2025 წლის 1 თებერვალს ძალაში შედის ცვლილება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილებაში, რომელიც სპეციალურ დაბეგვრის რეჟიმებს არეგულირებს. ამ სიახლით, სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი აღარ დაიბეგრება მცირე ბიზნესის სტატუსით გათვალისწინებული საშეღავათო რეჟიმით (1%), არამედ დაიბეგრება 20%-ის ოდენობით.
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით საუბრობს ბი ვი ქონსალთინგის მმართველი პარტნიორი ვახტანგ შურღაია.
თქვენი აზრით რამ განაპირობა ცვლილება?
ცვლილების ავტორთა განმარტებით, მიზანი არის სამშენებლო მომსახურებისა და შრომითი ურთიერთობის გამიჯვნის პრობლემის აღმოფხვრა. ხშირად, შემოსავლების სამსახური ინდივიდუალური მეწარმეებისაგან მიღებულ მომსახურებას აკვალიფიცირებს შრომით ურთიერთობად, იმ საფუძვლით, რომ ისინი არ ეწევიან სხვა სამეწარმეო საქმიანობას და მათი მეწარმედ რეგისტრაციის მიზანი მხოლოდ გადასახადის შემცირებაა.
რა გავლენას მოახდენს ცვლილებები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეებზე?
პირველ რიგში ამ სიახლით, სამშენებლო მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი აღარ დაიბეგრება მცირე ბიზნესის სტატუსით გათვალისწინებული საშეღავათო რეჟიმით (1%), არამედ დაიბეგრება 20%-ის ოდენობით. მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ. მეწარმეებს გარკვეულ შემთხვევებში მაინც შეუძლიათ სამშენებლო მომსახურებით მიღებული შემოსავლის საშეღავათო რეჟიმში მოქცევა, თუ მომსახურებას იღებს ფიზიკური პირი (და არა საწარმო ან ინდ. მეწარმე).
ამასთან, ცვლილება არ ეხება დადგენილება №4-ის დანართში მითითებულ საქმიანობებს. აქედან გამომდინარე, თუ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი უზრუნველყოფს სამშენებლო მომსახურებას, ეს უპირობოდ არ გამოიწვევს სტატუსის გაუქმებას, თუ იგი სხვა მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
რა ხდება დავების კუთხით?
როგორც აღინიშნა აღნიშნული საკითხი არაერთხელ გამხდარა სადაო. ჩვენი კომპანიის, ბი ვი ქონსალთინგის, წარმოებაში არსებული ერთ-ერთი სასამართლო დავა სწორედ ასეთ შემთხვევას ეხება. შემოსავლების სამსახურმა ერთ-ერთ კომპანიის სამეურნეო ოპერაციას შეუცვალა კვალიფიკაცია დადაარიცხა დამატებითი გადასახადი. მიუხედავად იმისა, რომ ინდ. მეწარმეები არაერთჯერად საქმიანობას ეწეოდნენ (სხვადასხვა იურიდიულ პირებთან თანამშრომლობითაც), საგადასახადო ორგანომ მაინც შრომითი ურთიერთობის ნიშნები დაინახა.
ამ პროცესში ახალი საკანონმდებლო ცვლილება შეიძლება გახდეს დამატებითი არგუმენტი მეწარმის სასარგებლოდ, რადგან მანამდე, ცვლილებების ამოქმედებამდე, შეუძლებელი უნდა ყოფილიყო ტრანზაქციის გადაკვალიფიცირება, თუ ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად არ მიუთითებდა შრომითი ურთიერთობის არსებობაზე.
რა უნდა გაითვალისწინონ ბიზნესებმა?
ცვლილებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია წლიური გეგმის შედგენისას. ახალი რეგულაცია 1 თებერვლიდან ამოქმედდება, ამიტომ სასურველია, რომ კომპანიებმა წინასწარ მიიღონ კვალიფიციური სამართლებრივი კონსულტაცია საგადასახადო დაბეგვრის სწორად საწარმოებლად.
საყურადღებოა, რომ მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდივიდუალური მეწარმეები გარკვეულ შემთხვევებში კვლავ შეძლებენ სპეციალური დაბეგვრის რეჟიმში საკუთარი სამშენებლო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის მოქცევას. კერძოდ, როდესაც ამგვარ მომსახურებას იღებს არა საწარმო ან ინდივიდუალური მეწარმე, არამედ - ფიზიკური პირი.
აღსანიშნავია ისიც, რომ განხორციელებული ცვლილება არ ეხება დადგენილების №4 დანართში მითითებულ საქმიანობებს. ამდენად, მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის მიერ სამშენებლო მომსახურების განხორციელება არ გამოიწვევს მისთვის ამ სტატუსის უპირობო გაუქმებას.
უახლესი
2 საათის წინ
მალე თბილისში EMAAR ჯგუფის ოფისი გაიხსნება3 საათის წინ
გორგია DolceVita-ს ექსკლუზიური იმპორტიორია5 საათის წინ
ლარი ისევ გამყარდა