გიზიარებთ ბლოგს: სკოლის მოსწავლეებისთვის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკმა კომაროვის სკოლასთან პარტნიორობით საგანმანათლებლო პროექტი — STEM სკოლა — წამოიწყო. STEM სკოლა მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, პრაქტიკული და თეორიული ცოდნა ბიოლოგიის, ინჟინერიის, ქიმიის, ფიზიკისა და ტექნოლოგიის სფეროში გაიღრმაონ. STEM სკოლაში მონაწილეობის სურვილი უკვე ათასობით მოსწავლემ გამოთქვა, შერჩეული მონაწილეები კი 1-წლიანი სასწავლო კურსის სტუდენტები გახდნენ.
გამომდინარე იქიდან, რომ განათლების შესაძლებლობა ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდეს, STEM სკოლაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. ასე რომ, დაინტერესების შემთხვევაში, პროექტში ჩართვას საქართველოში ნებისმიერ ნაწილში მცხოვრები მოსწავლეები შეძლებენ. ამ ეტაპზე STEM სკოლაში სწავლა ისევ მიმდინარეობს, მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო და მათთვის ახალ თემას უკვე გაეცნენ. ქვემოთ თავიანთ შთაბეჭდილებებს ქუთაისის №41 ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეები გვიზიარებენ, რომლებმაც საქართველოს ბანკის სტიპენდია მოიპოვეს და სრულად დაუფინანსდათ როგორც სწავლა, ისე კურსისთვის საჭირო მოწყობილობებიც.
“STEM განათლება აერთიანებს მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, ინჟინერიასა და მათემატიკას, სკოლის პროგრამით კი მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაზე გვაქვს შეხება. ჩვენ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში ვცხოვრობთ, ამიტომ ძალიან დიდი სურვილი მქონდა, შემესწავლა ინჟინერია და მეტი გამეგო ტექნოლოგიებისა და ამ ოთხივე კომპონენტის ურთიერთკავშირის შესახებ. STEM სკოლამ ჩემი მოლოდინები გაამართლა, რისთვისაც პროექტის შემქმნელებისა და პედაგოგების მადლობელი ვარ. ამასთანავე, STEM სკოლაში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან სახალისო და საინტერესო იყო. პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა რეგიონის ნიჭიერი თანატოლები გავიცანი. სწავლების პერიოდში კი ჩემთვის ყველაზე საინტერესო წრედების აწყობის პროცესი იყო, რაც მომავალში ტექნოლოგიების მარტივად აწყობაში დაგვეხმარება. STEM მიმართულება მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ვითარდება, ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, სწავლა ამ მიმართულებით განვაგრძო”, — ასე აფასებს STEM სკოლას თეკლა ჩოგოვაძე.
STEM სკოლა მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, ელექტროინჟინერიასა და პროგრამირებაში საბაზისო ცოდნა მიიღონ, გაკვეთილებს კი STEM სწავლების გამოცდილების მქონე კომაროვის პროფესიონალები ატარებენ. როგორც ჩანს, თეკლასთვის ყველაზე საინტერესო წრედების აწყობის პროცესი იყო, ხოლო ანასტასია კუჭავას კოდის წერის შესწავლა განსაკუთრებით მოეწონა.
“ჩემი მეგობრები ამ პროექტში შარშან ჩაერთნენ, ამიტომ STEM სკოლის შესახებ თავიდანვე ბევრი ვიცოდი. მოლოდინი მქონდა, რომ გაკვეთილები საინტერესო, ინოვაციური, აქტუალური და მხიარული იქნებოდა. ჩემი მასწავლებლის, უტა კილასონიას, გაკვეთილებმა მოლოდინს გადააჭარბა. დიდი მადლობა საქართველოს ბანკს და კომაროვის სკოლას ამ შესაძლებლობისთვის. STEM სკოლის თითოეული გაკვეთილი თავისებურად საინტერესო და გამორჩეული იყო. განსაკუთრებით გამოვარჩევდი იმ გაკვეთილს, როცა კოდის წერა ვისწავლეთ. პირველად დაწერილი კოდის შედეგად ამუშავებულმა სისტემამ უდიდესი სიხარული მომანიჭა.
ვფიქრობ, მხოლოდ ერთი მოდული არ არის ძალიან დიდი გამოცდილება, მაგრამ ბევრ ისეთ საკითხში გავერკვიე, რაზეც აქამდე წარმოდგენა არ მქონდა. ყველაზე საინტერესო გაკვეთილები ალბათ ჯერ კიდევ წინაა. დღეს ჩვენი თაობა ინდუსტრიული ევოლუციის მოწმეა. ვხედავთ ხელოვნური ინტელექტის რობოტებსა და ინტერნეტის შესაძლებლობებს. ტექნოლოგიებმა და ინოვაციებმა მისეულად უნდა გარდაქმნან სამყარო, რაც ბოლო პერიოდში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ, მხოლოდ სასკოლო საგნების შესწავლა აღარ იქნება საკმარისი. ჩემს მომავალ პროფესიასაც ალბათ STEM მიმართულებას დავუკავშირებ”, — ამბობს მე-8 კლასის მოსწავლე, ანასტასია კუჭავა.
STEM სკოლის მოსწავლეების შეფასებით, პროექტში განსაკუთრებით იმ ცოდნისა და გამოცდილების მიღების პროცესი მოსწონთ, რომლის შესაძლებლობაც აქამდე სკოლაში არ ჰქონიათ. გარდა იმისა, რომ STEM სკოლის გაკვეთილები საინტერესოდ მიმდინარეობს, სწავლის პროცესი შემეცნებითი და სახალისოცაა.
“სიმართლე რომ ვთქვა, STEM სკოლაზე ჩემი კლასელებიდან ბევრი რამ უკვე ვიცოდი, ამიტომაც ზოგადი წარმოდგენა უკვე შექმნილი მქონდა. ვიცოდი, რომ ისეთ რაღაცებს ვისწავლიდი, რაც რეალობაში გამომადგებოდა და მართალიც აღმოვჩნდი, თუმცა ამასთან ერთად STEM სკოლა ბევრი სხვადასხვა უნარის გაუმჯობესებაზეა კონცენტრირებული. STEM სკოლაში ძალიან ბევრ საინტერესო საკითხზეა საუბარი, რაც ძალიან მიზიდავს. ზოგადად, მინდოდა ინჟინერია უკეთ შემესწავლა და ეს პროექტი ნამდვილად დამეხმარა ამაში. ვფიქრობ, რომ STEM სკოლა ძალიან კარგი შესაძლებლობაა ყველასთვის, რათა ისწავლონ ისეთი საკითხები, რომლებსაც ჩვეულებრივ სკოლებში ვერ ისწავლიან, მით უმეტეს, თუ ვინმე აპირებს მომავალი ინჟინერიას ან რაიმე მსგავსს პროფესიას დაუკავშიროს. ასევე, STEM სკოლა პროგრამირების უნარებსაც ავითარებს, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია”, — ამბობს STEM სკოლის შესახებ გიორგი ჯვარშეიშვილი.
STEM სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ მიმდინარეობს, ხოლო ვინც სასწავლო კურსს წარმატებით გავლის, ბოლოს სერტიფიკატიც გადაეცემა. აღსანიშნავია, რომ STEM სკოლაში სწავლა 400-მდე მოსწავლემ დაიწყო, ხოლო საქართველოს ბანკის სტიპენდია 100-მდე მოსწავლემ მოიპოვა.
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი