ფქვილის საიმპორტო გადასახადის ზრდას ხორბლის მწარმოებლები დადებითად აფასებენ. როგორც Business Insider Georgia- თან მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძე აცხადებს, გადაწყვეტილება კარგია, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ იმუშავებს და რეალობაში როგორ აისახება.
ბენიაიძის თქმით, დაპირება მიიღეს, რომ 70 თეთრს მიაღწევს ხორბლის ფასი, რაც თვითღირებულებაზე ნაკლებია, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ოპტიმალურ ფასად მიიჩნევა.
„კარგია, რომ მთავრობამ ჩვენი მდგომარეობა გაითვალისწინა და გარკვეული ზომები მიიღო. ვნახოთ , რამდენად გაამართლებს ასეთი მიდგომა და და რა შედეგამდე მიგვიყვანს. პრემიერისგან მოვისმინეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში დამატებით ზომებს მიიღებენ.
ჩვენ ვიცით, რომ თავიდან შეთანხმება იყო, 70 თეთრად გავყიდდით ხორბალს, რამაც ორი კვირა იმუშავა. რუბლი დაეცა და დაბლა წამოვიდა ფქვილის ფასი, რის გამოც ჩვენი მოსავალიც გაიაფდა.
ახლა გვპირდებიან, რომ 70 თეთრად გავყიდით მოსავალს, ვნახოთ, რა გამოვა. 2 ოქტომბერს აიღეს ნიმუშები მსხვილი ფერმერული მეურნეობებიდან, რომ საერთო სურათი დაინახონ.
ღონისძიებების გატარება დამატებით გახდება საჭირო, ამან ეფექტი თუ ვერ გამოიღო. ჩვენ ხორბლის ფასთან დაკავშირებით 70 თეთრს ველოდებით. თვითღირებულება გაცილებით მეტია, მაგრამ ამაზეც თანახმა ვართ იმიტომ, რომ ცვლილება პურის ფასზე არ აისახოს“, - ამბობს ბენიაიძე.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ კონტროლის მექანიზმიც ჩაერთვება და ფასებს მონიტორინგი დაიწყება, რადგან ბაზარზე არაორდინალური მდგომარეობაა.
„მუდმივი მონიტორინგია საჭირო, გადაწყვეტილება კარგია, მაგრამ პარალელურად კონტროლიც გასაძლიერებელია. რუსეთი ფაქტობრივად ყოველ კვირა აწესებს მცურავ ბაჟს, რაც ბაზარზე არასტაბილურობას იწვევს. მიმაჩნია, რომ უნდა გაკონტროლდეს და დარეგულირდეს ვითარება, თუკი რეალობა ამას ითხოვს. რუსეთი მარცვლეულს ვერ ყიდის მსოფლიო ბაზრებზე და იძულებულია, ნებისმიერ ფასად გაყიდოს საქართველოსა და ახლომდებარე ბაზრებზე. აქედან გამომდინარე, ფერმერებისთვის მაღალი რისკია, ამიტომ მიმაჩნია სწორად მონიტორინგიც გაწევა“, - დასძენს მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ ფქვილის იმპორტზე საიმპორტო გადასახადი 50 ლარით გაიზრდება და 250 ლარს შეადგენს. ამის შესახებ გარემოს დავისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ 2 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიებაა და მოქმედების ვადა 2024 წლის 1-ელ მარტამდე განისაზღვრა.
უახლესი