საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე აფასებს და აცხადებს, რომ საქართველომ შეძლო იმ დინამიკის აღდგენა, რაც პანდემიამდელ პერიოდში ფიქსირდებოდა. 6,5 %-იანი მაჩვენებლით, რაც კონსერვატიულ პროგნოზად მიიჩნევა, საქართველო რეგიონში პირველია და ასევე ევროკავშირის მასშტაბითაც, რაზეც ცუცქირიძემ Business Insider Georgia- თან განაცხადა.
,,საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროკავშირშიც. ძალიან ბევრ ქვეყანაში არათუ დაბალი ზრდაა, არამედ შემცირების ტენდენცია შეიმჩნევა, მათ შორის, საბერძნეთში, პოლონეთში, სლოვენიაში და სხვა, სადაც ზრდა ან ძალიან დაბალია ან საერთოდ შემცირებული. მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, საგარეო-სავაჭრო ბრუნვაა. ექსპორტის მოცულობა წინა წლის 6 თვესთან შედარებით, 19,3%-ით არის გაზრდილი, ხოლო, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები - 57,9%-ით, რაც პანდემიამდელი პერიოდის ნიშნულს მკვეთრად აღემატება. პოსტპანდემიური პერიოდი ჩვენ გადავლახეთ და ფაქტობრივად აღდგენილია ის დინამიკა, რაც 2019 წლამდე გვქონდა. პარალელურად საინტერესოა ინვესტიციების მოცულობა, რომელიც ასევე მონაწილეობს ეკონომიკურ ზრდაში. სამი ძირითადი ფაქტორია- ექსპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები, რა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფს“, - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.
ეკონომისტი ვარაუდობს, რომ რეალური ზრდა კონსერვატიულ პროგნოზს გადააჭარბებს და 8%-ს მიაღწევს.
,,გლობალური შოკებიდან, რაც რუსეთ-უკრაინის ომთან არის დაკავშირებული, ჩვენ წინა წელს საკმაოდ მოკრძალებული პროგნოზი (7.2%) გვქონდა, მაგრამ 10%-ს გადააჭარბა. 6%-ზე მაღალი მაჩვენებელი მაინც კონსერვატორული ანუ შედარებით ფრთხილია. ველოდები, რომ ზრდა მაღალი გვექნება წელსაც და არათუ კონსერვატიულ პროგნოზზე გავალთ, სავარაუდოდ 8%-ს მივაღწევთ. ეს იქნება ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში, - დასძინა გიორგი ცუცქირიძემ Business Insider Georgia- თან.
როგორც ცნობილია, ფინანსთა მინისტრმა ლახა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება 6.5%-მდე და ამომწურავად ისაუბრა გარემოებებზე, რამაც საქართველოს ეკონომიკური ზრდა უნდა უზრუნველყოს.
.
უახლესი
1 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა