მოსახლეობის ფულად შემოსავლებში გზავნილები, კვლავ ერთ-ერთ ძირითად როლს ასრულებენ.
როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე Business Insider Georgia- თან განმარტავს, საქართველო იმ იშვიათი ქვეყნების რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც უცხოეთში გაცილებით მეტი დაქირავებით დასაქმებული ჰყავს, ვიდრე ქვეყნის შიგნით.
„გზავნილები გაზრდილია, მაგრამ მარტო ამის დამსახურება არ არის შემოსავლების ზრდა, ვინაიდან საშუალო ხელფასი და დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობაც გაზრდილია ეკონომიკაში. ეს ერთი მიმართულებით მიმდინარე სხვადასხვა პროცესებია. თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ფულადმა გზავნილებმა შემოსავლების ზრდაში ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.
ამასთან, თუკი ბოლო დრომდე გზავნილების დიდი ნაწილი რუსეთის ფედერაციიდან ფიქსირდებოდა, აპრილის მონაცემით, დანარჩენი მსოფლიოდან და რუსეთიდან თითქმის გათანაბრდა. საქართველო ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანაა, რომელსაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაცილებით მეტი დაქირავებით დასაქმებული ჰყავს, ვიდრე ქვეყნის შიგნით", - აცხადებს არჩვაძე.
სტატისტიკოსი ვარაუდობს, რომ გზავნილების ზრდის ტენდენცია გრძელვადიან პერიოდშიც შენარჩუნდება.
„ქართველი ემიგრანტების დიდმა ნაწილმა მოახერხა ადაპტაცია ადგილობრივ პირობებთან და შესაბამისად შემოსავლების დინამიკური წყარო გაუჩნდა, რომლის ნაწილსაც ისინი საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უნაწილებენ.
ამიტომ ეს პროცესი მიდის საკმაოდ ინტენსიურად და კლების ვარიანტი ჯერჯერობით არ არის. თუმცა შემიძლია თურქეთის მაგალითი მოვიყვანო, სადაც ძალიან მაღალი იყო თურქი ემიგრანტების მიერ ევროპაში გამომუშავებული თანხის რეპატრიაცია სამშობლოში, მაგრამ ბოლო პერიოდში თურქეთის ეკონომიკა მეტ-ნაკლებად განვითარდა, ხოლო ემიგრანტების კავშირი სამშობლოსთან ან შეწყდა ან მინიმალურ დონეზე დავიდა.
ამიტომ დღესდღეობით საქართველოში მეტი მეტი ფულადი ტრანზაქცია შემოდის უცხოეთიდან, ვიდრე ვთქვათ, თურქეთში, რომელიც ეკონომიკურად გაცილებით მძლავრი სახელმწიფოა", - აცხადებს სოსო არჩვაძე Business Insider Georgia- თან.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს საქართველოს მოსახლეობის საშუალო თვიური შემოსავლების (ფულადი და არაფულადი სახსრების) მოცულობამ 1 596.1 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17.3 პროცენტით მეტია.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2022 წელს, გასულ წელთან შედარებით, 0.9 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 86.9 პროცენტი შეადგინა.
უახლესი
3 საათის წინ
Nano Filter-ი ბრენდული მაღაზიის გახსნას გეგმავს4 საათის წინ
განვიხილავთ Amazon-ზე გაყიდვებსაც - „ჩიკორი“