2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერის ფარგლებში საველე სამუშაოების დასრულების ვადამ წლის ბოლომდე გადაიწია. მონაცემების შეგროვება ორივე მეთოდით - როგორც კარდაკარ, ისე თვითრეგისტრაციის მეთოდით, 31 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. როგორც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა, პირველად ქვეყნის აღწერების ისტორიაში მონაცემების შეგროვება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხდება.
„როგორც მოგეხსენებათ ჩვენს ქვეყანაში უკვე 14 ნოემბრიდან დავიწყეთ მოსახლეობის და სასოფლო სამეურნეო აღწერა, რომელიც მიმდინარეობს დღესაც და გაგრძელდება წლის ბოლომდე. უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში მონაცემებს ვაგროვებთ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. დღესაც კი ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს აღწერაში დამოუკიდებლად, თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით. ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ შევიდეს ჩვენს ვებ-გვერდზე გაიაროს მარტივი რეგისტრაცია. ეს პროცესი გაგრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე.
2025 წლის ივნისში უკვე გვექნება აღწერის წინასწარი შედეგები და ამის შემდეგ ერთი წლის განმავლობაში გვექნება შესაძლებლობა უკვე დეტალური მონაცემების გასაჯაროების მიმართულებით“, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
აღსანიშნავია, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) რეკომენდაციებით, აუცილებელია რომ საქართველოში აღწერა 2024 წლის ბოლომდე ჩატარდეს. ამასვე ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 2024 წლის სამოქმედო გეგმაც.
აღწერა უდიდესი მასშტაბის სტატისტიკური გამოკვლევაა, რომელსაც საქსტატის 12 ათასზე მეტი მუდმივი თუ დროებითი თანამშრომელი ატარებს. მათ შორის არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც წინა აღწერებშიც მონაწილეობდნენ. აღმწერებს შორის არიან ასევე სტუდენტები, გამორჩეული უნარების მქონე მოტივირებული ახალგაზრდები, რომლებიც პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებიან. საქსტატი 5 თვეზე მეტია უწყვეტ რეჟიმში მუშაობს მათი შერჩევის და გადამზადების მიმართულებით.
ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, აღწერის ფარგლებში შეგროვებული მონაცემები მკაცრად კონფიდენციალურია, არ გასაჯაროვდება ინდივიდუალური სახით და გამოიყენება მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის.
აღწერაში თითოეული მოქალაქის ჩართულობა მნიშვნელოვანია.
აღწერის წინასწარი შედეგები 2025 წლის ივნისში იქნება ხელმისაწვდომი.
უახლესი