დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოს ულამაზესი საავტომობილო უღელტეხილები

საქართველოს ულამაზესი საავტომობილო უღელტეხილები

09-12-2023 22:54:40

გიზიარებთ ბლოგს: საქართველოს რელიეფის 54 პროცენტი მთაა, 33 პროცენტი - გორაკ-ბორცვი, დაბლობი კი მხოლოდ13 პროცენტია. ისტორიული თუ ბუნების უნიკალური ძეგლები უფრო მეტად მთებშია, მთები კი ერთმანეთს უღელტეხილებით უკავშირდება. საქართველოში 100-ზე მეტი უღელტეხილიარომლებსაც დასახელება აქვს, მათგან ბევრზე საცალფეხო გზა გადადის, მცირე ნაწილზე სამანქანო გზაა. ცენტრალური სამანქანო უღელტეხილები კი ქვეყნის სხვადასხვა მხარეს აკავშირებს ერთმანეთთან.

რიკოთის უღელტეხილი

რიკოთის უღელტეხილი ქვეყნის ორ მხარეს - აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ერთმანეთთან აკავშირებს და ლიხის ქედზე, ზღვის დონიდან 996 მეტრზე გადის. ის ერთ-ერთი მთავარი მაგისტრალი და ყველაზე  დატვირთული და გამტარუნარიანი უღელტეხილია საქართველოში.

თბილისიდან მიმავალი როგორც კი სურამს და შემდეგ სოფელ ჩუმათელეთს გასცდები, რიკოთის უღელტეხილი იწყება. აქ მთის ქვეშ წლების წინათ 1722-მეტრიანი გვირაბი გაიყვანეს, რამაც მგზავრობა კომფორტული გახადა და მანძილი შეამოკლა, თუმცა ბუნების სანახაობის მოყვარულები და მოგზაურები ისევ მთით გადასვლას ამჯობინებენ, რადგან აქ გზა ულამაზეს ფოთლოვან ტყეებში მიდის.

უღელტეხილი მდინარეებითა და პატარ-პატარა შენაკადებითაა დაქსელილი, ძირულასა დარიკოთულას ხეობაში ბევრ დასასვენებელ და საკემპინგე ადგილს იპოვი

მთელ გზაზე  შეგხვდება კვების ობიექტები, სადაც უგემრიელესი ნაციონალური კერძების დაგემოვნებაა შესაძლებელი.

სოფელ შროშაში ხელოვნების ნიმუშების გამოფენას მოგაგონებს ქართული მეთუნეობის პროდუქტების ბაზრობა. აქ შეგიძლია დაათვალიერო და შეიძინო ქართული თიხით დამზადებული სუვენირები, დოქები, სასმისები, ქოთნები, კეცები და სხვა.

ასევე გზად რამდენიმე ადგილია, სადაც ადგილობრივებისგან ხელნაკეთ კალათებსა და ხის საყოფაცხოვრებო ნივთებს შეიძენ.

სოფელ უბისასთან, გზიდან რამდენიმე მეტრში  ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი - უბისის მონასტერია.

მალე რიკოთის უღელტეხილი ჩქაროსნულ მაგისტრალად გადაიქცევა - 96 ახალი ხიდითა და  53 გვირაბით, რაც 52-კილომეტრიან მაგისტრალზე არქიტექტურულ სანახაობას შექმნის.

ჯვრის უღელტეხილი

გუდაურის გადმოსახედი

რიკოთის უღელტეხილის შემდეგ საავტომობილო ნაკადით ყველაზე დატვირთული ჯვრის უღელტეხილია. ის  ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 2379 მეტრზე მდებარეობს, მას ზეგადის საქართველოს სამხედრო გზა, რომელიც არაგვის ხეობას მიუყვება და ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სატრანსპორტო არტერიაა.

უღელტეხილის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე სამთო-სათხილამურო კურორტი გუდაურია. აქ თოვლი შემოდგომაზე მოდის და ზამთრის სეზონი აპრილამდეც გრძელდება.

უღელტეხილზე ბევრი ლამაზი ადგილია მთის პეიზაჟების მოყვარულთათვის.

აბანოს უღელტეხილი

კახეთის მხარეში, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, ცადაზიდულ მთებზე მიიკლაკნება აბანოს ულამაზესი უღელტეხილი, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 3000 სიმაღლეზეა.

თავგადასავლებით სავსე გზა თელავის რაიონის სოფელ ფშაველში იწყება და 72 კმ-ის შემდეგომალოში სრულდება - თუშეთის ადმინისტრაციულ ცენტრში. ამ მანძილის დაფარვას მაღალი გამავლობის ავტომობილით 4 საათი მაინც სჭირდება.

მოასფალტებული მონაკვეთი სტორის ხეობასთან მთავრდება და გრუნტიანი გზა ციცაბო აღმართებზე გრძელდება. ეს გზა დამთვალიერებლებს სილამაზითაც იზიდავს და ადრენალინითაცრადგან ის ერთ-ერთი ყველაზე რთული სატრანსპორტო მონაკვეთია საქართველოში და არამარტო საქართველოში - 2013 წელს ტელეკომპანია  BBC- თუშეთისკენ მიმავალი აბანოს უღელტეხილი ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების სიაში შეიტანა.

აქ თოვლის კედლები ზაფხულშიც შეგხვდება. თორღვას აბანოსთან, რომელიც ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია, უკვე ზღვის დონიდან 1750 -ზე ხარ და ირგვლივ მთების ულამაზესიპანორამაა. მაშინაც კი, როცა ბარში ტემპერატურა 35-40 გრადუსია, დღისით აქ მხოლოდ 5-10 გრადუსი შეიძლება იყოს.

დიდთოვლობის გამო, აბანოს უღელტეხილი ოქტომბრის ბოლოდან ზოგჯერ მაისის ბოლომდე იკეტება და აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილება მხოლოდ ვერტმფრენითაა შესაძლებელი.

დათვისჯვარის უღელტეხილი

დათვისჯვარის უღელტეხილი კავკასიონის ქედის ერთ-ერთი გადასასვლელია და სამანქანო გზით აკავშირებს ერთმანეთთან ხევსურეთის არაგვის ხეობას (პირაქეთა ხევსურეთი) და არღუნის ხეობას(პირიქითა ხევსურეთი).

საქართველოს სამხედრო გზაზე, სოფელ ჟინვალთან ხელმარჯვნივ გადაუხვევ თუ არა, ჩრდილოეთით აიღებ გეზს, ჟინვალის წყალსაცავს ასცდები, უკან ჩამოიტოვებ სოფლებს - ბულაჩაურს, მაღაროსკარს, ჩარგლის გადასახვევს, მერე ბარისახოს აუვლი, გზადაგზა ძველისძველი ნასოფლარები დაგხვდება და სულ მაღლა-მაღლა ახვალ. ირგვლივ მთების მწვანე ფერდობები ცხვრის ფარებით თეთრად  დაწინწკლული მოჩანს, ცოტაც და უღელტეხილის ყველაზე მაღალ წერტილზე მოექცევი.

აქ, როგორც წესი, ყველა ჩერდება და ფოტოაპარატს იმარჯვებს - ერთი ხელის გაწვდენაზეა თოვლიანი მწვერვალები, მთის კალთებზე კი ალპური ხასხასა ყვავილები ყვავის. აქ ზღვის დონიდან 2676 მეტრზე ხარ - ეს დათვისჯვარის უღელტეხილია.

ამ წერტილიდან უკან რომ გაიხედავ, პირაქეთა ხევსურეთი მოჩანს, წინ ისევ მთებია, მდინარე არღუნის ულამაზესი ხეობა და გზა, რომელიც იდუმალი სოფლებისკენ - შატილისა და მუცოსკენ მიდის.

გოდერძის უღელტეხილი

უღელტეხილი ულამაზესი ხედებით

გოდერძი სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის დამაკავშირებელი უღელტეხილია, მასზე გადისბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზა. უღელტეხილის კალთები ციცაბო და დანაწევრებულიაირგვლივ სუბალპური მდელოებია.

როგორც კი აჭარის მხარეს უღელტეხილს გადაივლი, სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძისმიადგები, უღელტეხილზე კეთილმოწყობილი სასტუმროები და კომფორტული კოტეჯები დაგხვდებაკურორტ გოდერძიზე გახსნილი სათხილამურო ტრასა რეგიონში ყველაზე გრძელია - ის 8 კმ-ია დაზამთარ-ზაფხულ მუშაობს ორი სახის საბაგირო. საბაგირო გზის ყველაზე მაღალი წერტილი კი ზღვის დონიდან 2350 მეტრზეა.

გოდერძის უღელტეხილზე ზამთარი უხვთოვლიანია, თოვლი ნოემბრის დასაწყისიდან აპრილამდე გრძელდება.

ირგვლივ ბევრი სანახაობაა, მათ შორის - მწვანე ტბა, კურორტი ბეშუმი და გოდერძის ალპური ბაღი.

ნაქერალას უღელტეხილი

ნაქერალას უღელტეხილი რაჭის ქედზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1218 სიმაღლეზე. ნაქერალა ერთმანეთთან აკავშირებს იმერეთისა და რაჭის მხარეებს. ნაქერალაზე გადისტყიბულ-ამბროლაურის გზა

უღელტეხილი ტყიბულის შემდეგ იწყება და მთელ სიგრძეზე  ფოთლოვანი ტყეები მიუყვება.

როგორც კი ნაქერალას გადაივლი, გზაზე პირველი ღირსშესანიშნაობა შეგხვდება - ნიკორწმინდა.

ეს გზა წელიწადის ყოველ სეზონზე ლამაზია. ნაქერალაზე ხშირად იცის ნისლი, თოვლი ზოგჯერ შემოდგომაზეც მოდის, ზამთარში კი უხვთოვლიანობაა, თუმცა აქტიური მოძრაობის გამო სპეცტექნიკით მუდმივად იწმინდება.

მოკლედ, საუკუნეებია ადამიანები უღელტეხილებს იპყრობენ და უძველესი დროიდან ასეა საქართველოშიც, რადგან, როგორც ძველი ლათინელები ამბობდნენ: via est vita, ანუ გზა სიცოცხლეა.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები