დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Breezily, რომელიც ბაზარზე თხევადი შპალერის ტექნოლოგიას აქტიურად ნერგავს, 2025 წელს გაყიდვების ზრდას და საცალო სეგმენტის მაქსიმალურად ათვისებას გეგმავს

Breezily, რომელიც ბაზარზე თხევადი შპალერის ტექნოლოგიას აქტიურად ნერგავს, 2025 წელს გაყიდვების ზრდას და საცალო სეგმენტის მაქსიმალურად ათვისებას გეგმავს

21-01-2025 16:00:00

კომპანია Breezily • ბრიზილი, რომელიც ქართულ ბაზარზე თხევადი შპალერის ტექნოლოგიას აქტიურად ნერგავს, 2025 წელს გაყიდვების ზრდას და საცალო სეგმენტის მაქსიმალურად ათვისებას გეგმავს. 

როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის თანადამფუძნებელმა ზუკა მაისაშვილმა განაცხადა, თხევადი შპალერის ცნობადობის ზრდის პარალელურად მასზე მოთხოვნაც იზრდება.

„ბრიზილი“ ეს არის სიახლე ქართულ სარემონტო ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის კედლის მოპირკეთებას თხევადი შპალერის ტექნოლოგიით, რომელსაც საერთაშორისო მწარმოებლების სტანდარტებით და მათი ნედლეულის ბაზაზე ადგილობრივად აწარმოებს.

აღნიშნული პროდუქტი საზღვარგარეთ საკმაოდ პოპულარულია, ხოლო საქართველოში მისი იმპორტი ხდებოდა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ეს თხევადი შპალერი ცოტა უცხოა, როგორც წესი მომხმარებლები კედლის მოსაპირკეთებლად უფრო ტრადიციულ შპალერს, ან საღებავს ირჩევენ.

გარკვეული გამოცდილება ამ დარგში  გვქონდა  და გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით საქართველოში საწარმო გაგვეკეთებინა. დავიწყეთ სხვადასხვა პროექტზე მუშაობა. შემდგომ გამოჩნდნენ დონორი ორგანიზაციები. მათ შორის: ევროკავშირი, UNDP, სოფლის განვითარების სააგენტო. დაგვიფინანსეს პროექტი და ავაწყვეთ საწარმო, რომლის ძირითადი მიზანია ვაწარმოოთ თხევადი შპალერი.

პირველი 1,5 წელი საწარმოს აშენებას დაეთმო, მომდევნო ერთი წელი იყო ესე ვთქვათ დატესტვა, ფერების შერჩევა, ფორმულების დაჯენა. ბოლო ერთი წელია კი  აქტიურად ვყიდით პროდუქციას. ვთანამშრომლობთ საკმაოდ დიდ კომპანიებთან. 

ჩვენ ვახდენთ სადარბაზოების, კორიდორული სისტემების, კიბის უჯრედების, შიდა სივრცეების მოპირკეთებას. ახლახან დავიწყეთ უკვე საცალო მიმართულებაც “, - აცხადებს კომპანიის თანადამფუძნებელი.

მისივე თქმით, კომპანია აქტიურად ცდილობს დაიწყოს მისი პოპულარიზება საცალო მიმართულებით.

„უკვე გვაქვს კონკრეტული შეკვეთები, დასრულებული პროექტებიც, მაგრამ რესურსი გაცილებით დიდია.

ჩვენი მინიმალური გეგმაა დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი მოცულობა გავაკეთოთ 2025 წელს, ვიდრე 2024 წელს გავაკეთეთ. ბუნებრივია ეს გვინდა, რომ მოხდეს ცნობადობის ზრდასთან ერთად“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი ზუკა მაისაშვილი.

კომპანიის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ თხევადი შპალერი ზოგავს დროს და ასევე გარკვეულწილად ამცირებს ფინანსურ ხარჯს.

„თუ სტანდარტულად კედელი იღებება, ან ხდება ტრადიციული შპალერით გაკვრა საჭირო არის ხუთი ოპერაცია იმისთვის, რომ მივიღოთ გამზადებული ეფექტი. იგულისხმება: ორჯერ დაშპაკვლა, შემდგომ ამის გასწორება - გაშკურვა, შემდგომ ტრადიციული შპალერის გაკვრა ან შეღებვა. აქ , ამ შემთხვევაში ეგეთი პროცედურა არ არის. პირდაპირ ხდება მისი კედელზე წასმა და გაკეთება.

პროდუქტს ბევრი უპირატესობა გააჩნია. კერძოდ, კედელზე არ ჩნდება ბზარები. თუ ახალი კორპუსი არის მოგეხსენათ, როდესაც კედელი იღებება ბზარები უჩნდება. აქ ეს გამორიცხულია. იმიტომ რომ საკმაოდ დრეკადია და საკმაოდ სქელია და მისი გახევა და ბზარის გაჩენა ძალიან რთულია.

მას აქვს ასევე აღდგენის ფუნქცია. მექანიკურად მისი დაზიანება რთულია. მაგალითად: სახლში ბავშვია და კედელზე საღებავი, ან ფლომასტერი წაუსვა, თუ კედელი შეღებილია, ან შპალერია გაკრული, მთლიანი ოთახის რემონტი უნდა მოხდეს. თხევადი შპალერის შემთხვევაში კი შესაძლებელია კონკრეტული კვადრატის ამოჭრა. თქვენ რომ გქონდეთ სარეზერვოდ ერთი ტომარა, შეგიძლიათ იქვე მოზილოთ, გადაუსვათ და გაშრობის შემდეგ  ფაქტურა იქნება ისევ ერთგვაროვანი. პრაქტიკულად დროს ორჯერ-სამჯერ გვაზოგვინებს. ფასში დაახლოებით ორჯერ უფრო იაფია. ამას განაპირობებს ის, რომ ტექნოლოგია არის უფრო ჩქარი და სწრაფი“ - აღნიშნა კომპანიის თანადამფუძნებელმა.

საწარმო მდებარეობს თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ მარაბდაში. ხოლო პროდუქციის რეალიზება ხდება საწარმოდან.

ავტორი:

გვანცა მახარაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები