ხარისხი არის ჩვენი ძლიერი მხარე, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სტამბა „სეზანის“ გენერალურმა მენეჯერმა სალომე შავერდაშვილმა განუცხადა.
„სეზანის ისტორია 35 წლის წინ ერთი ორფერიანი საბეჭდი დანადგარით დაიწყო. 90-იან წლებში და კომპანიას „პრინტ-შოპი“ ერქვა და 1998 წლამდე ამ სახელწოდებით ოპერირებდა. შემდეგ კომპანია გაიზარდა და ოფიციალურად დაარსდა „სეზანი“. კომპანიაში გუნდი და დამფუძნებელი არ შეცვლილა“, - ამბობს სალომე შავერდაშვილი.
„სეზანის“ სტამბა თბილისში, არჩილ მეფის 1-ელში მდებარეობს. აქვე კომპანიის ოფისიც.
სტამბის გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ წარმოებაში იყენებენ მხოლოდ ევროპულ ნედლეულს და შესაბამისად დამზადებული პროდუქციის ხარისხი მაღალია.
„ჩვენი კონკურენტული უპირატესობაა ის, რომ წარმოებაში ვიყენებთ მაღალი ხარისხის ევროპულ ნედლეულს. დღეს ბაზარზე კონკურენცია ძალიან მაღალია და ბოლო წლებში ძალიან გაჯერებულია სარეკლამო კომპანიებითა და პატარა მოცულობის სტამბებით, რომლებიც მუშაობენ უფრო დაბალ ტირაჟებზე. ჩვენი უპირატესობაა ის, რომ მაღალტექნოლოგიური საწარმო გვაქვს და მაღალ ტირაჟებს ვემსახურებით. საქართველოს ბაზარი მცირეა და ხშირად არის შეკვეთები დაბალ ტირაჟზე და მცირე სტამბებს კონკურენციას ამ კუთხით ვერ ვუწევთ, თუმცა ჩვენი სტამბის სერვისით სარგებლობენ ისინი ვისთვისაც ხარისხისა და ნედლეულის კომპონენტების ბალანსი მნიშვნელოვანია. ეს არის ჩვენი ძლიერი მხარე“, - ამბობს სალომე შავერდაშვილი.
მისი თქმით, კორპორაციულ დამკვეთს სთავაზობენ ისეთ სერვისსა და ფასს, რომ მომსახურება იყოს გრძელვადიანი.
„ჩვენი დამკვეთები არიან როგორც სახელმწიფო სტრუქტურები ისე ბიზნესი. ვთანამშრომლობთ საბანკო სექტორთან, კავშირგაბმულობის კომპანიებთან. ყოველწლიურად ვმონაწილეობთ სახელმძღვანელოების ბეჭდვაში, რაც კომპანიის საქმიანობაზე დადებითად აისახება. საშემოდგომოდ და საახალწლოდ დაკვეთების მოცულობა მაღალია“, - ამბობს სალომე შავერდაშვილი.
რაც შეეხება სიახლეებს, „სეზანი“ პრემიუმ ხაზის შესაფუთი და სასაჩუქრე ყუთების წარმოების სექტორშიც შევიდა.
„ამ მიმართულებას ვავითარებთ. 2024 წელს ვიყიდეთ A1 ფორმატის საბეჭდი დანადგარი. რის შედეგადაც წარმადობის დრო განახევრდა. მაგალითად, შეკვეთის შესასრულებლად 10 საათის ნაცვლად 5 გვჭირდება. ასევე ვგეგმავთ რამდენიმე დანადგარის შეძენას წლის ბოლოსთვის, რაც საშუალებას მოგვცემს რვეულებისა და ბლოკნოტების წარმოების ხაზი კიდევ უფრო განვავითაროთ“,- აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერი.
სალომე შავერდაშვილი ბაზარზე არსებულ გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პროფესიული კადრებისა და ხარისხიანი ნედლეულის დეფიციტია.
„სეზანი“ 35 წელია რაც ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს. ბიზნესში 100-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
39 წუთის წინ
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში გამყარდა