ვაპირებთ, აქტიურად გავაგრძელოთ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია, - – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლევან დავითაშვილის განმარტებით, განხორციელდება პოტენციური ინვესტორებისათვის საინვესტიციო პაკეტების მომზადება/შეთავაზება.
„სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წელს პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა. აქტიური პრივატიზაციის შედეგად სააგენტომ ჯამურად უზრუნველყო 279,518,776 ლარის მობილიზება, რომელიც მიიმართა ქვეყნის ცენტრალურ და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში. პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 2019-2023 წლებში განხორციელდა 900-ზე მეტი ობიექტის პრივატიზება, ჯამური საპრივატიზებო თანხით 543,401,236 ლარი.
სააგენტო კვლავ განაგრძობს პროექტის ფარგლებში კერძო სექტორისთვის ახალი ობიექტების შეთავაზებას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ 2024 წელს უკვე გასხვისებულია 36,589,200 ლარის ღირებულების ქონება.
აქვე უნდა ვთქვა, რომ 2024 წელს დასრულდება სახელმწიფო ქონების ერთიან ელექტრონულ პორტალზე მუშაობა და მოხდება მისი გამოყენებაში ჩაშვება, ასევე შეიქმნება მოქალაქეებთან კომუნიკაციის მოდული მობილური აპლიკაციის მხარდაჭერით“, - აღნიშნა მინისტრმა.
უახლესი