ხის სათამაშოების მწარმოებელი კომპანია “კოკიტო”, რომელიც ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს, ბოლო წლებში ეკოლოგიურად უსაფრთხო სათამაშოებზე გაჩენილ მოთხოვნის ზრდაზე საუბრობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა ლალიკო გოგიბერიძემ განაცხადა, კომპანია სავაჭრო მოლებში „კოკიტო“ სტენდების დამატებას განიხილავს.
„კოკიტოს“ სათამაშოები ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება და დღეისათვის ის ოცამდე დასახელების პროდუქტს აერთიანებს, რომელიც გათვლილია ერთ წლიდან ექვს წლამდე ასაკის პატარებისთვის.
„ჩვენ რომ ხის სათამაშოების ბიზნესი დავიწყეთ 2019 წელს და მაშინ ნამდვილად არ იყო მოთხოვნა, თუმცა დღეს უკვე გაიზარდა. მშობლებისთვის უფრო ნათელი და მნიშვნელოვანი გახდა პატარების ეკოლოგიურად უსაფრთხო სათამაშოებით თამაში, რომელიც ავითარებს მათ ფანტაზიას, ფერების აღქმის უნარს, მუშაობს ბავშვის სენსორული უნარების განვითარებაზე. სწორედ ამიტომ, ბოლო წლების განმავლობაში მოთხოვნა უფრო მზარდია. ბაზარზე საშუალო დონე გვიჭირავს. არის ჩინური სათამაშოები, რომელსაც შედარებით დაბალი ფასი აქვს და არის საკმაოდ ძვირადღირებული ევროპული ბრენდის სათამაშოები, რომლებიც ბევრად უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ჩვენი “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.
ლალიკო გოგიბერიძის განმარტებით, კომპანია გეგმავს განმავითარებელი და შემეცნებითი სივრცის დამატებას, თუმცა ამ ეტაპისთვის ლოკაცია უცნობია.
„2024 წელს ჩვენ წარმოდგენილი ვიყავით რამდენიმე სათამაშოების ქსელურ მაღაზიაში, ასევე გვაქვს ჩვენი სათამაშოების სტენდი ბაზარი ორბელიანზე და სითი მოლი საბურთალოზე. ჩვენი სამომავლო გეგმაა, რომ დავამატოთ თბილისში, ალბათ უფრო ვფიქრობთ მოლებში, ჩვენი სათამაშო „კოკიტო“ სტენდები. გასულ წელს ასევე დავამატეთ საბავშვო განმავითარებელი სივრცე ბაზარი ორბელიანზე, სადაც მშობლებს შეუძლიათ, რომ ბავშვები დაგვიტოვონ საათობრივად. თვითონ კი ამ პერიოდის განმავლობაში სასიამოვნოდ გაატარონ დრო მაგალითად, მეგობრებთან ერთად, ან უბრალოდ იმუშაონ მაგ დროს და ბავშვები ჩვენ ჩაგვაბარონ. ბავშვებს საშუალება ეძლევათ, რომ ჩვენს სივრცეში ჩვენი სათამაშოებით: განმავითარებელი და შემეცნებითი სათამაშოებით ითამაშონ. ჩვენ გამოცდილი თანამშრომლები გვყავს, რომლებიც ზრუნავენ მათ შვიდ და მყუდრო გარემოზე. ათამაშებენ ბავშვებს და ზრუნავენ მათ შემეცნებაზე და განვითარებაზე. ვფიქრობ, ასეთი სივრცეც ასევე დავამატოთ. ზუსტად ლოკაცია გადაწყვეტილი ჯერ არ გვაქვს “, - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა ლალიკო გოგიბერიძემ.
უახლესი
14 საათის წინ
საქართველომ რეკორდული ღირებულების იახტები იყიდა16 საათის წინ
2024 წელს აშშ-ში ექსპორტი 45%-ით გაიზარდა