დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
SOLO-ს სამოგზაურო Bucket List – დაუვიწყარი შემოდგომა

SOLO-ს სამოგზაურო Bucket List – დაუვიწყარი შემოდგომა

01-10-2023 14:42:35

ცხელი და ხმაურიანი ზაფხულის დღეების შემდეგ შემოდგომის გარდამავალი ატმოსფერო, ზომიერი სითბო და ფერების პალიტრა მოგზაურობისთვის განსაკუთრებულ განწყობას ქმნის. როცა პოპულარული ტურისტული ცენტრები ვიზიტორებისგან განტვირთვას, ხოლო საქმიანი რუტინის სივრცეები ახალ რიტმში ჩაბმას იწყებს, თავგადასავლებითა და ეგზოტიკური შთაბეჭდილებებით სავსე დასვენების მოწყობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

SOLO-მ საშემოდგომო მოგზაურობისთვის იდეალური ადგილების Bucket List შექმნა. შემოდგომის Bucket List-ის 13 დანიშნულების ადგილიდან თქვენთვის სასურველი სტილის დასვენების შერჩევას მარტივად მოახერხებთ:

Amangiri Resort, აშშ

ამერიკის სამხრეთ-დასავლეთის უდაბნოში, იუტას კანიონთან ახლოს მდებარე Amangiri Resort ლანდშაფტთან ჰარმონიული არქიტექტურით, მომხიბვლელი ხედებით და მაღალი დონის სასტუმრო მომსახურებით გამოირჩევა. რეზორტი კომფორტის, ხარისხისა და პირადი სივრცის მოყვარულთათვის იდეალური ადგილია, სადაც ვიზიტორებს საინტერესო სტილში გადაწყვეტილ, ფართოტერასიან ნომრებთან ერთად ამერიკელი აბორიგენების ტრადიციებზე დაყრდნობით შექმნილი სარელაქსაციო თერაპიით, ღია აუზებით, კანიონში ლაშქრობით ან საჰაერო ბურთის ტურებით განტვირთვა შეუძლიათ.

Juvet Landscape Hotel, ნორვეგია

ბუნებასთან ჰარმონიის იდეითაა შთაგონებული Juvet Landscape Hotel-ც, რომელიც ევროპის უკიდურეს ჩრდილოეთში, ნორვეგიული ტყეების მშვიდ და მომხიბვლელ გარემოში განმარტოების შესაძლებლობას გთავაზობთ. სასტუმრო მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი კოტეჯების კომპლექსია, რომლის თითოეული ნაგებობა გარემომცველი ბუნების განსხვავებულ პანორამულ ხედს გადაჰყურებს. სასტუმრო ასევე იდეალური ადგილია ლაშქრობის, თევზაობის და სხვა გარე აქტივობების მოყვარულებისთვის.

The V8 Hotel – Motorworld, გერმანია

Motorworld Hotel ბობლინგენში (შტუტგარტის რეგიონი) მდებარე ავტოსამყაროს კომპლექსის ნაწილი და ავტომოყვარულების სამოთხეა. სასტუმრო ავტოინდუსტრიის ისტორიისა და შესაბამისი კულტურის ხორცშესხმაა. თითოეული ნომრის ინტერიერი სასტუმროს საერთო თემატიკის შესაბამისი ავეჯით და დეკორატიული ელემენტებითაა შექმნილი. სასტუმროს დერეფნებსა და ოთახებში შეხვდებით კლასიკური ხანის არაერთ ვინტაჟურ მანქანას. გარდა ამისა სასტუმროს მიმდებარე ავტოსამყაროს კომპლექსში ასევე შეხვდებით თემატურ შოურუმებს, მუზეუმებსა და ავტოგამოფენებს.

Yves Saint Laurent-ის მუზეუმი, მაროკო

ლეგენდარული დიზაინერის მუზეუმი მაროკოს ისტორიულ ქალაქში – მარაკეშში მდებარეობს და ის ივ სენ ლორენის მდიდარ შემოქმედებას ეძღვნება. მაროკოული ტრადიციებისა და თანამედროვე არქიტექტურის შეხამებით შექმნილი მუზეუმი, რომლის შენობაც დამოუკიდებელი ხელოვნების ნიმუშია, ვიზიტორებს დიზაინერის ნამუშევრების, ესკიზებისა და ფოტოების დათვალიერების საშუალებას აძლევს. მუზეუმის კომპლექსის ნაწილია ბერბერის მუზეუმიც – ჩრდილოეთ აფრიკელი ხალხების მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის საცავი.

ბაობაბების ხეივანი, მადაგასკარი

ბაობაბების ხეივანი იგივე „ბაობაბების გამზირი“ დასავლეთ მადაგასკარის მთავარი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობაა. აფრიკული ქვეყნებისთვის ენდემური ეს მრავალსაუკუნოვანი ხეები ქვიშიანი ვაკეების ფონზე ზღაპრულ სანახაობას ქმნიან, განსაკუთრებით – მზის ჩასვლისა და ამოსვლისას, რაც ბაობაბების ხეივანს ფოტოგრაფებისა და ტურისტების საყვარელ დანიშნულების ადგილად აქცევს.

Taj Lake Palace, ინდოეთი

Taj Lake Palace დასავლეთ ინდოეთის ქალაქ უდაიპურთან მდებარე პიჩოლას ტბაში „მოტივტივე“ თეთრი მარმარილოს სასახლეა, რომელიც მრავალსაუკუნოვან ისტორიას, შთამბეჭდავ არქიტექტურას და მაღალი დონის სასტუმროს მომსახურებას აერთიანებს. სასახლის სტუმრებს ტბისა და ქალაქის ულამაზესი პანორამით ტკბობასთან ერთად სპაში განტვირთვის, ინდური სამზარეულოს დელიკატესების დაგემოვნების და ინდოელი პრინცების მრავალსაუკუნოვანი რეზიდენციის – უდაიპურის ქალაქის ციხის მონახულების შესაძლებლობა აქვთ.

Treehouse Lodge, პერუ

ბავშვობაში ალბათ ხეზე აშენებული სახლში ერთხელ მაინც ყველას უთამაშია. პერუში, ამაზონის ტროპიკული ტყეში მდებარე Treehouse Lodge ეკომეგობრული სასტუმროა, რომელიც ბავშვობის სასიამოვნო მოგონებასთანაც დაგაბრუნებთ და ამავდროულად ჯუნგლების უნიკალური ფლორისა და ფაუნის აღმოჩენის საშუალებასაც მოგცემთ. გარდა ამისა, სასტუმრო დამსვენებლებს გიდის თანხლებით ჯუნგლში დღის და ღამის ლაშქრობებს, ადგილობრივი ხალხების სოფლებში კულტურულ და გასტრონომიულ ტურებსაც სთავაზობს.

Puffing Billy Train, ავსტრალია

Puffing Billy-ის ისტორიული რკინიგზა ავსტრალიაში მელბურნისა და დანდენონგის მთიანეთის მახლობლად მდებარეობს. რკინიგზაზე დღემდე მხოლოდ ძველი ორთქლის ლოკომოტივები მოძრაობენ და მგზავრებს ავსტრალიის მწვანე ტყეების პანორამული ხედებითა და ისტორიულ სადგურებით ტკბობის საშუალებას სთავაზობენ. ვინტაჟური მატარებლები ასევე ცნობილია ღია სამგზავრო ვაგონებით და ინტერაქციული ლოკომოტივებით, სადაც მგზავრებს მატარებლის მართვაში მონაწილეობაც შეუძლიათ.

Arctic Resort East Village, ფინეთი

ფინეთის არქტიკული ზონის რეზორტი ზამთრის კურორტებისა და აქტიური დასვენების მოყვარულებისთვისაა. Arctic Resort East Village არქტიკულ წრეში, ფინეთის ლაპლანდიის უნიკალური ველური ბუნების წიაღშია. რეზორტის ტერიტორიაზე შეხვდებით როგორც მდიდრულ კოტეჯებს, ისე მინისჭერიან იგლუებს, რომლებიც ჩრდილოური ციალზე დაკვირვების უნიკალური შესაძლებლობაა.

ტროლტუნგას კლდეები, ნორვეგია

ტროლტუნგას კლდოვანი შვერილი, რომელიც ზღვის დონიდან 1100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და კლდოვან მთებს შორის მოქცეულ ტბას გადაჰყურებს, ნორვეგიის ერთ-ერთი მთავარი ბუნებრივი ძეგლია. შვერილზე ასვლას წინ უძღვის 22 კილომეტრიანი სალაშქრო მარშრუტი და იდეალურია როგორც – მოლაშქრეების, ისე ველური ბუნებისა და ლანდშაფტების ფოტოგრაფიით გატაცებულთათვის.

Four Seasons Safari Lodge, ტანზანია

ტანზანიაში, სერენგეტის ეროვნული პარკის გულში აფრიკის ველური ბუნების შთამბეჭდავ ხედებთან ერთად Four Seasons Safari Lodge-ს – უნიკალურ სასტუმროს გადაეყრებით, რომლის ტერასებიდან ადგილობრივ ცხოველთა სამყაროზე, მათ შორის სპილოებსა და მარტორქებზე დაკვირვებას შეძლებთ. სასტუმრო დამსვენებლებს ადგილობრივი მასაის ტომებთან ერთად საფარი ტურებსაც სთავაზობს.

Memories Aicha Luxury Camp, იორდანია

კემპინგი და გლამური – იორდანიის უდაბნოში მდებარე Memories Aicha Luxury Camp ამ ორ ცნებას აერთებს. ბანაკი სტუმრებს უდაბნოს ოქროსფერი ქვიშის გორებით, წითელი კლდეებით, ბედუინების ავთენტური კულტურითა და მთვარის ხეობის ვარსკვლავებით მოჭედილი ცის შთამბეჭდავი ხედებით ტკბობის საშუალებას აძლევს. უდაბნოს ცენტრში ეგზოტიკური დასვენებისა და რომანტიკულ გარემოში განტვირთვის გარდა, ბანაკი მრავალფეროვან აქტივობებსაც მოიცავს: უდაბნოს ლაშქრობებს, ბედუინების მუსიკისა და ცეკვის პერფორმანსები, კულინარიული მასტერკლასები და ა.შ.

Dolce Far Niente, აშშ

Dolce Far Niente ანუ „არაფრის კეთების სიტკბოება“ ტეხასში, ელ კოსმიკოს უდაბნო განტვირთვისთვის არტისტულ, მყუდრო და მინიმალისტური სტილის ადგილებს გთავაზობთ –  ვინტაჟური სატვირთოებიდან ინდიელების ტრადიციულ კარვებამდე („Tipi“). არასტანდარტულ რეზორტზე ვარსკვლავებით განათებულ ტეხასური ცის ქვეშ, კოცონის ირგვლივ უცნობ მოგზაურებთან შეხვედრის და საინტერესო აქტივობებში მონაწილეობას შეძლებთ.

მნიშვნელობა არ აქვს ტროპიკული სიმწვანის მონახულება გსურთ, აფრიკული საფარი ტური თუ უბრალოდ მაღალი დონის რეზორტზე განტვირთვა – აირჩიეთ სასურველი ადგილი და დაგეგმეთ დაუვიწყარი საშემოდგომო დასვენება SOLO-ს პარტნიორ ტურისტულ კომპანიასთან ერთად.

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები