საქართველოში მოცვის ბაღები ჰექტარზე 14.5 ტონა მოსავალს იძლევა, რაც ქვეყანას გლობალურად მე-7 ადგილზე აყენებს, - აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
Galt & Taggart-ში აცხადებენ, რომ არსებული ბაღების სრულ მსხმოიარობაში შესვლის გათვალისწინებით, მათი პროგნოზით, 2027 წლისთვის ლურჯი მოცვის წარმოება 25 მლნ კგ-მდე გაიზრდება (2023 წლის 4 მლნ კგ-დან).
საქართველომ ლურჯი მოცვის წარმოება 2019 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს და დონორების მხრიდან ამ დარგის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერის დამსახურებით. საქართველოში ლურჯი მოცვით გაშენებული ბაღების ჯამურმა ფართობმა 2,000 ჰა-ს გადააჭარბა 2022 წლის ბოლოსთვის. შედეგად, მოსავალი 8.5-ჯერ გაიზარდა 2019-23 წლებში 0.5 მლნ კგ-დან 4.0 მლნ კგ-მდე.
„მოცვის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები წლიურად გაორმაგდა და 18.5 მლნ აშშ დოლარს მიაღწია 2023 წელს. რაოდენობრივად მოცვის ექსპორტმა 3.0 მლნ კგ შეადგინა 2023 წელს, ხოლო ექსპორტის საშუალო ფასმა კგ-ზე 6.1 აშშ დოლარი. საქართველოსთვის რუსეთი მთავარი საექსპორტო ბაზარია 90%-ზე მეტი წილით, თუმცა აქტიურად ხდება ალტერნატიული ბაზრების ათვისებაც. მაგალითად, 2023 წლის ივნისში განხორციელდა ექსპორტი გერმანიის, ნიდერლანდებისა და პოლონეთის მიმართულებით. ჩვენი აზრით, ეს ბაზრები მიმზიდველია ივნის-ივლისში (რაც საქართველოს საექსპრტო თვეებია) არსებული მოთხოვნისა და ფასის გათვალისწინებით“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.
Galt & Taggart-ში მიაჩნიათ, რომ სწრაფი ზრდის მიუხედავად, საქართველოს მოცვის სექტორი ახალგაზრდა დარგია და შესაბამისად, გამოწვევების წინაშეა. ამასთან, წარმოების მოსალოდნელი ზრდა მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში მოითხოვს ფოკუსირებას საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაზე.
„ამ საკითხების გადასაჭრელად, ინდუსტრიამ პრიორიტეტი უნდა მიანიჭოს ხარისხის კონტროლს, შენახვის ვადის გახანგრძლივებას და საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაციას, სამაცივრე მეურნეობებსა და სხვა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებთან ერთად. გარდა ამისა, მოცვის გადამამუშავებელი წარმოების დაწყება კიდევ უფრო გაზრდის ინდუსტრიის პოტენციალს“, - აღნიშნულია Galt & Taggart-ის ანგარიშში.
უახლესი