სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, 5 ქართული კომპანია მონაწილეობდა ფრანკფურტში გამართულ საკვები ინგრედიენტების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში Food Ingredients Europe-ში. მათ შორის იყო კომპანია "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსი" (GPR), რომელიც ქვეყანაში თხილის გადამუშავებითაა დაკავებული.
როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანია GPR-ის თანადამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ განაცხადა, გერმანიაში გამართულ გამოფენაში ბევრი შემსყიდველი მონაწილეობდა და კომპანიამაც მათთან საექსპორტო არეალის გაფართოებაზე ინტენსიური მოლაპარაკებები დაიწყო.
„ღონისძიება სულ ახლახან დასრულდა. გარკვეული შედეგების მიღწევას სჭირდება დრო, თუმცა გეტყვით, რომ გამოფენა იყო საკმაოდ აქტიური. შემსყიდველები იყვნენ იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სხვა. მათთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს. ქართულ თხილზე ევროპაში სტაბილური მოთხოვნა და ინტერესია“, - აცხადებს ბაია სალუქვაძე.
GPR-ის თანადამფუძნებელი ქართული თხილის კონკურენტულ უპირატესობაზეც ამახვილებს ყურადღებას და მიიჩნევს, რომ ქართულ თხილზე მოთხოვნა იზრდება, რაშიც ბიზნესის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია.
„წელს ქართულ თხილზე განსაკუთრებული მოთხოვნაა, რადგან თურქული თხილისგან განსხვავებით, საქართველოში საკმაოდ კარგი მოსავალი გვქონდა. სწორედ ამაში ვაჯერებთ მყიდველებს, რომ წელს ჩვენი თხილის ხარისხი უკეთესია“, - ამბობს GPR-ის თანადამფუძნებელი
თხილის გადამამუშავებელი კომპანიის მფლობელი ამბობს, რომ საქართველოში მომგებიანი მიმართულებაა როგორც თხილის მოყვანა, ისე მისი წარმოება/გადამუშავება.
„საქართველოში თხილის პირველადი წარმოება საკმაოდ მომგებიანი მიმართულებაა. ფერმერი, რომელიც კარგად უვლის ბაღს, გეგმურად წამლავს - შედეგსაც კარგს იღებს. ჩვენ ფერმერებს ყოველთვის ვეუბნებით, რომ მაქსიმალურად მოუარონ ბაღებს, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი ვერ დაიდება. რაც უფრო მოვლილია ბაღი, პროდუქციის ხარისხიც უკეთესია და შედარებით ძვირ ფასადაც აბარებენ. აქედან გამომდინარე თხილის მოყვანა მომგებიანი მიმართულებაა. რაც შეეხება თხილის წარმოება/გადამუშავებას, ესეც მომგებიანია, თუმცა იზრდება ფასები და მოგების მარჟა იგივე რჩება. საკმაოდ კონკურენტულ პირობებში გვიწევს მუშაობს“, - აცხადებს ბაია სალუქვაძე.
ბაია სალუქვაძე მეუღლესთან პარტნიორობით თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ფლობს, როგორც სამეგრელოში, ისე კახეთში.
კომპანია GPR 2013 წელს დაარსდა. იგი წარმოადგენს ოჯახურს ბიზნესს და პროდუქციის 100%-ს ექსპორტზე ყიდის.
შეგახსენებთ, რომ გერმანიაში, ქ. ფრანკფურტში გაიმართა საკვები ინგრედიენტების უმსხვილესი საერთაშორისო გამოფენა Food Ingredients Europe, სადაც წარმოდგენილი იყო სასურსათო ინდუსტრიის უახლესი ინგრედიენტები.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერითა და ორგანიზებით, გამოფენაზე მონაწილეობდა 5 ქართული კომპანია: Lamaria, Bio Almond Georgia, Snacky, GPR Hezelnut და Georgian Walnut Enterprise.
საქართველოს სტენდზე ღონისძიების სტუმრები ეცნობოდნენ ქართულ პროდუქციას: თაფლს, მიწის თხილის კარაქს, თხილს, ბიო ნუშსა და კაკალს, რამაც გამოფენის ვიზიტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია. Food Ingredients Europe წელიწადში ერთხელ იმართება და ღონისძიებას ყოველწლიურად 25 000-ზე მეტი დამთვალიერებელი სტუმრობს.
უახლესი
3 საათის წინ
როგორია მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სტატისტიკა