაც მთავარ გმირ ქალს თავზე ქართული ჩიხტიკოპი ახურავს. ამავე წარმოდგენაში ასევე თვალს მოჰკრავთ ხორუმის მოცეკვავეების კოსტიუმებს. ეს სულაც არ გახლავთ რიგითი ახირებული იდეა — ამბავი არცთუ შორეულ წარსულში სან-პაულუს თეატრში მოხდა, როცა იქ წარმოშობით ქართველი ხელოვანი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე კოსტიუმების მხატვრად მუშაობდა.

ანდრონიკაშვილებისა და ჯორჯაძეების შთამომავალი თამარ დე ლეტე-ვაჩნაძე მე-20 საუკუნის ევროპული ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია. შორეულ ბრაზილიაში, მოგვიანებით კი დასავლეთ ევროპაში მოღვაწეობის მიუხედავად, მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულ ვაჩნაძეს საქართველოსთან კავშირი არ დაუკარგავს. ამის დასტური სწორედ მისი შემოქმედებაა, რომელშიც ქართულ შტრიხებს ადვილად ამოიცნობთ. თუმცა, სამწუხაროდ, ამ შემოქმედებას საქართველოში მაინცდამაინც დიდი წრე არ იცნობს. ამის გამოსწორება დაისახა მიზნად საქართველოს ბანკმა, რომლის მხარდაჭერითაც ნოემბრის თვეში თბილისში დე ლეტეს ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა. ამასთან, გამოვა წიგნი, რომელიც ვაჩნაძის ბიოგრაფიულ ცნობებსა და ნახატებს გააერთიანებს.

და მაინც: ვინ იყო ქართველი მხატვარი, რომელმაც კრისტიან დიორისთვისაც კი შექმნა ესკიზები; რომელზეც მე-20 საუკუნის ევროპული პრესა აღფრთოვანებული წერდა; რომელიც ყოველთვის ამტკიცებდა, რომ არც საბჭოელი იყო და არც ფრანგი, არამედ — ქართველი.

ცხოვრება პარიზში

მომავალი მხატვარი და ილუსტრატორი 1925 წლის 8 ივნისს, ირანის ქალაქ თავრიზში, სიუზი ვაჩნაძისა და უნგრელი პეტრუს ფონ ლეტეს ოჯახში დაიბადა. სიუზი ვაჩნაძის გამზრდელი ბებია, სიუზან იოანესი, ფრანგი გახლდათ, რომელმაც ვანო ჯორჯაძეზე იქორწინა. მათი შვილი, ლელია და სიძე, გიორგი ვაჩნაძე მე-20 საუკუნის დასაწყისში კაზაკებმა მოკლეს. სიუზი კი განქორწინებისა და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, შვილებთან ერთად გადავიდა საფრანგეთის დედაქალაქში საცხოვრებლად.

პარიზში თამარის შემოქმედებით ნიჭს ფართო გასაქანი მიეცა — დედამ ლუბოვ ეგოროვას კლასიკური ცეკვის ჯგუფში შეიყვანა. გარდა ამისა, მომავალი ხელოვანი ხატვას, ჯირითობას და ფარიკაობასაც ეუფლებოდა. თუმცა, პარიზში ყოფნისას მის ძირითად საქმიანობად მაინც ცეკვა რჩებოდა. სწორედ ცეკვით გაიცნო მომავალი ქმარი, საფრანგეთის ქართული ანსამბლების პიანისტი რეჯები, რომელიც ნოე ჟორდანიას შვილი იყო. მასთან ქორწინებამდე თამარმა ჯერ ძმა დაკარგა მეორე მსოფლიო ომში, მოგვიანებით კი სიუზან იოანესიც გარდაიცვალა. რეჯებთან ურთიერთობა განქორწინებით დასრულდა, რის შემდეგაც დე ლეტე დედასთან და შვილთან ერთად გაემგზავრა ბრაზილიაში, სადაც მამამისი ცხოვრობდა. სწორედ ბრაზილიაში იწყება თამარის ვარსკვლავური კარიერა.

მოღვაწეობა სან-პაულუში

ბრაზილიაში თამარი მრავალმხრივ შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა — იყო მხატვარი, კოსტიუმებისა და დეკორაციების დიზაინერი, წიგნების ილუსტრატორი, ანიმატორი. თუმცა, ყველაზე დიდ დროს სან-პაულუს თეატრს უთმობდა, სადაც ათობით წარმოდგენა გააფორმა.

ამასთან, თამარი თანამშრომლობდა ბრაზილიურ გამომცემლობებთან და ქმნიდა ილუსტრაციებს შარლ პეროს, ჰანს კრისტიან ანდერსენისა და კიდევ ბევრი სხვა ცნობილი ავტორების წიგნებისთვის. ამავე პერიოდში მან ჟერმანო მარიუტისთან ერთად გამოფენაც მოაწყო.  დე ლეტემ ბრაზილიაშივე დაიწყო თანამშრომლობა მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მოდის სახლთან, კრისტიან დიორთან, რომლისთვისაც ესკიზებს ქმნიდა. მათგან სამი ნახატი არქივსაც შემორჩა. თუმცა, ეს თანამშრომლობა დიორის ხელმძღვანელობის ცვლილების გამო მალევე დასრულდა.

ასე იქცა თამარი სან-პაულუს ნამდვილ ვარსკვლავად, რომელიც ბრაზიულიური პრესის ყურადღების ცენტრშიც ხშირად ხვდებოდა. მაგრამ ბრაზილიაში მოპოვებული აღიარების მიუხედავად, მხატვარს ევროპაზე ეჭირა თვალი და აქ დაბრუნებაზე ოცნებობდა.

„მე მივხვდი, რომ ვარ ევროპელი და რასაც უნდა ვაკეთებდე, არასდროს ვიქნები რაიმე სხვა“, — ამბობდა მხატვარი ერთ-ერთ წერილში, — „ყველაზე მომხიბლავი კი არის ის, რომ არც მინდა, ვინმე სხვად ვიქცე. ევროპა, ეს ხომ მარილია ამა სოფლისა, თავისი ნაკლოვანებებით, სისუსტეებით, შეცდომებით, თუმცა მაინც ასეა… ვაპირებ, გავაკეთო ყველაფერი, რაც საჭიროა, ევროპაში დასაბრუნებლად. მე ამისათვის ვმუშაობ, ამ ყველაფრისთვის უამრავი რამ არის გადასაჭრელი და უზარმაზარი დაბრკოლებები — გადასალახი. იმედი მაქვს, დავბრუნდები“.

საფრანგეთში დაბრუნება

ევროპაში დაბრუნებამდე თამარი მცირე ხნით აშშ-ში ჩავიდა და იქ სცადა კარიერის აწყობა. მაგრამ სპარსეთში დაბადებულ მხატვარსა და მოცეკვავეს წარმატების მცირე შანსი ჰქონდა. უშედეგოდ დასრულდა წარმოშობით ქართველ ბალეტმაისტერთან, ჯორჯ ბალანჩინთან, დაკავშირების მცდელობებიც… ამის შემდეგ დე ლეტემ ჯერ კანადას მიაშურა, მერე კი ისევ ბრაზილიაში დაბრუნდა. საბოლოოდ, 1960-იანებში, თამარმა საფრანგეთში ჩასვლა გადაწყვიტა.

საფრანგეთში დე ლეტემ თეატრალური დასებისთვის დეკორაციებისა და კოსტიუმების შექმნა განაგრძო. ამასთან, მოაწყო ნამუშევრების რამდენიმე პერსონალური გამოფენაც. პარიზში მხატვარმა ათობით ტილო შექმნა; ერთ-ერთ ინტერვიუში იგი ამბობდა, რომ „თითოეული ნახატი და პორტრეტი იყო ძიება“.

„მათ შესაქმნელად მე დავდივარ სახლში, რათა ჩემს კლიენტებს დრო არ დავაკარგვინო. კვირაში ორჯერ ნახევარი საათით, ეს ყოველთვის შესაძლებელია. მე ვხატავ ბევრ ესკიზს, ანფასს, 3/4-ს, პროფილს. მე ვსაუბრობ ჩემს მოდელთან, ბავშვთან თუ ზრდასრულთან, და ნელ-ნელა ვშთანთქავ მას. იმ მომენტიდან, როდესაც მას მთლიანად ჩემში ვატარებ, ვიწყებ ტილოზე ხატვას“.

ბრაზილიის არ იყოს, თამარზე ფრანგული პრესაც აღფრთოვანებული წერდა. მუყაითმა შრომამ და შეუპოვრობამ კი შედეგი გამოიღო — 1960-იანებიდან მოყოლებული თამარი ერთიმეორის მიყოლებით აწყობდა გამოფენებს, მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტში. აღსანიშნავია, რომ დე ლეტემ პარიზში ქართული ეკლესიისთვის ორი ხატიც შექმნა.

ქართული იდენტობა

დედით ქართველი, საზღვარგარეთ დაბადებული და გაზრდილი თამარ დე ლეტე, საქართველოსთან კავშირს ყოველთვის უსვამდა ხაზს: იქნებოდა ეს ირიბად თავის ნამუშევრებში, თუ პირდაპირ — დოკუმენტებში.

1983 წელს, როცა საფრანგეთში თამარზე ბინადრობის მოწმობა გაიცა, მხატვარმა საბუთში „საბჭოთა ლტოლვილის“ მითითება გააპროტესტა და მოითხოვა, მასში „ქართველი ლტოლვილი“ ჩაწერილიყო. ასეც მოხდა. დე ლეტეს შვილი, ზოლტან ჟორდანია, დედამისს უწოდებდა „უსამშობლოდ დარჩენილს, ერთგულს საკუთარი ფესვებისა“.

თამარი დე ლეტე-ვაჩნაძე 2001 წელს გარდაიცვალა, მის შემოქმედებას კი ახლა უკვე საქართველოშიც ფართოდ გაიცნობენ. ქვეყანას დაუბრუნდა არა მხოლოდ მხატვრის ნამუშევრები, არამედ უნიკალური ხელნაწერები და საარქივო ფოტო-მასალა. ნოემბერში დაგეგმილი გამოფენა და მომავალი წიგნი კი თამარ დე ლეტეს სახელს კიდევ უფრო მეტ ადამიანამდე მიიტანს.

19 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ გალერეაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, კრისტიან დიორის ქართველი მხატვრის, თამარ დე ლეტე-ვაჩნაძის პირველი მასშტაბური გამოფენა გაიმართება. პროექტის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი და SOLO.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები