დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

04-07-2024 14:30:00

პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა. გარდამავლ მოდელში შენარჩუნებულია ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის პირველ ივლისამდე არსებული სტრუქტურა, იმ განსხვავებით, რომ ელექტროენერგიით საბითუმო ვაჭრობა, პირდაპირი ხელშეკრულებების და საბალანსო ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვის გარდა, შესაძლებელია დღით ადრე და დღიურ ბაზრებზეც, საათობივი პროდუქტებით. გარდამავალ მოდელში, ასევე, შენარჩუნებულია თვიური საანგარიშო პერიოდი.

ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად, გარდამავალი მოდელის ფუნქციონირება 2025 წლის 1-ელ ივლისამდე გაგრძელდება. 2025 წლის 1 ივლისიდან დაგეგმილია საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და საათობრივი დაბალანსების ამოქმედება.

ბაზრის გარდამავალ მოდელში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მონაწილეობა ნებაყოფლობითია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით. კერძოდ, ელექტროენერგიის იმპორტიორებს, ექსპორტიორებს და საბითუმო მიმწოდებლებს ამ ეტაპზე ბირჟაზე მონაწილება ეზღუდებათ. ბირჟაზე მონაწილეობა შეუძლიათ მსხვილ მომხმარებლებს, საცალო მიმწოდებლებს და გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს მხოლოდ ელექტროენერგიის შესყიდვის, ხოლო დერეგულირებულ ელექტროენერგიის მწარმოებლებს - ელექტროენერგიის გაყიდვის მიზნით. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით ამგვარი შეზღუდვის განსაზღვრა განპირობებული იყო გარკვეული რისკების მაქსიმალური დაზღვევის მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის ლიბერალიზაციის საწყის ეტაპზე შესაძლოა არსებობდეს გარკვეული რისკები და მოლოდინები, მათ შორის ის რისკებიც, რასაც ასახელებდნენ ბაზრის მონაწილეები სამიზნე მოდელთან მიმართებაში, ბაზრის ლიბერალიზაცია და თავისუფალი საბაზრო მექანიზმების დანერგვა ზრდის კონკურენციას, ლიკვიდურობას და გამჭვირვალობას, რაც გულისხმობს ქვეყნის ენერგორესურსების უფრო ეფექტიანად გამოყენებას, ხარჯების ამსახველ ფასწარმოქმნას და მეტ სოციალურ სარგებელს, რაც გრძელვადიან პერიოდში ელექტროენერგიაზე ფასების შემცირებას უწყობს ხელს.

ხსენებული რისკების გათვალისწინებით საქართველოს მთავრობამ მიიღო  გადაწყვეტილება, სამიზნე მოდელის დანერგვამდე აემოქმედებინა გარდამავალი მოდელი, რომელშიც ბაზრის მონაწილეებისთვის შეთავაზებული იქნებოდა ორგანიზებულ სეგმენტზე ვაჭრობა.

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ვებგვერდზე ქვეყნდება ინფორმაცია მონაწილეების, ასევე ჯამური საათობრივი მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ. ამ ეტაპისათვის ბირჟაზე რეგისტრირებულია 6 მონაწილე, ხოლო პოტენციურ მონაწილეთა დიდი ნაწილი აკვირდება მიმდინარე პროცესებს. სავაჭრო განაცხადებით შეთავაზებული ელექტროენერგიის რაოდენობა არ გამოიყურება უმნიშვნელოდ, ბაზრის გახსნის ამ ეტაპისთვის.

ბაზრის გარდამავალ მოდელზე დაკვირვება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. შესაბამისად, ხორციელდება ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა. იმ შემთხვევაში, თუ პროცესები მნიშვნელოვნად აცდება იმ მოლოდინებს, რაც გარდამავალი მოდელის ამოქმედებამდე არსებობდა, გამოყენებული იქნება დამატებითი მარეგულირებელი მექანიზმები ბირჟაზე ვაჭრობაში მონაწილეობაზე პოზიტიური გავლენის მოსახდენად.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები