დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესის მხარდასაჭერად რომელი პროგრამები განახორციელა სოფლის განვითარების სააგენტომ  2024 წელს

ბიზნესის მხარდასაჭერად რომელი პროგრამები განახორციელა სოფლის განვითარების სააგენტომ 2024 წელს

31-01-2025 17:00:00

სოფლის განვითარების სააგენტო აგრარული დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდასაჭერად.

სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და შენახვარეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით, 2024 წელს 5,300-ზე მეტ ბენეფიციარზე გაცემულია 968.5 ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტი, სახელმწიფოს მიერ განხორციელებულმა სესხის პროცენტის თანადაფინანსებამ 227 მლნ. ლარზე მეტი შეადგინა.

ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ შედეგია. 2024 წელს, სახელმწიფოს მხარდაჭერით 18,978,667 ლარით თანადაფინანსებულია 2,265 ჰა-ზე ახალი ბაღების გაშენება.

სახელმწიფო მხარს უჭერს პროდუქციის შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნას. 2024 წელს 14 კომპანიას გაუფორმდა ხელშეკრულება გადამმუშავებელი საწარმოსა და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნობრიობით. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 5.6 მლნ ლარია.

გასული წლების მსგავსად, ხორცილდება არაერთი პროგრამა სხვადასხვა სიმძლავრის, ახალ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიმართულებით. 2024 წელს მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების და კოოპერატივებისთვის სასოფლოსამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში დაფინანსდა 33.3 მლნ. ლარის ღირებულების 332 ერთეული ტექნიკის შეძენა.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება. გარდა ამისა, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებითი შეღავათი, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროგრამაში თანადაფინანსების მეტი პროცენტის გაცემას.

ხორციელდება ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სერტიფიცირების, საკონსულტაციო მომსახურების, მევენახეობისა და მეფუტკრეობის ორგანულ მეურნეობაში დაშვებული ორგანული სასუქების ან/და ბიოპრეპარატების თანადაფინასებას. ბიოწარმოების პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს, 191,090 ლარით თანადაფინანსებულია 14 ბიომწარმოებელი.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება ქვეყნისთვის ტრადიციული დარგების განვითარება. ამ მიზნით სახელმწიფო ახორციელებს პროგრამას „ქართულ ჩაი“. 2024 წელს, პროგრამის ფარგლებში, 294 ჰა-ზე ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია თანადაფინანსებულია 737,085 ლარით.

თხილის პირველადი წარმოების ხელშეწყობისა და მეთხილე ფერმერების მხარდასაჭერად მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება. 2024 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 95 ათასამდე მოსარგებლის 45,213 ჰექტარი თხილის ბაღი დარეგისტრირდა თხილის კადასტრში. ფერმერებმა მიიღეს დაახლოებით 21.5 მლნ. ლარის მიზნობრივი დახმარება.

სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს კლიმატური რისკებისგან დაიცვან საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2024 წელს დაზღვეულია 16,400 ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი. ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 19.7 მლნ ლარი, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 13.8 მლნ. ლარია. აღსანიშნავია რომ 2024 წელს აგროდაზღვევის პროგრამაში შესული ცვლილებების თანახმად, გაიზარდა დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფართობი - ნაცვლად 10 ჰექტარისა, შესაძლებელია არაუმეტეს 20 ჰექტარის დაზღვევა; მარცვლეული კულტურის დაზღვევის შემთხვევაში კი, ნაცვლად 50 ჰექტარისა, არაუმეტეს 100 ჰექტრის. . მრავალწლოვანი სასოფლოსამეურნეო კულტურების შემთხვევაში, შემცირდა ზარალის შეფასების ვადები და ნაცვლად 21 დღისა, განისაზღვრა 15 დღით. ასევე, სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების ნაწილში შეიცვალა დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის სატელეფონო შეტყობინების ვადა, ნაცვლად 24 საათისა, განისაზღვრა 72 საათით.

ხარისხიანი და უვნებელი აგროპროდუქციის წარმოებისათვის სოფლის განვითარების სააგენტო აგრომეწარმეებს ხელს უწყობს სურსათის უვნებლობლობის მართვის საერთაშორისო სისტემებისა და სტანდარტების დანერგვის, პროდუქციის ბრენდირებისა და შეფუთვის, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მართვის საკონსულტაციო მომსახურების, პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობის თანადაფინანსებასა და სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების მიერ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსებაში. ამ მიმართულებით 2024 წელს 80 ხელშეკრულება გაფორმდა, სააგენტოს თანადაფინანსება 941,829 შეადგენს.

2024 წელს არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა 14 საწარმომ 45 ათას ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 4.5 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მიზნით ხორციელდება სპეციალური პროგრამა. 2024 წელს, პროგრამით დაფინანსდა 58 ბიზნეს იდეა, ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 9,197,695 ლარი, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობამ 4,729,971 ლარი. სოფლის განვითარების სააგენტოს აგროსასურსათო სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, მოთხოვნიდან და არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ყოველწლიურად იხვეწება, ემატება ახალი ინიციატივები და პროგრამები.

„მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის“ სახელმწიფო პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში 2024 წელს17,570,997 მლნ ლარით თანადაფინანსებულია 513 ბენეფიციარი.

2024 წელს, მეფუტკრეობის დარგის მხარდასაჭერად მეფუტკრეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა, რომელთა მიზანია ხარისხიანი თაფლის წარმოების ხელშეწყობა. პროგრამის ფარგლებში 155 ბენეფიციარს 470,178 ლარით დაუფინანსდა 952,297 ლარის ღირებულების სკების შეძენა.

მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები ფერმერების მცირე ზომის სასოფლოსამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა“ განხორციელდა. მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, მცირეგაბარიტიანი სასოფლოსამეურნეო ტექნიკის შესყიდვა 3,594 პირს 4,994,975 ლარით დაუფინანსდა.

კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წლიდან, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონში ირიგაციით უზრუნველყოფილ მიწის ნაკვეთებზე „სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ იმპლემენტაცია დაიწყო.

2024 წელს ახალი პროგრამა „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ დაიწყო, რომლის მიზანი ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობაა. პროგრამის ფარგლებში 24 ბენეფიციართან გაფორმდა ხელშეკრულება, თანადაფინანსება 1,250,828 ლარია.

ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 48 მწარმოებელ კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა პროდუქცია. ქართულმა კომპანიამ წარმოადგინა საკუთარი პროდუქცია სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე გერმანიაში, ლატვიაში, საუდის არაბეთში, აზერბაიჯანში, ნიდერლანდებსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

სოფლის განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროგრამას „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ კახეთსა და შიდა ქართლში ახორციელებს, 2024 წელს ჩატარდა საბაზისო კვლევა, რომელიც მოიცავდა ფერმერების ინტერესების განსაზღვრას მათთვის აგროკონსულტაციების მიწოდების საჭიროების შესახებ. შემუშავდა მცენარის განვითარების ფაზების, კლიმატური და მავნებელ დაავადებების რისკების აგრო კალენდარი, ყოველთვიური და ყოველკვირეული სარეკომენდაციო რჩევები; შეიქმნა GECSA-ს აპლიკაციის დემოვერსია. პროექტში ჩართულ ორივე რეგიონში 2024 წელს დამონტაჟდა 9 მეტეოსადგური და 1 მავნებლების იდენტიფიცირების მოწყობილობა.

სოფლის განვითარების სააგენტო, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ახორციელბს პროგრამას „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“. პროგრამა ექსტენციის სამსახურების ინსტიტუციური გაძლიერებისა და მცირე ფერმერებისთვის ექსტენციის მომსახურების მოქნილი, მრავალფეროვანი და ეფექტიანი მიწოდების უზრუნველყოფის მიზნით, იმერეთის, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გეოგრაფიულ არეალში მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს, შემუშავდა ხორბლისა და კარტოფილის შესახებ საექსტენციო პაკეტები, რომელიც მიზნობრივ რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისათვის ითარგმნა სომხურ ენაზე. გამოცხადდა სტარტაპ გრანტები, რომლებიც მოიცავს ექსტენციის კომპონენტს და ცოდნის გადაცემის მექანიზმებს; პროგრამის ფარგლებში, მიზნობრივ რეგიონებში პროფესიული და უმაღლეს სასწავლებლების სტუდენტებისათვის სტაჟირების პროგრამა ამოქმედდა.

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამები და პროექტები მოიცავს, როგორც ენერგოეფექტური მრეწველობის, ასევე, ხე-ტყის დამამზადებელი მექანიზაციის თანადაფინანსების შესაძლებლობას.

ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, ხორციელდება „ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა“. პროგრამის ფარგლებში, 2024 წელს, საქართველოს მასშტაბით 361 ერთეული ენერგოეფექტური ღუმელის შესყიდვა თანადაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამა ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ერთობლივი პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა - „ECO.Georgia” ფარგლებში.

ავტორი:

ნინო ჭანტურია
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები