2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 112.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით მეტია.
როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, მიმდინარე წლის 11 თვის მაჩვენებლებით, ექსპორტი 8%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 6%-ით.
„ექსპორტის მაჩვენებელი ორ კომპონენტს აერთიანებს. პირველი ეს გახლავთ ადგილობრივი ექსპორტი. ანუ საქართველოში წარმოებული პროდუქცია და ამას ემატება რეექსპორტი, ანუ სხვა ქვეყნიდან შემოტანილი პროდუქციის გატანა საზღვარგარეთ. მაგალითად ამ მხრივ განსაკუთრებით გამორჩეულია მსუბუქი ავტომობილები, რომლებიც შემოდის აშშ-დან, ევროპიდან, იაპონიიდან და სხვა. 11 თვის მონაცემები უკვე ხელმისაწვდომია და დაახლოებით 8%-იანი ზრდა გაქვს ჩვენ ექსპორტის მიმართულებით, მათ შორის არის როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ისე რეექსპორტი.
რაც შეეხება იმპორტის მაჩვენებელს დაახლოებით 15 მლრდ დოლარს გადააჭარბა და ამ შემთხვევაში ჩვენ გაქვს 6%-იანი ზრდის მაჩვენებელი“, - აღნიშნა თოდრაძემ.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ ექსპორტი 6 010.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 101.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 6.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, 9 090.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.1 პროცენტია.
უახლესი