„საპნის სახლი“ ახალგაზრდა წარმატებული მეწარმეების - ლევან ლომთაძისა და ლაშა ლომიძის ერთობლივი ბიზნესია. ამ ეტაპზე ხელნაკეთი ქართული საპნის ბრენდი 20-მდე დასახელების პროდუქტს უშვებს. წარმოების დაწყება მეგობრებს შთააგონა იდეამ - შეექმნათ ისეთი პროდუქტი, რომელიც საქართველოს თითქმის ყველა ოჯახში დაიდებდა ბინას და ექსპორტზეც გაიტანდნენ.
როგორც საპნის სახლი • Soap House-ის თანადამფუძნებელი ლევან ლომთაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, დღეს მათი პროდუქცია როგორც ონლაინ, ასევე სააფთიაქო ქსელების ნაწილში იყიდება და საკმაოდ პოპულარულია. იდეამდე კი ერთმა უბრალო შემთხვევამ მიგვიყვანა, რასაც ლევან ლომთაძე ჩვენთან საუბრისას იხსენებს:
„რამდენიმე წლის წინ მე და ლაშა ლომიძემ გადავწყვიტეთ ქართული წარმოების წამოწყება, თუმცა კონკრეტულად რისი, დიდხანს მოვანდომეთ ფიქრი. ეს უნდა ყოფილიყო პროდუქტი, რომელიც ყველა ოჯახში იქნებოდა საჭირო, საქართველოში ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი ეყოლებოდა და ექსპორტზეც გავიტანდით. საპნის წარმოების იდეამდე ერთმა უბრალო შემთხვევამ მიგვიყვანა: მეგობართან ოჯახში სტუმრობისას მეგობრის ბებო თავის წარსულს იხსენებდა და შემთხვევით ახსენა, რომ მის ახალგაზრდობაში, საბჭოთა პერიოდში, თავისივე ხელით უწევდა საპნის დამზადება. ჩვენი მასპინძლის მოსმენიდან რამდენიმე წუთში უკვე ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა. 19 წლისანი ვიყავით და დიდი რისკი გავწიეთ. ბევრი სირთულე გამოვიარეთ, დავუშვით შეცდომებიც, მაგრამ მიზნამდე მაინც მივედით და წარმოება განვითარების გზაზე დავაყენეთ. ჩვენი პროდუქტი ამ ეტაპზე ორ სააფთიაქო ქსელში „ჯიპისისა“ და „ფარმადეპოში“ იყიდება მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი პროდუქცია აგრეთვე იყიდება ონლაინ და ძალიან პოპულარულია, რასაც მოწმობს ათასობით კმაყოფილი მომხმარებელი, მათმა ერთგულებამ მიგვიყვანა მიზნამდე, თუმცა წინ ბევრი სიახლე გველის, ვაპირებთ, რომ წარმოება მასშტაბური გავხადოთ და ექსპორტზეც მყარად დავიკავოთ ნიშა“, - ამბობს ლევან ლომთაძე.
მისი ინფორმაციით, წარმოებული პროდუქციის 6 ძირითადი სახეობის საპონი ფარმაცევტულ ბაზარზეა წარმოდგენილი, ჯამში კი 20-მდე დასახელების საპონი იწარმოება რომლის შეძენაც ონლაინ არის შესაძლებელი.
„გვინდა, ყველა სააფთიაქო ქსელი და კოსმეტიკის მაღაზია მოვიცვათ. როდესაც წარმოება დავიწყეთ მე და ჩემმა მეგობარმა, საქართველოს ბაზარზე ხელნაკეთი ქართული საპნის ცნობადობა ძალიან დაბალი იყო. შესაბამისად, ნდობის პრობლემაც არსებობდა, თუმცა მას შემდეგ ქართულ ბაზარზე ხელნაკეთ საპნის მიმართ ნდობა საკმაოდ ამაღლდა, რაშიც დიდი წვლილი „საპნის სახლს“აც მიუძღვის. იმისთვის, რომ ქართული ბაზარი სრულად ავითვისოთ, გვინდა, პროდუქცია ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ანალოგიური ქართული და იმპორტული ნაწარმი შეიძლება 2-ჯერ მეტი ღირდეს, მაგრამ მისაღები ფასით გვინდა მეტი მომხმარებელი მოვიზიდოთ და ამავე დროს ქართულ წარმოების პოპულარიზაცია მოვახდინოთ“, - აცხადებს ლევან ლომთაძე.
„საპნის სახლის“ საპნის საწყისი ფასი 5,50 ლარია.
ახალგაზრდა მეწარმის ინფორმაციით, საპონი მზადდება ე.წ. ცივი დამზადების მეთოდით, მასში გამოყენებულია ნატურალური გასუფთავებული ზეთები და ეთერზეთები, არ აქვს დამატებული კოსმეტიკური მავნე სურნელები, რის გამოც არ გამოირჩევა მძაფრი გამაღიზიანებელი სუნით.
პროდუქტში შემავალი ვიტამინები აღადგენენ, აუმჯობესებენ და აახალგაზრდავებენ კანს. ეფექტურად მოქმედებენ სხვადასხვა დაავადების წინააღმდეგ, როგორებიცაა: აკნე, ფსორიაზი, დერმატიტი და ა.შ. პროდუქტი ბიოდეგრადირებადია, რის გამოც, ის საფრთხეს არ უქმნის გარემოს და მასში მცხოვრებ ცოცხალ ორგანიზმებს.
„საპნის სახლი“ (,,მარგის“ სახელწოდებით) 2017 წელს დაფუძნდა და ამ ეტაპზე სტაბილურად 10 ადამიანს ასაქმებს.
კომპანიის გეგმაშია საქართველოს ბაზრის მთლიანად ათვისება და ექსპორტიც, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.
უახლესი
15 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე17 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა17 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს