დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას მასპინძლობს -  მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველო ევროპის ახალგაზრდულ ზამთრის ოლიმპიადას მასპინძლობს - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

08-02-2025 10:43:00

9 თებერვლიდან 16 თებერვლის ჩათვლით საქართველოში პირველად ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალი (EYOF 2025) გაიმართება. ყველაზე მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალს ბაკურიანი, თბილისი და ბათუმი უმასპინძლებს. 2015 წელს ევროპის ახალგაზრდულ ზაფხულის ოლიმპიურ ფესტივალს ვუმასპინძლეთ და 10 წლის შემდეგ კიდევ ერთხელ გვაქვს პატივი, საქართველოში მნიშვნელოვან ახალგაზრდულ სპორტულ ღონისძიებას დავხვდეთ.

EYOF-ს უკვე 33-წლიანი ტრადიცია დაუგროვდა და წლიდან წლამდე იზრდება ტურნირის როგორც მასშტაბი, ისე მნიშვნელობა. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი პირველად 1991 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში გაიმართა - ფესტივალი ზაფხულის სპორტებით დაიწყო და 2 წლის შემდეგ ზამთრის სპორტებიც გააერთიანა.

საქართველოს 46 ქვეყნიდან 900-ზე მეტი ახალგაზრდა სპორტსმენი და 700 ოფიციალური წარმომადგენელი ესტუმრება. ფესტივალი 8 სხვადასხვა სპორტულ სახეობას აერთიანებს:

  • ბაკურიანში 5 სპორტულ დისციპლინაში გამოვლინდებიან საუკეთესონი - სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თხილამურებით რბოლა, ფრისტაილი და სნოუბორდი;
  • თბილისში ყინულის ჰოკეის შეჯიბრება გაიმართება, რაც ჩვენი დედაქალაქის ისტორიაში პირველად მოხდება - ახალი ყინულის დარბაზში როგორც გოგოების, ისე ბიჭების ტურნირები ჩატარდება;
  • ბათუმის ახალი ყინულის არენა კი ფიგურულ სრიალსა და ციგურებით რბოლას უმასპინძლებს.

საქართველოს 3 სხვადასხვა სახეობაში 8 ქართველი სპორტსმენი წარმოადგენს: სამთო სათხილამურო სპორტი - 6; ბიათლონი - 1; ფიგურული სრიალი - 1.

საქართველოს ბანკი ახალგაზრდული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი და  ამავდროულად, ევროპის ახალგაზრდული ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალის ოქროს სპონსორია.

EYOF-ს მთავარი მიზანი ოლიმპიური პრინციპების, სამართლიანი თამაშისა და ტოლერანტულობის სრული დაცვით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციაა. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველო ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს და ამით ევროპაში მერვე ქვეყანა გახდება, რომელსაც ჩატარებული ექნება როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი.

ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ფესტივალის დაწყებას, დავესწროთ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულ სპორტულ ღონისძიებებს და ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს! ყველა სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

უახლესი

1 საათის წინ

7 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები