გიზიარებთ ბლოგს: 10 ნოემბრიდან 12 ნოემბრის ჩათვლით თბილისის წიგნის დღეები გაიმართება – ტრადიციულ მისამართზე, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში. 3 დღის განმავლობაში საერთო სივრცეში თავს მოიყრის ათეულობით ადგილობრივი გამომცემლობა, სტამბა თუ წიგნების მაღაზია. წიგნის დღეები საუკეთესო დრო და სივრცეა, შეარჩიო შენთვის საყვარელი წიგნები და, რაც მთავარია, აღმოაჩინო ახალი ლიტერატურა.
ქართული ლიტერატურისთვის წლევანდელი წელი და, ზოგადად, ბოლო რამდენიმე წელიწადი გამორჩეულად კარგი და მრავალფეროვანი გამოვიდა – ბევრი საინტერესო, ახლებური, განსხვავებული წიგნი გამოიცა. ქვემოთ სწორედ რამდენიმე ასეთ გამორჩეულ ტექსტს წარმოგიდგენთ, რომელთა შეძენასაც წიგნის დღეებზე შეძლებთ:
გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის, ზაზა ბურჭულაძის კიდევ ერთი შესანიშნავი რომანი – გამორჩეული შინაარსობრივი და ენობრივი ელემენტებით. რეფერენსებით, ამოცანებითა და გადათამაშებებით სავსე ამბავი, რომელსაც სიცხადით, აგრესიით, სევდითა და მხიარულებით გვიყვება მწერალი. ტექსტში ბევრ ნაცნობ ადამიანს და საკუთარ თავს იპოვით. ასევე, შეიძლება ვერ იპოვოთ გალაკტიონი, მაგრამ აუცილებლად იგრძნობთ.
ბევრისთვის არჩილ ქიქოძე თანამედროვეობის საუკეთესო მთხრობელია, საუკეთესოდ ჰყვება ამბებს – „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ კაცობრიობისთვის მუდამ აქტუალური თემებითაა სავსე – სიკვდილი და სიცოცხლე, წარსული და აწმყო; სიმბოლოები, ალუზიები და კიდევ ის რაღაც, რაც ამ ავტორის ატმოსფეროს განუყოფელი ნაწილია, სრულიად თავისებურად გაკითხებს ყველაფერს და გაფიქრებს ყველაფერზე.
გოგა ქობალია ახალბედა მწერალია და სადებიუტო რომანშივე მძიმე თემას შეეჭიდა – რომანი მცდელობაა, მაგიური რეალიზმისთვის დამახასიათებელი სტილით, ალეგორიებითა თუ მხატვრული ხერხებით, დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეტაპი დაიმარცვლოს. ამოცანა, თუკი შეიძლება რომანს ამოცანა ჰქონდეს, 90-იანი წლების სიმძიმისა და დღევანდელობამდე ამ ინერციის გააზრებაა.
ესაა მცირე წიგნი, ძალიან მოკლე ამბავი ქალაქსა და ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზე. ყველაზე უფრო ყოფითი ამბები, ნაცნობი გარემო და ნაცნობი დრო, რომელიც ავტორის შესანიშნავი სამწერლობო ტალანტის წყალობით, ლაკონიური და ვრცელი თქმების მონაცვლეობით, აბსოლუტურად უცნობ სივრცეში, უცნობ ქალაქში, უცნობ ადამიანებთან გამყოფებს.
ახალგაზრდა ქართველმა მწერალმა, ივა ფეზუაშვილმა უკვე დაამტკიცა საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები, ახალი რომანი ამ აზრის კიდევ ერთი, ახლებური მტკიცებულებაა. რომანი ტრილოგიის მესამე და ბოლო ნაწილს წარმოადგენს. მამებისა და შვილების მუდმივი ჭიდილი, ფიქრები და საუბრები – რა იყო წარსულში და რა იქნება მომავალში – ამბავი თაობებს შორის მოგზაურობს და პასუხებს ეძებს.
თანამედროვე ქართული პოეზიის გამორჩეული წარმომადგენელი, ზაზა კოშკაძე ლექსების ახალი კრებულით დაბრუნდა. ენა, რომელსაც პოეტი იყენებს და ენა, რომელსაც ის გრძნობს, არაფერს ჰგავს. სალექსო მიგნებები, პოეტური რიტმი და ლირიკული ბმა, რომელიც ლექსებს ცალ-ცალკე და ერთად უყრის თავს ამ კრებულს, სრულიად უნიკალურია.
ქართველი პოეტი, ნუგზარ ზაზანაშვილი 2021 წელს გარდაიცვალა – ერთი წლით ადრე გამოიცა ეს პოეტური კრებული, რომელიც აერთიანებს პოეტის მთელს შემოქმედებას, ჟურნალ-გაზეთებში მიმოფანტულ ლირიკას. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ეს ლირიკა არაფერს ჰგავს, ცალკეა, ინდივიდუალურია და აუცილებლად იმსახურებს საკუთარ მკითხველს. თანამედროვე ქართულ პოეზიას სასიცოცხლოდ სჭირდება ასეთი კრებულების წამოწევა და წაკითხვა.
ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესმა ქართველმა პოეტმა, ბესიკ ხარანაულმა 2020 წელსაც მოახერხა ახალი სიტყვის თქმა – „დიდი სმა“ მის შემოქმედებაში და, ზოგადად, ქართული ლირიკის ისტორიაში ახალია. სტრიქონების წერის ლოგიკა მკითხველისთვის ბუნდოვანია, სიტყვების შინაგანი რიტმი თითოეულად და მთლიან აბზაცებად უცნაური ზემოქმედების მქონეა. საუკეთესო მოქართულეა ბესიკი და ამ წიგნშიც საუკეთესოდ იმარცვლება ეს ენობრივი თუ ემოციური მისტიკა.
წიგნის დღეებზე იმავე და სხვა ქართველი ავტორების კიდევ ძალიან ბევრი კარგი წიგნის შეძენას შეძლებთ, თანაც განსაკუთრებული შეთავაზებებითა და ფასდაკლებებით. წიგნების გამოფენა-გაყიდვის გარდა, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონი მრავალფეროვან კულტურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას გააერთიანებს.
ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი