“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ საქმიანობაში ამაში გასაკვირი არაფერია” - ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პრო-რექტორმა ვახტან ჭარაიამ განაცხადა. ექსპერტი მიიჩნევს, რომ წლების განმავლობაში სემეკის საოპერაციო ველი გაიზარდა, რის ფონზეც მათი ბიუჯეტიც შესაბამისად იმატებს.
“სემეკის საქმიანობა 2013 წელთან შედარებით დღეის მდგომარეობით გაცილებით გაზრდილია, ეს იქნება საოპერაციო ველი თუ მასზე დაკისრებული ვალდებულებები. შესაბამისად, მეტი თანხა რომ დაიხარჯება მათ საქმიანობაში ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა არა იმაზე მეტი, რაც კანონით იყო განსაზღვრული 2013 წელს ან დღეს. სემეკს აქვს სპეციფიური ფორმულა, რომლითაც მისი ბიუჯეტი ანგარიშდება, ვგულისხმობ რეგულირების განაკვეთს. აღსანიშნავია, რომ ეს პროცენტულობა გასული 10 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. აქედან გამომდინარე, თუ გაიზარდა საოპერაციო ველი, შემოსავლის მატებაც ბუნებრივად ხდება. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა სემეკს დაემატა მელიორაციის სექტორი, ასევე კვლევითი მიმართულება და ასე შემდეგ“. - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გასულ კვირას სემეკის ბიუჯეტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს „ევროოპტიმისტებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სემეკის ბიუჯეტის ფორმირების წესში ცვლილებები აუცილებელია. მათი თქმით, დღესდღეობით კომისიის ბიუჯეტის დაფინანსებისა და ხარჯების ამ დონის ზრდა განპირობებულია არა კომისიის წინაშე არსებული რეალური საჭიროებით, არამედ კანონში არსებული ბიუჯეტის ფორმირების არასწორი წესიდან გამომდინარე, რაც კომისიას აძლევს თავისუფლებას თავად დაადგინოს რეგულირების განაკვეთი, კანონით განსაზღვრული მაქსიმალურ ჭერის, 0.75%-ის ფარგლებში. აღინიშნულთან დაკავშირებთი ვახტანგ ჭარაია აცხადებს, რომ ზეპირსიტყვიერად რთულია იმის დადგენა, თუ რა მოცულობის თანხებია საჭირო სემეკის საქმიანობის სრულყოფილად განსახორციელებად. მისივე თქმით, საჭიროა დეტალური კვლევა.
„ფაქტია ის, რომ სემეკს სჭირდება საკმაოდ სოლიდური თანხები, რადგან ის ისეთი ტიპის ორგანიზაციაა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვან საკითხებს აგვარებს და ამასთან ერთად მაღალპროდუქტიულია. ამის მაგალითია ის, რომ გასული წლის ბოლოს სემეკმა ელექტროენერგიაზე ტარიფი 3 თეთრით შეამცირა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. სადაც შესაძლებელია სემეკი ზრუნავს, რომ ბიზნესის ინტერესები იყოს დაცული, სადაც შესაძლებელია ზრუნავს საზოგადოების ინტერესების დაცვისთვის, ამას კი სჭირდება დიდი რაოდენობით ანალიტიკის გაკეთება, რაც, თავის მხრივ, შესაბამის რესურსებს მოითხოვს. აქედან გამომდიანრე, სემეკის საქმიანობაში მე პირადად არალოგიკურს ვერაფერს ვერ ვხედავ. მთავარი არის ის, რომ ამ ორგანიზაციამ იზრუნოს თავის პირველად ვალდებულებაზე, რომელიც გულისხმობს ელექტროენერგიის, წყლისა და ბუნებრივი გაზის სექტორების გამართულ ფუნქციონირებას“. - აღნიშნავს ვახტანგ ჭარაია.
აქვე შეგახსენებთ, რომ „ევროოპტიმისტების“ განცხადებას სემეკმა უპასუხა. მარეგულირებლის განცხადებით, კომისია, როგორც ინსტიტუცია შეიქმნა „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, USAID-ის მხარდაჭერით, რეკომენდაციებითა და ჩართულობით. დაარსების დღიდან, კომისია ფინანსდება ლიცენზიატი კომპანიების მიერ გადახდილი რეგულირების საფასურიდან. ჯერ კიდევ 1997 წლიდან მარეგულირებელი კომისიის ბიუჯეტის წყაროს ასეთი სახით ფორმირება განპირობებული იყო მარეგულირებელი ინსტიტუტის საქმიანობის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფით და ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. სემეკი ასევე აღნიშნავს, რომ „ევროოპტიმისტების“ განცხადება თითქოს რეგულირების საფასური გაზრდილია არასწორია, რადგან 2012 წელთან შედარებით ღირებულება პირიქით, შემცირებულია.
„ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სემეკმა ბოლო პერიოდში გაზარდა რეგულირების საფასური და შესაბამისად, გაზარდა შემოსავალი, არ შეესაბამება სიმართლეს. პირიქით, რეგულირების საფასური 2012 წელსა და წინა პერიოდთან შედარებით, 2013 წლიდან საშუალოდ 30-35%-ით არის შემცირებული“. -აცხადებს სემეკი.
უახლესი
1 საათის წინ
რა სიახლეებს სთავაზობს „ფუსფუსი“ მომხმარებლებს