2023 წლის ბოლოსათვის საქართველოში Starlink-ის აბონენტების რაოდენობა 200 აჭარბებდა. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ComCom-ში განუცხადეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული რაოდენობის აბონენტების დაგროვება Starlink--მა საქართველოში 1 თვეში მოახერხა, რადგანაც ქვეყანამ ამერიკელი მილიარდერის ილონ მასკის კომპანია Starlink-ის მაღალსიჩქარიანი სატელიტური ინტერნეტის მიღება ოფიციალურად 2023 წლის 1-ელი ნოემბრიდან დაიწყო.
კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ინტერნეტსერვისის ყოველთვიური ღირებულება 160 ლარიდან იწყება 16,643 ლარსაც კი აღწევს, ხოლო სატელიტური სიხშირის მიმღები სპეციალური მოწყობილობის ღირებულება კი 1,780 ლარიდან 8,321 ლარამდეა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ტექნოლოგიური პარკი პირველი ორგანიზაცია იყო, სადაც Starlink-ის სატელიტური თეფში და როუტერი განთავსდა.
ილონ მასკის დაარსებული კომპანიის, SpaceX-ის პროექტი Starlink-ი გლობალური თანამგზავრული სისტემაა, რომლის მიზანიც მაღალი სიჩქარის ინტერნეტის მიწოდებაა ნებისმიერ ადგილში, მათ შორის მიუწვდომელ და მაღალმთიან დასახლებებში.
აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის მიერ საქართველოში Starlink-ის პროექტით შემოსვლას და საქმიანობის დაწყებას წინ უძღოდა აშშ-ში, ლოს-ანჯელესში, SpaceX-ის საწარმოში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელ პირთა შეხვედრა ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც პირველად გამოითქვა ინტერესი საქართველოსა და SpaceX-ის თანამშრომლობის შესახებ. აღნიშნულს მოჰყვა SpaceX-ის დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში. სწორედ აღნიშნული ვიზიტისას გამართული შეხვედრებისას SpaceX - ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადაწყდა.
უახლესი