საპენსიო შენატანები საპენსიო სქემაში მონაწილე პირთა დანაზოგია, მათი საკუთრებაა. დღეს მოქალაქეებს საინვესტიციო პორტფელის არჩევის საშუალება ეძლევათ. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, აირჩიონ სასურველი საინვესტიციო პორტფელი, აქტიურად დააკვირდნენ თავიანთი საპენსიო აქტივების ზრდის დინამიკას და მათ შენატანებზე დარიცხული სარგებლის მაჩვენებლებს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ განაცხადა.
ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საპენსიო დანაზოგებს მართავს კვალიფიციური და დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო და მას ზედამხედველობს და რეგულირებას უწევს ეროვნული ბანკი. მისივე თქმით, აქტივების მართვის სისტემა ეყრდნობა ორ მთავარ პრინციპს: 1) აქტივების მართვა უნდა განხორციელდეს დამოუკიდებელი და ამ საკითხში მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალების მიერ; 2) უნდა ხორციელდებოდეს აქტივების მართვის ეფექტიანი ზედამხედველობა .
შეგახსენებთ, რომ საპენსიო სქემის მონაწილეებს საინვესტიციო პორტფელის სასურველი მოდელის არჩევა საპენსიო სააგენტოს ვებგვერდიდან, საპენსიო სააგენტოს ოფისში ან იუსტიციის სახლში მისვლით მიმდინარე წლის 6 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტოს ამოიწურა 5-წლიანი ვადა, როცა კანონი საპენსიო სააგენტოს ავალდებულებდა, მოქალაქეთა საპენსიო დანაზოგები დაებანდებინა მხოლოდ ნაკლებად რისკიან პორტფელში. ახლა სავალდებულოა, მოქალაქემ თავად შეაფასოს რისკები თანხის დასაბანდებლად. 6 სექტემბრამდე დასაქმებულებმა უნდა აირჩიონ, სად დააბანდონ დაგროვებული საპენსიო თანხა - ნაკლებრისკიან, საშუალორისკიან თუ მაღალრისკიან პორტფელებში.
უახლესი