დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საუკეთესო წინ არის — ჟირაფი ჟოზე და ადამიანები, რომლებიც წარუმატებლობაზე არ გაჩერდნენ

საუკეთესო წინ არის — ჟირაფი ჟოზე და ადამიანები, რომლებიც წარუმატებლობაზე არ გაჩერდნენ

31-12-2023 09:00:00

გიზიარებთ ბლოგს: ბავშვობაში თითქმის ყველა ოცნების ასრულების მტკიცედ გვჯერა, თუმცა როცა ვიზრდებით და რამდენიმე მარცხს გამოვცდით, ცხოვრებას ოპტიმისტური განწყობით ვეღარ ვუყურებთ. მართალია, რეალობა ყოველთვის იმაზე რთულია, ვიდრე ჩვენს წარმოდგენებში ჩანს, მაგრამ როცა საკუთარი მიზნების გვჯერა, წარუმატებლობებზე გაჩერება არ ღირს. თუ საქართველოს ბანკის წინასაახალწლო რეკლამა უკვე ნახე და ჟირაფ ჟოზეს ისტორიამ საკუთარი თავი გაგახსენა, ახლა იმის შეხსენება კიდევ ერთხელ გჭირდება, რომ საუკეთესო წინ არის!

ჟირაფი ჟოზე წლებია, პატარების საუკეთესო მეგობარია, თუმცა როგორც რეკლამაში ვხედავთ, დიდებთანაც ბევრი საერთო აქვს. მრავალი მარცხის მიუხედავად, ჟოზე არ ჩერდება და მიზანს მაინც აღწევს. საუკეთესო რომ წინ არის, ჟოზეს გარდა ამაში რეალური ადამიანების რეალური ისტორიებიც დაგარწმუნებს. სწორედ ამ ბლოგში 5 ცნობილი ადამიანის შესახებ გიამბობთ, რომელიც მარცხს არ შეეგუა, არ გაჩერდა და წარმატებას დიდი შრომის შედეგად მიაღწია.

თომას ალვა ედისონი

როცა საქმე შეცდომებზე სწავლას ეხება, შეუძლებელია, თომას ალვა ედისონი არ გაგვახსენდეს. მართალია,ედისონმა პირველი ფონოგრაფი და კინოკამერისა და ელექტრო ნათურის ადრეული ვერსიები შექმნა, თუმცა გამომგონებლის კარიერა ათასობით წარუმატებელ ექსპერიმენტს ითვლის. ამ ყველაფრის მიუხედავად, ედისონი მარცხს არასდროს შეჰგუებია და საბოლოოდ 1093 პატენტის მოპოვება შეძლო. თომას ალვა ედისონისთვის კარიერის დაწყებამდე არც ბავშვობის წლები იყო მარტივი. მან სკოლაში სულ რამდენიმე თვე ისწავლა, 12 წლის ასაკიდან კი სმენასთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. ედისონს, რომელსაც ექსპერიმენტების მიმართ ბავშვობიდანვე დიდი ინტერესი ჰქონდა, წერა-კითხვას დედა ასწავლიდა. 13 წლის ასაკში ედისონი მატარებლის სადგურზე გაზეთებსა და ტკბილეულებს ყიდდა, რათა გამომუშავებული ფულით ექსპერიმენტისთვის საჭირო აღჭურვილობა შეეძინა. “10 000-ჯერ არ დავმარცხებულვარ (failed), ერთხელაც არ დავმარცხებულვარ. მე იმის დამტკიცება მოვახერხე, რომ ეს 10000 გზა არ მუშაობს”, — ასე აფასებდა ედისონი წარუმატებელ ექსპერიმენტებს და როგორც ჩანს, არც ცდებოდა.

ჯოან როულინგი

ჯოან როულინგის ისტორია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოწვევები მოტივაციად აქციო და ბევრი უარის მიუხედავად, საკუთარი თავის ბოლომდე გჯეროდეს. დღეს ისეთი სამყაროს წარმოდგენა ძალიან რთულია, რომელშიც ჰარი პოტერი არავის დაუწერია და ჩვენი საყვარელი პერსონაჟიც არ არის. გასაკვირი კი ის ამბავია, რომ თავდაპირველად როულინგს ჰარი პოტერის გამოქვეყნებაზე ზედიზედ 12-მა გამომცემლობამ უარი უთხრა. მწერლისთვის არც ჰარი პოტერზე მუშაობის პროცესი იყო მარტივი, რადგან ამ დროს უკვე მარტოხელა დედა იყო და წერის პარალელურად მუშაობდა კიდეც. ამ ყველაფერს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებიც დაერთო, თუმცა გამოწვევების მიუხედავად, როულინგს ჰარი პოტერის სამყაროს ჯადოსნურობაში ეჭვი არასდროს შეუტანია. ჰარი პოტერის გამოცემაზე როულინგსბოლოს Bloomsbury Publishing დათანხმდა. ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა 1997 წელს გამოქვეყნდა და ბესტსელერად მალევე იქცა. ცოტა ხნის შემდეგ კი ჰარი პოტერის მომდევნო ნაწილებიც დაიბეჭდა და ფილმის გადაღებაც გადაწყდა. ასე რომ, ჩვენს ცხოვრებაში ჰარი პოტერის არსებობას ჯოანროულინგის შეუპოვრობას უნდა ვუმადლოდეთ.

ბიტლზი

ისეთმა ცნობილმა ჯგუფმა, როგორიც დღეს ბიტლზია, კარიერა რამდენიმე წარუმატებლობით დაიწყო. ბიტლზი თავიდან სიმღერებს ბარებსა და კლუბებში ასრულებდა. იმ პერიოდში ბიტლზის მსმენელები ვერც კი იფიქრებდნენ, რომ ჯგუფი ერთ დღეს მსოფლიო დონის წარმატებას მიაღწევდა. თუმცა ჯგუფის წევრებს სულ სხვა მოლოდინი ჰქონდათ და აქტიურად ეძებდნენ ხმისჩამწერ ლეიბლს, რომელიც მათი სიმღერების გამოშვებაზე დათანხმდებოდა. ბიტლზისთვის უკვე 5 ცნობილ ხმისჩამწერ სტუდიას ჰქონდა უარი ნათქვამი, როცა 1961 წელს იმ დროისათვის პოპულარული ლეიბის, Decca-ს, კასტინგზე მივიდნენ. ბიტლზის შესრულება არც Decca-ს მოეწონა, სიმღერები ჩაწერაზეც უარი განაცხადეს და ჯგუფის წევრებს უთხრეს, რომ შოუბიზნესში მომავალი არ ჰქონდათ. რა თქმა უნდა, ეს ლეიბლის დიდი შეცდომა იყო, თუმცა ბიტლზს მცდელობები არც ამის შემდეგ შეუწყვეტია. აქედან ზუსტად 5 თვეში ბიტლზმა ლეიბლ Parlophone-თან გააფორმა ხელშეკრულება და ჯგუფის წარმატების ისტორიაც ასე დაიწყო.

სტივენ კინგი

სტივენ კინგს, რომელიც დღეს ცნობილი მწერალი, სცენარისტი, რეჟისორი და მუსიკოსია, კარიერის დასაწყისში არაერთი დაბრკოლების გადალახვა მოუწია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ კინგს მასწავლებლად უნდა ემუშავა, თუმცა სამსახურის პოვნა ვერ შეძლო. სწორედ ამ ფაქტმა უბიძგა მომავალ მწერალს, რომ ფულის გამოსამუშავებლად გაზეთებისთვის მოკლე მოთხრობები ეწერა. თავიდან კერი მოკლე მოთხრობა უნდა ყოფილიყო, თუმცა რამდენიმე ფურცლის დაწერის შემდეგ კინგს თავისი ნამუშევარი აღარ მოეწონა და სანაგვეში მოისროლა. სანაგვეში ფურცლები სტივენ კინგის ცოლმა იპოვა, წაიკითხა, მოეწონა და დაინტერესდა, თუ როგორი იქნებოდა გაგრძელება. კინგს სწორედ ამ ფაქტმა მისცა  მოტივაცია, რომ კერი გაეგრძელებინა და რომანადაც კი ექცია. თუმცა საქმე მარტივად არც ამის შემდეგ აეწყო, რადგან კერის გამოქვეყნებაზე სტივენ კინგს 30-მა გამომცემლობამ უთხრა უარი. მათი აზრით, ისტორია, რომელიც “ნეგატიურ უტოპიას” ეფუძნებოდა, არ გაიყიდებოდა. ამჯერად 30-ივე გამომცემელი შეცდა და სტივენ კინგის სადებიუტო რომანს დიდი წარმატება ხვდა წილად. კერი მალევე ბესტსელერად იქცა, რამაც კინგის კარიერა დიდწილად განსაზღვრა.

ფრიდა კალო

ფრიდა კალოს მთელი ცხოვრება ზუსტად იმის მაგალითია, რომ ვერცერთი დაბრკოლება და პრობლემა საყვარელი საქმის კეთებისგან ვერ შეგაჩერებს. სამყაროსთან მუდმივი ბრძოლა მომავალმა მხატვარმა ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში დაიწყო, როცა პოლიომიელიტი გადაიტანა. თვითნასწავლი მხატვრის ცხოვრებაში გარდამტეხი მომენტი ავარიას უკავშირდება, რომლის შემდეგაც დიდი ხნის განმავლობაში სიარული აღარ შეეძლო. “რაში მჭირდება ფეხები, როცა საფრენად ფრთები მაქვს?” — ფრიდას ცნობილი ფრაზაა და ის მართალიც იყო, რადგან საშინელი ტკივილებისა და წოლითი რეჟიმის მიუხედავად, ხატვა არ შეუწყვეტია. გარდა იმისა, რომ მხატვრობაშიც განსხვავებული და იმ პერიოდისთვის თამამი სტილი ჰქონდა, ფრიდა სტერეოტიპულ ნორმებთან დაპირისპირებას არც ყოველდღიურ ცხოვრებაში ერიდებოდა. ფრიდა თავისი ცხოვრებითა და ინდივიდუალიზმით ქალის ტრადიციულ როლსა და სილამაზის სტანდარტებს ამაყად უპირისპირდებოდა. ნამუშევრებში კი ეროტიკულ სცენებთან ერთად, ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილის ხშირად გადმოსცემდა, რაც მაშინ ქალი მხატვრისგან გაბედული ნაბიჯი იყო. სწორედ ცხოვრებისეულ მარცხებთან მუდმივად ბრძოლის დამსახურებით, დღეს მსოფლიო ფრიდა კალოს მსგავს დიდებულ მხატვარს იცნობს.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები