მსოფლიო ბანკის მხარდაჭერილი Log in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია ქვეყანაში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ამ ეტაპისთვის აშენებულია 740 კმ-მდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჯამში, დასრულებული და მიმდინარე ტენდერების მოცულობა შეადგენს 2,000 კმ-ზე მეტს, რომელიც მოიცავს შემდეგ რეგიონებს: გურია, სამეგრელო, აჭარა, რაჭა, ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, იმერეთი.
წარმოდგენილი მიმართულებები სრულად მოიცავს დასავლეთ საქართველოს სამიზნე გეოგრაფიულ არეალებს და 2024 წლიდან სამშენებლო სამუშაოები გაგრძელდება აღმოსავლეთ საქართველოშიც.
2025 წელს, საქართველოს მასშტაბით, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით დაფარული იქნება 1000 - მდე სოფელი, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებები.
შეგახსენებთ, რომ ა(ა)იპ ოუფენ ნეტის მისიაა საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაცია და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, რომელიც, თავის მხრივ, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ოუფენ ნეტი ახორციელებს პროექტს Log-In Georgia, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება და რომლის ფარგლებშიც ხორციელდება, როგორც მაღალხარისხიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული წიგნიერების განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა და ფინანსური სერვისები, ინტერნეტისა და ციფრული სერვისების მოხმარება სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საზოგადოების მიერ.
ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, ოუფენ ნეტი ახორციელებს საპილოტე და Log-In Georgia-ს პროექტების ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურის მართვას, სადაც ნებისმიერ ინტერნეტპროვაიდერს აქვს თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიღების საშუალება.
უახლესი
2 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება