დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ქვევრის ხარისხი მცირე მარნებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა - იაგო ბიტარიშვილი

ქვევრის ხარისხი მცირე მარნებისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა - იაგო ბიტარიშვილი

03-06-2023 14:15:20

მცირე მარნების მფლობელებისთვის ქვევრის ხარისხი წარმოების ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მიიჩნევა. ამის ერთ-ერთი მიზეზი პროფესიული კადრის დეფიციტია.

როგორც ,,იაგოს ღვინოს“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი Business Insider Georgia- თან ამბობს, ერთი შეხედვით, ბაზარზე დეფიციტი არ არის, მაგრამ ამ დროს ხარისხიანი ქვევრი დიდი იშვიათობაა, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზე აისახება.

„ყველაზე დიდი გამოწვევა მცირე მარნებისთვის ქვევრის ხარისხია. თავის დროზე, როცა დარგს ნაკლებად ექცეოდა ყურადღება, ძალიან ბევრი ქვევრი საზღვარგარეთ გაზიდეს, მეთუნეობაც მივიწყებული იყო, ეს ყველაფერი წარმოებაზე უარყოფითად აისახა. როცა ქვევრის ღვინოს ტრადიცია დაბრუნდა და მოთხოვნა გაჩნდა, ბევრმა დაიწყო ეს სპეციალობა, მაგრამ პროფესიონალი ადამიანი თითზე ჩამოსათვლელია.

როცა ქვეყანაში მაღალი ხარისხით გამორჩეული ყურძნის ჯიშებია და პრემიუმ ღვინო უნდა ვაწარმოოთ, ქვევრის ხარისხი ნამდვილად დიდი პრობლემაა. ეროვნული მნიშვნელობის საკითხია, რადგან ქვევრი ხაზს უსვამს უძველეს ტრადიციას, ჩვენი ისტორიაა და ხარისხი აქ გადამწყვეტია. ქვეყანაში, რომელიც ღვინის სამშობლოდ არის აღიარებული, ქვევრს ვერ ვყიდულობ.

4-5 წელია მუდმივად ქვევრთან დაკავშირებით ვაწყდები პრობლემას. მოთხოვნა დიდია ბაზარზე, მაგრამ მიწოდება ვერ ხერხდება. ზოგმა მეწარმემ ინვესტიციებიც ჩადო ქვევრის წარმოებაში, რაც მდგომარეობას გამოასწორებს, მაგრამ დრო უნდა, ნებისმიერ მცირე მარანს, რომელიც ქვევრის ღვინოს აწარმოებს, დღესდღეობით ამ მხრივ ნამდვილად უჭირს“, - ამბობს ბიტარიშვილი.

როგორც მეღვინე აღნიშნავს, პრობლემა განსაკუთრებით ქვევრის დამზადების ტექნოლოგიას უკავშირდება. პირველ რიგში, ეს არის ქვევრის მედეგობა, ვინაიდან ახლად დამზადებული ქვევრების გარკვეული ნაწილი არის არასათანადოდ გამომწვარი. ზოგიერთ შემთხვევაში კი თიხა არასათანადოდაა გადამუშავებული, ან არასათანადო ადგილიდან მოპოვებული და სხვა, რის გამოც მემარნე ძალიან ზარალდება.

რაც შეეხება ქვევრის ფასს, ლიტრობით განისაზღვრება და ხარისხის შესაბამისად 1,50-დან 3,50 ლარამდე მერყეობს. შეგახსენებთ, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს და გზავნილია მთელი მსოფლიოსთვის, რომ ღვინო უძველესი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია.

ეს აღიარება მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისთვის და ხელს შეუწყობს ქართული ღვინის მსოფლიო პოპულარიზაციას.

ქვევრი ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელია. საქართველოში ქვევრის ღვინოს ბევრი ღვინის კომპანია აწარმოებს. ქვევრის ღვინის წარმოებით, საქართველოს გარდა, ბოლო დროს სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში ექსპორტზე სულ უფრო მეტი ქართული ქვევრის ღვინო გადის, და მათ შორის ისეთ ტრადიციულ ღვინის ქვეყნებში, როგორიცაა იტალია და საფრანგეთი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები