ძალიან მკაფიოდ გვსურს დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ საქართველოში არ იოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ კომენტარი გააკეთა დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოში ფრენების აკრძალვის გაუქმებას ეხება.
მინისტრის მოადგილის შეფასებით, საჰაერო მიმოსვლა კიდევ უფრო წაადგება რუსეთში მცხოვრები მოსახლეობის კავშირს სამშობლოსთან.
„რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს ზოგადად რუსეთის ფედერაციიდან - დღევანდელი დღის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციიდან პირდაპირი ფრენები ხორციელდება არაერთი ქვეყნის მიმართულებით, მათ შორის არის ისრაელი, გაერთიანებული არაბთა საამიროები, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი.
ძალიან მკაფიოდ გვსურს დავაფიქსიროთ პოზიცია, რომ საქართველოში არ იოპერირებს არცერთი ავიაკომპანია და არცერთი ხომალდი, რომელიც იქნება სანქცირებული.
რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ შესაძლებლობა, განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.
რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს 2023 წლის 15 მაისიდან აუქმებს და პირდაპირ ფრენებს აღადგენს. შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
უახლესი
2 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები