დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველოდან ოქროს ექსპორტის ღირებულება გაძვირდა

საქართველოდან ოქროს ექსპორტის ღირებულება გაძვირდა

11-01-2024 10:00:00

2023 წლის 11 თვეში საქართველოში ოქროს ექსპორტის ღირებულება წლიურად 6.6%-ით გაიზარდა რაც ფასების მატებითაა გამოწვეული, რადგან ექსპორტის მოცულობა უცვლელია და 2.46 ტონას შეადგენს, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვაშია ნათქვამი.

საქსტატის მონაცემებით 2023 წლის 11 თვეში, საქართველოდან ექსპორტზე 80 მლნ აშშ დლარის ღირებულების ოქრო გავიდა. 2022 წელს 11 თვეში კი 75 მლნ აშშ დლარის. 

რაც შეეხება ვითარებას გლობალურ ბაზარზე, Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში ოქროს ფასი თვიურად 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურად 13.1%-ით, რაც პირველი წლიური მატებაა ბოლო სამი წლის განმავლობაში.

ანალიტიკოსების მიხედვით, მიუხედავად პოზიტიური წლისა, ოქროს 2024 წელს კიდევ უფრო მეტი ზრდის პოტენციალი დარჩა, რაც ძირითადად განვითარებულ ეკონომიკებში ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების კლებით იქნება გამოწვეული. 

მთავარი როლი ამ შემთხვევაში ჯერომ პაუელმა უნდა ითამაშოს - აშშ-ში შემცირებული ინფლაციის ფონზე ერთი წლის პერიოდში საპროცენტო განაკვეთის 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირებაა მოსალოდნელი.

დამატებით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საცალო მომხმარებლის - ინდოეთის მოთხოვნა ოქროზე ჯანსაღად გამოიყურება. გარდა ამისა, აღსანიშნავია ცენტრალური ბანკების გაზრდილი მოთხოვნა (რისი მიზანიც რეზერვების დივერსიფიკაციაა) და შემცირებული მოპოვება, რაც, სავარაუდოდ, 2024 წელს ოქროს ფასზე პოზიტიურად აისახება. 

აღსანიშნავია, რომ დეკემბრის 20 სავაჭრო სესიიდან ოქროს ფასმა 18-ჯერ $2,000-ს გადააჭარბა

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები