დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საპენსიო ფონდი საპენსიო სააგენტოს ნაცვლად - რა ცვლილებები იგეგმება 2025 წლიდან

საპენსიო ფონდი საპენსიო სააგენტოს ნაცვლად - რა ცვლილებები იგეგმება 2025 წლიდან

01-05-2024 18:00:00

საპენსიო სააგენტოში რეფორმა იგეგმება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სისტემის ცვლილება მოხდება და შედეგადაც საპენსიო სააგენტოში ორი არათანაბარი მმართველი რგოლის/საბჭოს (საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოები) ნაცვლად გაჩნდება ერთი  მმართველობითი ორგანო - „მმართველობითი საბჭო“, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს. 

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია. 

კანონპროექტი ითვალისწინებს საპენსიო სააგენტოს სახელის ცვლილებას და ის განისაზღვრება, როგორც - „საპენსიო ფონდი“.

იმავდროულად, მმართველობითი საბჭოს სტრუქტურაში ინტეგრირებული უნდა იყოს სპეციალური ფუნქციები. სპეციალური ფუნქციებია საინვესტიციო ფუნქცია, რისკის ფუნქცია და შიდა აუდიტის ფუნქცია. „ამგვარი მოწყობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ახასიათებს სწორ და ეფექტურ კორპორატიულ მართვას, მით უფრო ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუტებში, როგორიცაა საპენსიო ფონდი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ფუნქციები უნდა შესრულდეს ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. 

საინვესტიციო ფუნქცია გულისხმობს საპენსიო აქტივების ინვესტირებას საინვესტიციო ჰორიზონტში მათი რეალური ამონაგების (ინფლაციის გათვალისწინებით) მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, მონაწილეთა ინტერესების შესაბამისად, კეთილსაიმედო ინვესტირების პრინციპების დაცვით. კეთილსაიმედო ინვესტირების      პრინციპებს ითვალისწინებს  როგორც  არსებული კანონი,  ისე კანონპროექტი. 

კანონპროექტით განისაზღვრა რისკის მართვის ფუნქცია და დადგინდა, რომ ის ინტეგრირებული უნდა იყოს ეფექტურად საპენსიო ფონდის ორგანიზაციულ სტრუქტურასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ასევე განისაზღვრა, რომ საპენსიო ფონდი ამტკიცებს შესაბამის სტრატეგიებს, პროცესებსა და ანგარიშგების პროცედურებს, რომლებიც საჭიროა რისკების ინდივიდუალურ და აგრეგირებულ დონეებზე დადგენისთვის, შეფასებისთვის, მონიტორინგისთვის, მართვისა და რეგულარული ანგარიშგებისთვის. კანონპროექტით ასევე დადგინდა სულ მცირე  რას უნდა მოიცავდეს რისკის მართვა - აქტივებისა და ვალდებულების მართვას, ინვესტიციებს, ლიკვიდურობის და კონცენტრაციის რისკების მართვის, საოპერაციო რისკების მართვას და რისკების შემცირების მეთოდებს.

კანონპროექტით განისაზღვრა, რომ შიდა აუდიტის ფუნქცია ახორციელებს საპენსიო ფონდის შიდა კონტროლის სისტემისა და მართვის სისტემის სხვა ელემენტების სათანადოობისა და ეფექტიანობის შეფასებას, მათ შორის, აუთსორსინგული საქმიანობის შემთხვევაში. ასევე დაკონკრეტდა, რომ შიდა აუდიტის ფუნქცია უნდა იყოს საოპერაციო საქმიანობისგან დამოუკიდებელი და ობიექტური.

კანონპროექტით ასევე განისაზღვრა სპეციალური ფუნქციის განმახორციელებელი პირების ვალდებულება, რომ ასეთმა პირებმა ნებისმიერი არსებითი ინფორმაცია და რეკომენდაციები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა აცნობონ მმართველობით საბჭოს, რომელიც განსაზღვრავს სათანადო ზომების მიღების აუცილებლობას. თუ მმართველობითი საბჭო არ იღებს შესაბამის და დროულ ზომებს მაშინ, როდესაც სპეციალური ფუნქციის შემსრულებელი პირის მიერ გამოვლენილია არსებითი რისკები, რომლებიც საფრთხეს უქმნის დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეების ინტერესებს, ან არსებობს საქართველოს კანონმდებლობის მნიშვნელოვანი და არსებითი დარღვევა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალური ფუნქციების განხორციელებასათან დაკავშირებული პირი უფლებამოსილია აღნიშნულის შესახებ აცნობოს ეროვნულ ბანკს. ამ შემთხვევაში სპეციალური ფუნქციის შემსრულებელი პირი სარგებლობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმებით“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

საპენსიო ფონდის  მმართველობითი საბჭო არანაკლებ 9 წევრისგან იქნება წარმოდგენილი. თუმცა დაზუსტებულია, რომ მმართველ საბჭოში წევრების რაოდენობამ 15 წევრს არ უნდა გადააჭარბოს. რომელთაგან 9 წევრის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა 1 წევრს ნიშნავს თანამდებობრივად, ხოლო 9 წევრზე მეტის შემთხვევაში უფლებამოსილია თანამდებობრივად დანიშნოს 2 წევრი, დანარჩენი წევრები არიან პროფესიონალი, შერჩევის შედეგად დანიშნული წევრები. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი ინიშნება 5 წლის ვადით და მათ შეარჩევს შესარჩევი კომისია, რომელიც შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

პროფესიონალი წევრები ინიშნებიან შესაბამისი პოზიციებისათვის, რათა მმართველობითი საბჭო დაკომპლექტდეს ყველა საჭირო და აუცილებელი განათლების/პროფესიული გამოცდილების მქონე წევრებით. შესაბამისი პოზიციისათვის კანდიდატთა შერჩევის წესი და პროცედურა, ასევე მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმები, ასევე შესაფერისობის სხვა მოთხოვნები, მათ შორის მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრების დანიშვნის წესი, დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც  უნდა ითვალისწინებდეს საპენსიო ფონდის საჭიროებებს.

კანონპროექტი განსაზღვრავს მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრების ზოგად მოთხოვნებს, კერძოდ მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს კეთილსინდისიერი პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი პოზიციისათვის საჭირო განათლება და სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის პროფესიული გამოცდილება, ასევე მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრი არ შეიძლება იყოს ნასამართლევი პირი ან პირი რომელმაც გამოიწვია ორგანიზაციის გაკოტრება.

რაც შეეხება მმართველობითი საბჭოს წევრების გათავისუფლებას, კანონპროექტის თანახმად, მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას.

კანონპროექტის შესაბამისად მმართველობითი საბჭო თავის წევრთაგან 3 წლის ვადით ირჩევს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს/მოადგილეს. მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარედ ან/და მის მოადგილედ არ შეიძლება არჩეულ იქნას მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრი, ასევე მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის და მისი მოადგილის არჩევისას დაუშვებელია მმართველობითი საბჭოს წევრის მიერ ხმის საკუთარი თავისთვის მიცემა. 

კანონპროექტის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კომიტეტების გარდა შექმნას სხვა კომიტეტები, მის მიერ განსაზღვრული წესებისა და პროცედურების შესაბამისად.

 კანონპროექტით კანონის მე-13 მუხლი განსაზღვრავს საპენსიო ფონდის დირექტორატს, რომელიც წარმოადგენს საპენსიო ფონდის აღმასრულებელ ორგანოს და რომელიც შედგება ფონდის გენერალური დირექტორის, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის, მთავარი რისკის ოფიცრისა და შიდა აუდიტის უფროსისაგან. დირექტორატის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მმართველობითი საბჭო, ასევე ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს დირექტორატის წევრი მნიშვნელოვანი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში. ამასთან, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში დანიშნოს სხვა მიმართულების აღმასრულებელი ხელმძღვანელი (ხელმძღვანელები).დირექტორატის წევრის მოვალეობის შემსრულებლის/მოადგილის დანიშვნის წესი განისაზღვრება საპენსიო ფონდის დებულებით.

კანონპროექტით დირექტორატის წევრებისათვის განისაზღვრება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის დადგენილი ზოგადი მოთხოვნების იდენტური მოთხოვნები.  საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი - წარმოადგენს საპენსიო ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობაში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საპენსიო ფონდის თანამშრომლებს, აღასრულებს მმართველობითი საბჭოს გადაწყვეტილებებს, გამოსცემს სამართლებრივ აქტებს – ბრძანებებს/ინსტრუქციებს, შეიმუშავებს საპენსიო ფონდის ბიუჯეტს და საშტატო ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს, ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის საქმიანობას რის ფარგლებშიც იღებს და აღასრულებს შესაბამისის გადაწყვეტილებებს, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დამრღვევი პირისთვის და ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე გასცემს სააღსრულებო ფურცელს მიღებული გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად, ყოველი წლის შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტს წარუდგენს საპენსიო ფონდის საქმიანობის ანგარიშს, ასრულებს საპენსიო ფონდის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

საპენსიო ფონდის მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ხელმძღვანელობს საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებას. მთავარი საინვესტიციო ოფიცერი უფლებამოსილია მიიღოს, გააფორმოს და აღასრულოს საინვესტიციო გადაწყვეტილებები, მათ შორის საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად მისთვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგინოს საპენსიო ფონდი მესამე პირებთან ურთიერთობაში და გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულებები.

მთავარი რისკის ოფიცერი ხელმძღვანელობს საპენსიო ფონდის რისკის მართვას და ახორციელებს მასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. რისკის მართვასთან დაკავშირებული ფუნქციების შესასრულებლად მთავარი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია ხელი მიუწვდებოდეს საპენსიო ფონდში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე. ასევე მთავარი რისკის ოფიცერი უფლებამოსილია აქტივების მმართველი კომპანიისგან, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საპენსიო ფონდისთვის სხვა მომსახურების გამწევი პირისგან მიიღოს ინფორმაცია საპენსიო ფონდის სახელით დადებული გარიგებების შესახებ.

ამასთან, საპენსიო აქტივების დივერსიფიკაციის მიზნით 27-ე მუხლის მე-12 პუნქტს „ა.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატა „ა.გ” ქვეპუნქტი, რომლითაც მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული  სხვა ტიპის აქტივების (გარდა  ამ მუხლის 131 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) ლიმიტი განისაზღვრა 15 პროცენტამდე, ამავე პუნქტის ბ.გ ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიმიტი გაიზარდა 20%-მდე, ხოლო ამავე პუნქტის გ.გ. ქვეპუნქტით განსაზღვრული ლიმიტი გაიზარდა 25%-მდე. 

გარდამავალი დებულებების შესაბამისად, 2025 წლის პირველ ივლისამდე საპენსიო ფონდმა უნდა უზრუნველყოს სამართლებრივი აქტების ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა, ხოლო 2025 წლის პირველ მარტამდე შესარჩევმა კომისიამ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული მმართველობითი საბჭოს წევრების არჩევა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა არჩეული წევრების დანიშვნა.

შეგახსენებთ, რომ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საპენსიო რეფორმა ამოქმედდა 2019 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნული წლების განმავლობაში გამოვლინდა, რომ საპენსიო რეფორმის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურა წარმოადგენს, რამდენადაც არსებულ სტრუქტურაში არ ხორციელდება საპენსიო სქემის ერთიანი მართვა და მისი ჰოლისტიკური ზედამხედველობა. დაგროვებითი მმართველობითი სისტემის ეფექტური, სწორი და სათანადო მმართველობითი სტრუქტურის არსებობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ემსახურება დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებს.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები