გიზიარებთ ბლოგს: მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სპორტი გართობისა და დასვენების საყვარელ საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიმართაც გულშემატკივრები განსაკუთრებით ძლიერ სენტიმენტებს განიცდიან. ამ მოცემულობის ფონზე, სპორტის ინდუსტრია წლიდან წლამდე მდგრადად იზრდება და მისი საბაზრო შეფასება უკვე $1 ტრილიონს უახლოვდება. ამასთან, წლიური საშუალო ზრდის მაჩვენებელი 5-6%-ს შეადგენს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სპორტი არა მარტო ცხოვრების გასაჯანსაღებლად და გასართობად, არამედ საინვესტიციოდაც გამოსადეგია.
ამ ინდუსტრიაში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თავად სპორტის სახეობები. დავიწყოთ ყველაზე მარტივით, რომელიც პირდაპირ სპორტულ კლუბებში ინვესტირებას უკავშირდება. ზოგიერთი ორგანიზაცია, მაგალითად: Manchester United, New York Knicks და NY Rangers საფონდო ბირჟაზეა დალისტული, რაც მათში ინვესტირებას განსაკუთრებით ამარტივებს.
უნდა აღინიშნოს, რომ სპორტულ კლუბებში ინვესტირების სტრატეგიას, ძირითადად, გულშემატკივრები და ფანები ირჩევენ, რაც სამომავლო ზრდის შესაძლებლობას ზღუდავს, რადგან ფსონის დადება, ზოგადად, საფეხბურთო სპორტის წარმატებაზე უფრო გონივრული იქნება, ვიდრე ერთ კონკრეტულ კლუბზე.
თუკი უფრო დივერსიფიცირებული არჩევანის გაკეთება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ სპორტის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ბრენდებში ინვესტირების სტრატეგია აირჩიოთ. აი, მაგალითად, მსოფლიოს მასშტაბით სპორტული აქტივობების პოპულარიზაციის ფონზე, სულ უფრო მეტად იზრდება მოთხოვნა სპორტულ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზეც. ამ მიმართულებით არაერთი საინტერესო კომპანიაა წარმოდგენილი, მათ შორისაა: Nike, Adidas, Puma, Lululemon, Under Armour და Asics.
ინვესტიციის ამ მიმართულებით განხორციელების შემთხვევაში, არ მოგიწევთ ერთი კონკრეტული სპორტის სახეობის და კლუბის შერჩევა, რადგან, მაგალითად, კომპანია Nike სპორტის თითქმის ყველა სახეობაშია წარმოდგენილი და მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ათლეტები სწორედ Nike-ის მიერ წარმოებულ პროდუქტებს მოიხმარენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სპორტულ ბრენდებს გასაოცარი მარკეტინგული შესაძლებლობები აქვთ, რადგან, როგორც წესი, სპორტს ყველაზე მეტი მაყურებელი და გულშემატკივარი ჰყავს.
პოპულარობასთან ერთად, ერთგულებაც აუცილებლად გასათვალისწინებელია. სპორტის ფანებს საყვარელი კლუბის, ათლეტებისა და ბრენდების მიმართ განსაკუთრებული ლოიალურობა ახასიათებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ფანების ფავორიტი კომპანიები სტაბილურად ახერხებენ შემოსავლების მიღებას, მიუხედავად კონკურენტების შეთავაზებებისა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით იზრდება ავტო და მოტოსპორტის მაყურებლების რაოდენობა: Formula 1-ის, MotoGP-ის, NASCAR-ის და GT Racing-ის პოპულარიზაციის ფონზე, ამ სარბოლო დივიზიებში წარმოდგენილი ბრენდები გაყიდვების ზრდაზეც მიუთითებენ. ამ კატეგორიის სპორტით დაინტერესების შემთხვევაში, შეგიძლიათ ინვესტიცია პირდაპირ ავტომწარმოებელ კომპანიებში, მაგალითად: Ferrari-ში, Porsche-ში ან Ford-ში განახორციელოთ.
თუკი კონკრეტული ბრენდის გამორჩევა არ გსურთ, მაგრამ გჯერათ, რომ Formula 1-ის მაყურებლების რაოდენობა მომავალშიც გაიზრდება, მაშინ თანხის დასაბანდებლად შეგიძლიათ Liberty Media განიხილოთ, რომელიც Formula 1-ის გაშუქების ექსკლუზიურ ლიცენზიას ფლობს.
რადგან სპორტის ყურება ვახსენეთ, აქვე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ სტრიმინგ-სერვისები და სატელევიზიო არხები, სადაც მოქალაქეები სპორტულ ღონისძიებებს უყურებენ. ამ მიმართულებით ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშე ESPN-ია, რომელსაც Walt Disney Company ფლობს. ასევე, უნდა ვახსენოთ Apple TV+ და Netflix, რომლებიც ისეთ პოპულარულ სპორტულ შოუებს ფლობენ, როგორიცაა: F1: Drive to Survive და Ted Lasso.
სპორტთან მიმართებით კორელაციური ინვესტირების სტრატეგიაც აქტიურად მუშაობს. როგორც წესი, ახალი წლის შემდეგ და ზაფხულამდე ცოტა ხნით ადრე, განსაკუთრებით იზრდება ხოლმე მოთხოვნა ფიტნეს დაწესებულებებზე. ამ მოცემულობის გათვალისწინებით, შეგიძლიათ ინვესტიცია სპორტული დარბაზების ქსელში, მაგალითად, Planet Fitness-ში განახორციელოთ, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 2,400-მდე ფილიალს ფლობს.
საერთო ჯამში, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ სპორტის ინდუსტრიაში უხვადაა წარმოდგენილი საინვესტიციო შესაძლებლობები და ზრდის პოტენციალის მქონე კომპანიები. ამ შესაძლებლობებით პირდაპირი სარგებლის მიღება კი საქართველოს ბანკის მობილბანკში საინვესტიციო ანგარიშის გახსნით და სასურველ კომპანიებში თანხის დაბანდებით შეგიძლიათ.
თანამედროვე მსოფლიოში ბევრი რამ საკმაოდ სწრაფად იცვლება, თუმცა ერთი რამ უცვლელია – ადამიანებს საკვები და სასმელი მუდმივად სჭირდებათ, თანაც ყოველწლიურად იმაზე უფრო მეტი, ვიდრე წარსულში, რაც დედამიწის მოსახლეობის ზრდითაა განპირობებული.
კვების ინდუსტრია ამჟამად დაახლოებით 8 ტრილიონ დოლარადაა შეფასებული, თუმცა პროგნოზირებულია, რომ 2030 წლისთვის ამ ინდუსტრიის მოცულობა 14 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ცხადია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ამ ინდუსტრიაში წარმოდგენილი კომპანიები დროსთან ერთად უფრო მეტი შემოსავლის მიღებას შეძლებენ, რაც, საბოლოო ჯამში, მათი აქციების ღირებულებაზეც აისახება.
თუკი კვების ინდუსტრიაში ინვესტირებას განიხილავთ, მაშინ რამდენიმე არჩევანის წინაშე აღმოჩნდებით. პირველი და ყველაზე პირდაპირი გზა საკვებისა და სასმელების მწარმოებელ კომპანიებში ინვესტირებაა. მაგალითად, შეგვიძლია განვიხილოთ კომპანია Nestle, რომელიც ტკბილეულის წარმოების ბაზრის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 300 მილიარდ დოლარს აღწევს და ის მსოფლიოს მასშტაბით 2,000-მდე ბრენდს ფლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დახლზე წარმოდგენილი პროდუქტების უმრავლესობა სწორედ Nestle-ს მიერაა წარმოებული. ამ ფაქტის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მომავალში Nestle უფრო მეტი შემოსავლის მიღებას შეძლებს.
შესაძლოა, არჩევანის გაკეთება გამაგრილებელ სასმელებზე გსურდეთ. ამ შემთხვევაში ბაზარზე ორ ამერიკულ გიგანტს ვხედავთ: Coca-Cola-ს და Pepsico-ს. ამ კომპანიებს ინვესტორები ყველაზე უსაფრთხო არჩევანად განიხილავენ, რადგან მსოფლიოში რაც არ უნდა მოხდეს, მაინც შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მომხმარებლები კოკა-კოლას და პეპსის მაინც იყიდიან.
ამ სექტორში უხვადაა წარმოდგენილი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიებიც, მათ შორისაა: Heineken, Kweichow Moutai და Anheuser-Busch.
ცხადია, კვების ინდუსტრია მხოლოდ პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს არ მოიცავს, ინვესტიციის განხორციელება რესტორნების ქსელებშიც შეგიძლიათ, მაგალითად: McDonald’s-ში, Chipotle-ში, Domino’s-სა და Wendy’s-ში.
თუკი უფრო დივერსიფიცირებული არჩევანის გაკეთება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ თანხა სუპერმარკეტების ქსელებში, მაგალითად: Walmart-ში, Costco-ში, Target-ში ან Kroger-ში დააბანდოთ. საქმე ისაა, რომ საკვებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიები თავიანთი პროდუქციის რეალიზაციას სწორედ სუპერმარკეტების დახმარებით ახდენენ, შესაბამისად, მსოფლიოს მასშტაბით რაც უფრო მეტი შოკოლადი ან კოკა-კოლა გაიყიდება, მით უფრო მეტი შემოსავალი ექნებათ მაღაზიების ქსელებსაც, ამიტომ პოზიტიური კორელაციის ფაქტორს ამ ინდუსტრიაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
აქვე, კვების ინდუსტრიის რამდენიმე სპეციფიკაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ის, რომ ამ სექტორში წარმოდგენილ კომპანიებს არ ახასიათებთ ციკლურობა, ანუ მათი შემოსავლები არ არის დამოკიდებული წლის კონკრეტულ დროზე ან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, საჭმელსა თუ სასმელს ადამიანები ყოველთვის იყიდიან, წლის პერიოდისა თუ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის მიუხედავად. ეს მოცემულობა სამომავლო პროგნოზების გაკეთებას ამარტივებს, თუმცა ეს იმასაც ნიშნავს, რომ Walmart-ისა თუ McDonald’s-ისგან ისეთ დრამატულ ზრდას არ უნდა ველოდეთ, როგორიც Nvidia-ს ან Tesla-ს შეიძლება ჰქონდეთ.
სტაბილურობას ერთი დიდი უპირატესობაც თან ახლავს – ზემოხსენებული კომპანიების უმრავლესობა პერიოდულად დივიდენდებსაც გასცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციების ფლობის სანაცვლოდ ყოველ კვარტალში კომპანიის მიერ გამომუშავებული მოგების ნაწილს მიიღებთ, რაც პერიოდული შემოსავლის გაჩენის საშუალებას იძლევა. უფრო მეტიც, შეგიძლიათ თქვენი პორტფელის უდიდესი ნაწილი დივიდენდების გამცემი კომპანიებით დააკომპლექტოთ და ამით პასიური შემოსავლის წყარო შექმნათ.
საბოლოო ჯამში, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კვების ინდუსტრიას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, ამ სექტორში არსებული შესაძლებლობების გამოყენება კი საქართველოს ბანკის საინვესტიციო პლატფორმით მარტივადაა შესაძლებელი.
გაცნობებთ, რომ მობილბანკში ინვესტირების დასაწყებად განსაკუთრებული შეთავაზება გელოდებათ: 31 დეკემბრამდე შესაძლებლობა გაქვთ, სრულიად უფასოდ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი საინვესტიციო მოდულით. ამ პერიოდის განმავლობაში არ მოგიწევთ არც ვაჭრობის საკომისიოს და არც საინვესტიციო ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური საკომისიოს გადახდა. გაიგეთ მეტი აქ.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი