უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა მდგრადობას ინარჩუნებს. როგორც სებ-ის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშიდან ირკვევა, უძრავი ქონების ბაზარზე მიგრაციის ეფექტი შეიძლება ითქვას, რომ ამოწურულია.
საცხოვრებელი სახლის ხელმისაწვდომობის ინდექსი ბოლო პერიოდში მცირედით გაიზარდა, რაც საშუალო ხელფასის მზარდი დინამიკით არის გამოწვეული. უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობა კი, თავის მხრივ, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის ფუნდამენტური ფაქტორია. წინა პერიოდებში უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი მოთხოვნა ნაწილობრივ მიგრაციის ეფექტის ასახვაცაა. მიმდინარე მდგომარეობით, შეიძლება ითქვას, რომ მიგრაციის ეფექტი ამოწურულია, თუმცა, უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს.
„მიმდინარე პერიოდში უძრავი ქონების ბაზარი ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებს. თუმცა, აქტივობის მკვეთრი ცვლილება ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო შეიძლება გახდეს და მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს. უძრავი ქონების ბაზრის აქტივობა 2022 წელს მკვეთრად გაიზარდა და წლიური ზრდა ორნიშნა ნიშნულს შეადგენდა, რაც ძლიერი ადგილობრივი მოთხოვნითა და გაზრდილი მიგრაციის ეფექტით აიხსნება. აღნიშნული მაღალი ზრდა დაფიქსირდა როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე თბილისსა და ბათუმში. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, ტრანზაქციების რაოდენობა მკვეთრად, თბილისში 17.3, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 21.3 პროცენტით გაიზარდა. სწორედ აღნიშნული საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, 2023 წელს თბილისში ტრანზაქციების 6.2 პროცენტიანი, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ორ კვარტალში 0.7 პროცენტიანი წლიური შემცირება დაფიქსირდა. აღნიშნული შემცირების მიუხედავად, თბილისის უძრავი ქონების ბაზარი ნორმალურ აქტივობას ინარჩუნებს და მკვეთრი ცვლილების ტენდენცია არ შეინიშნება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზრის აქტივობა მდგრადია“, - აღნიშნულია ანგარიშში.
სებ-ის ცნობით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასები მდგრადობას ინარჩუნებს, მოთხოვნის მხარე ძლიერია და აქტივობის მკვეთრი ცვლილებაც არ შეინიშნება. რაც შეეხება მიწოდების მხარეს, მნიშვნელოვ ნად არის გაზრდილი მრავალბინიანი სახლების სამშენებლო ნებართვების მოცულობა, რაც ჭარბი მიწოდების რისკების წყარო შესაძლოა გახდეს. მიგრაციის ეფექტების ეტაპობრივი ამოწურვის კვალდაკვალ საცხოვრებელი უძრავი ქონების ქირის ფასი დასტაბილურდა, თუმცა ქირის ფასი მის გრძელვადიან ტრენდს კვლავ აჭარბებს. საბანკო პორტფელში სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორებზე გაცემული სესხების ხარისხი კარგია, ასევე მდგრადია იპოთეკური სესხების ზრდის ტემპი. თუმცა, დეველოპერულ კომპანიებზე გაცემული სესხების წლიური ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და საყურადღებოა. სწორედ ამიტომ, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგი მნიშვნელოვანია.
უახლესი
6 საათის წინ
Toyota-ს წარმოება კლების ტენდენციით ხასიათდება7 საათის წინ
სესხების დოლარიზაცია შემცირებას განაგრძობს - სებ