ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის შესაბამისი შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის სრულყოფილად და კვალიფიციურად მომზადების მიზნით სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტო 2024 წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის საკონსულტაციო ან/და საკონტროლო მომსახურებებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით მიიღებს.
აღნიშნულ მომსახურევბით კი სააგენტო შემდეგი საკონსულტაციო კომპანიებიდან ისარგებლებს: Dechert Georgia, White & Case, Port Consultants Rotterdam, Maritime & Transport Business Solutions B.V. Squire Patton Boggs. პროექტის ბიუჯეტი 2 850 000 ლარია.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საიტზე განტავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, ღონისძიების შეზღუდული ვადები და წინასწარ დაგეგმვის შეუძლებლობა განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებისათვის საჭიროა მაქსიმალურად მოკლედ დროში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებულ ცოდნისა და გამოცდილების იურიდიული, ფინანსური, ეკონომიკური, ტექნიკური და სხვა მიმართულებების საკონსულტაციო და საკონტროლო მომსახურებების შესყიდვა.
„ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის დაწყების დღიდან ამ ეტაპამდე, შემსყიდველ ორგანიზაციას კონსულტაციას უწევდნენ სხვადასხვა საერთაშორისო იურიდიული თუ ფინანსურ/ტექნიკური საკონსულტაციო კომპანიები (White & Case; Dechert Georgia (MG Law); Port Consultants Rotterdam; Maritime & Transport Business Solutions B.V. (MTBS), Squire Patton Boggs).
სააგენტოს 2023 წელს კონსულტაციას უწევდნენ იურიდიულ საკითხებში - Squire Patton Boggs, ხოლო კომერციულ და ტექნიკურ საკითხებში - MTBS და Port Consultants Rotterdam, რომელთაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ მსგავსი პროექტების განხორციელებაში და მათ შორის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების სტრუქტურიზებაში და კარგად იცნობენ აღნიშნულ სფეროში არსებულ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას, ასევე დეტალურად იცნობენ აღნიშნული პროექტის თავისებურებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, რომ სწორედ მსგავსი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის კონსულტანტებთან მოხდეს თანამშრომლობის გაგრძელება, რაც დაზოგავს სააგენტოს დამატებით ფულად რესურსსა და დროს, ასევე შესაძლებელია ხელშეკრულებები გაფორმდეს სხვა მაღალი კვალიფიკაციის/რეპუტაციის და მსგავსი გამოცდილების მქონე საფინანსო ან/და საკონსულტაციო ან/და იურიდიულ კომპანიებთან, რაც წარმოადგენს პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას“, - აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებულ განკარგულების პროექტში, რომელიც ძალაში შესყიდვების სააგენტოს მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოსთვის გამარტივებული შესყიდვის უფლების მინიჭების შემდეგ შევა.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტი არის სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით ერთ-ერთი სტრატეგიული პროექტი, როგორც საქართველოს მთავრობისათვის, ასევე ადგილობრივი მოსახლეობისა და ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ და დაკავშირებულ სფეროებში მოღვაწე სხვადასხვა კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების ზრდა-განვითარებისათვის, შესაბამისად აღნიშნული პროექტის სრულყოფილი და წარმატებული განხორციელება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა.
სსიპ - ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ძირითადი მიზანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების პროექტის განსახორციელებლად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის ახალი ტენდერის მოსამზადებლად შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განახლება, შერჩევის პროცესის დოკუმენტაციის შემუშავება, შერჩევის პროცესის წარმართვა და სხვა.
უახლესი