დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ვილა მოსავალი“ გაფართოებას 2025 წელს დაასრულებს - რომელი ახალი ობიექტების შემატება იგეგმება

„ვილა მოსავალი“ გაფართოებას 2025 წელს დაასრულებს - რომელი ახალი ობიექტების შემატება იგეგმება

21-01-2025 14:00:00

Villa Mosavali • ვილა მოსავალი, რომელიც რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს 2025 წელს რამდენიმე პროექტის მშენებლობას დაასრულებს, ხოლო მეღვინეობის კუთხით ახალ საექსპორტო ბაზრების ათვისებას და ბაზარზე ახალი ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-სთან „ვილა მოსავალის“ გენერალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ შეყრილაძემ განაცხადა, 2024 წელს კომპანიამ 100 ათასი ბოთლი ღვინო გაყიდა, ხოლო 2025 წლისთვის ჩინეთის ბაზარზე შესვლაზე მუშაობს. 

„2024 წელი მეტ-ნაკლებად კარგი წელი იყო. გაყიდვებში ზრდა გვქონდა. საბოლოო ჯამში 100 ათასი ბოთლი ღვინო გავყიდეთ, საუბარია როგორც ადგილობრივ ბაზარზე ისე საექსპორტო ბაზრებზე. არსებული გაყიდვებიდან 40%-ი გავიტანეთ ექსპორტზე, ხოლო 60%-ი შიდა ბაზარზე გაიყიდა.

ჩვენ ღვინის ექსპორტს ძირითადად აშშ-ს და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვახორციელებთ. საექსპორტო ბაზრების დამატებაზე აქტიური მოლაპარაკებები არავისთან არ გაქვს. გვაქვს მცდელობები, რომ ჩინეთის ბაზარზე შევიდეთ. 

დღეისათვის ვილა მოსავალი 24 სახეობის ღვინოს აწარმოებს. ასორტიმენტის ზრდა დაგეგმილი გაქვს და ვნახოთ რა გამოგვივა“, - აცხადებს ნიკოლოზ შეყრილაძე.

აღსანიშნავია, რომ „ვილა მოსავალის“ დამაარსებელთა თავდაპირველი მიზანი იყო შეექმნათ საუკეთესო ხარისხის ღვინო და მასთან ერთად სივრცე – სადაც შესაძლებელი იქნებოდა ღვინის დაგემოვნება კომფორტულ, ლამაზ გარემოში საუცხოო კერძების თანხლებით. მათ გააერთიანეს ტრადიცია და თანამედროვე მიდგომები და შექმნეს გამორჩეული ღვინის ბრენდი -„ვილა მოსავალი“.

როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში წერია, „ვილა მოსავალის“ გამორჩეული ღვინოები, რომელთაც არაერთი ჯილდო მიუღიათ, განსაკუთრებული ტერუარის, ვენახთან მუშაობის გამორჩეული პრინციპებისა და უმაღლესი დონის ღვინის ტექნოლოგიის სინთეზით იქმნება.  კომპანიის ვენახები  განლაგებულია კახეთსა და ქართლში.

„ვილა მოსავალი“ თბილისიდან 30 წუთის სავალზე, მცხეთის რაიონში, სოფელ ახალუბანში მდებარეობს და ის სასტუმროს, სხვადასხვა ღონისძიებებისა და წვეულებისთვის გარე სივრცეებს, ღვინის მარანს, ღია აუზსა და სხვადასხვა მრავალფუნქციურ სივრცეებს აერთიანებს.

სასტუმრო „ვილა მოსავალი“ ოჯახებს, ღვინის მოყვარულებს, საქმიან ვიზიტზე მყოფთ თუ უბრალოდ განტვირთვისათვის ჩასულ სტუმრებს ხარისხიან დასვენებას ჰპირდება. 

როგორც  „ვილა მოსავალის“ გენერალური მენეჯერი ამბობს,  2024 წელს  2023 წელთან შედარებით სასტუმრომ შედარებით ნაკლებ სტუმრებს უმასპინძლა. 

„2024 წელი გასული წლების ზრდას, რომ შევადაროთ ყველაზე ნაკლები ზრდა 2024 წელს გვქონდა. ეს მოსალოდნელი იყო, რადგანაც არეული სიტუაციაა, არამხოლოდ ქვეყანაში არამედ გლობალურადაც. რაც შეეხება 2024 წლის ბოლო კვარტალს საკმაოდ დიდი ვარდნა გვქონდა. 

სასტუმროს სტუმრები ძირითადად ადგილობრივი სტუმრები არიან. თუმცა ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ტურისტულ კომპანიებთან და ტურისტებიც საკმაოდ გვყავდა, როგორც 2023 წელ ისე 2024 წელს. თუმცა 2024 წელს და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში შედარებით ნაკლები ტურისტი მივიღეთ“, - ამბობს სასტუმროს მენეჯერი.  

„ვილა მოსავალმა“ 2024 წელს გაფართოების გეგმების განხორციელება დაიწყო, რომელსაც 2025 წელს დაასრულებს. როგორც საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, პროექტის ჯამური ღირებულება 20 მილიონი ლარია, ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 5 მილიონ ლარს შეადგენს და ის ახალი პროექტის განსახორციელებლად ძირითადი საშუალებების შეძენას მოხმარდება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი 1 ჰა ფართობზე, რესტორნისა (ივენთ ჰოლი) და კიდევ ერთი განსაკუთრებული აუზის მშენებლობა იგეგმება. აღსანიშნავია ისიც, რომ „ვილა მოსავალის“ გაფართოების პროექტი სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში ხორციელდება, რომელიც, უნივერსალური ინდუსტრიული კომპონენტის პროგრამით, სესხის პროცენტის სუბსიდირებას უზრუნველყოფს.

„საკმაოდ დიდი პროექტებს ვახორციელებთ. 2025 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვფიქრობთ, რომ გაიხსნება საღონისძიებო დარბაზი, ხოლო აუზი, რომლის მშენებლობის პროცესშია 2025 წლის მაისის ბოლოსთვის გაიხსნება.

დარბაზი გათვლილია 1000 სკამზე. საკმაოდ დიდი დარბაზია და ამ მასშტაბის დარბაზი თბილისთან ახლოს არავის არ აქვს“, - ამბობს  ნიკოლოზ შეყრილაძე.

გენერალური მენეჯერის თქმით, 2024 წელი არც ობიექტის ტერიტორიაზე განთავსებული კვების ობიექტებისთვის იყო საუკეთესო.  

„იგივე პროპორცია ვრცელდება რესტორანზე როგორც სასტუმროზე. როგორც კი ბაზარზე არის ტურიზმის ნაკლებობა, ან სიტუაცია არ არის შესაბამისი ავტომატურად როგორც რესტორანში ისე სასტუმროში სარეალიზაციო ბრუნვა იკლებს“, - ამბობს  ნიკოლოზ შეყრილაძე.

„ვილა მოსავალი“ საკმაოდ დივერსიფიცირებული ბიზნეს მიმართულებაა და ის რესტორანს ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ფლობს. 

„დოჰაში ამ დროისათვის ერთი რესტორანს ვფლობთ „მოსავალის“ სახელით. კარგი ზრდა გაქვს იმის გათვალისწინებით, რომ ახალი რესტორანია. ზრდის ტენდენცია არის. გაფართოების გეგმები გაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტად არ ვიცით როდისთვის შევძლებთ არსებული გეგმების განხორციელებას“,- აცხადებს „ვილა მოსავალის“ გენერალური მენეჯერი. 


 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები