ხორბლის წლევანდელი მოსავალი შარშანდელ მონაცემს თითქმის გაუთანაბრდა. ქვეყანა 2023 წელს დაახლოებით 155 ათას ტონა ხორბალს მიიღებს. 2022 წლის მდგომარეობით, ეს მაჩვენებელი 157 ათას ტონას შეადგენდა. მოსავლიანობის მხრივ მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რეალიზაცია კვლავ გამოწვევად რჩება, ამის შესახებ Business Insider Georgia- ს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, როგორც ძველი, ასევე ახალი მოსავალი გაუყიდავი რჩება. ,,ფერმერები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. მანამდე, ვამბობდით, რომ საფურაჟე ხორბალი არ იყიდება, წელს კი სასურსათო ხორბლის რეალიზაციაც ჭირს. არ არის კლიენტი და შესაბამისად, ფასი გაურკვეველია. ამ დროისთვის გაყიდვები ფაქტობრივად გაჩერებულია. ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნილია, მაგრამ ამას უკვე არც აქვს მნიშვნელობა, რადგან რუსული ხორბალი იმდენად იაფია, ჩვენ გლობალურ ბაზარს რა უნდა შევთავაზოთ.
რაც შეეხება მოსავალს, შარშანდელთან შედარებით, მცირე სხვაობაა, დაახლოებით 155 ათას ტონა ხორბალს ველოდებით, თუკი გაყიდვის პრობლემა ვერ მოგვარდება, მომავალ წელს ხორბლის მოსავლიანობაში მკვეთრი კლება გვექნება", - აცხადებს ბენიაიძე.
მისი შეფასებით, ერთადერთი გამოსავალია, ფქვილის იმპორტის საფასური კიდევ გაზარდონ, რაც ქართულ პროდუქტს რეალიზაციის შესაძლებლობას მისცემს და ფერმერებს შეღავათს გაუწევს.
ბენიაიძის თქმით, ამ ეტაპზე 1 კგ. ხორბლის ფასი 0.45 ლარს არ აჭარბებს, რაც ფერმერებისთვის წამგებიანია.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 12 ივნისიდან საქართველოში იმპორტირებულ ფქვილთან მიმართებაში 5 თვით დროებითი მოსაკრებელი ამოქმედდა. მიზანია, ხორბლისა და ფქვილის საიმპორტო პირობების გათანაბრება. ხორბლის იმპორტი 35%-ითაა გაზრდილი. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 20,657.58 ათასი დოლარის ღირებულების 67,581.67 ტონა ხორბალი იყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 50,080.88 ტონა.
უახლესი