გამანადგურებელი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში მასობრივი დაკავებები დაიწყო. დეველოპერებს ბრალი უხარისხო მშენებლობისთვის წარედგინებათ. ამასთან პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა პირს, ვინც ამ პროცესთან კავშირშია - გეოლოგები, სამშენებლო კომპანიების მფლობელები და მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები, რომელთა რაოდენობამ უკვე 115-ს მიაღწია.
თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრამ ძირითადად ახალაშენებული კორპუსები გაანადგურა. უკვე არსებობს დასკვნები, რითაც დასტურდება, რომ ამ შენობების უმეტესობა უხარისხოდ, დაბალბიუჯეტიანი სამშენებლო მასალებით აშენდა.
რამდენიმე ბიზნესმენი სტამბულის აეროპორტში დააკავეს, როცა ქვეყნიდან გასვლას ცდილობდა. მათ შორისაა დეველოპერი იავუზ კარაკუსი, რომელსაც მეუღლესთან ერთად ბილეთი სტამბული-თბილისის ავიარეისზე ჰქონდა აღებული. ბიზნესმენი საქართველოში გეგმავდა მიმალვას. თურქეთის პოლიციის ინფორმაციით, იავუზ კარაკუსი პასუხისმგებელია ქალაქ ადიამანში ათეულობით შენობის ნგრევაზე.
დაკავებულთა შორისაა ,,რენესანს რეზიდენსის" მთავარი კონტრაქტორი მეჰმედ იაშარ ქოშქუნიც. ის ფულით სავსე ჩანთით ქვეყნიდან გაქცევას ცდილობდა. ჰატაიში მეჰმედ ქოშქუნის მიერ აშენებული კომპლექსი მთლიანად დაინგრა და ასობით ადამიანი დაიღუპა. თუმცა ირგვლივ მდგარი შენობები მიწისძვრის დროს ნგრევას გადაურჩნენ.
სამშენებლო ექსპერტების შეფასებით, თურქეთში შენობების მასობრივი ნგრევის გამომწვევი მიზეზი გახდა არასწორი დაპროექტება, შეუსაბამო სამშენებლო ნებართვები და უხარისხო საშენი მასალები, რამაც საბოლოოდ ასეულობით შენობა და ათასობით ოჯახი გაანადგურა.
ცნობისთვის, თურქეთის პარლამენტმა კანონთან შეუსაბამო მშენებლობებზე ამნისტია ბოლო წლებში რამდენჯერმე გამოაცხადა. განადგურებულ ნაგებობებს შორის არის ის 75 000-ი შენობაც,რომელიც ამნისტიის აქტით სარგებლობდა.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა1 საათის წინ
ADB-ის ახალი პრეზიდენტი ჰყავს2 საათის წინ
კიბერრჩევები შავი პარასკევისთვის